საბერძნეთის პრემიერი: ჩვენ სტაბილურად ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს

“მოხარული ვარ, რომ საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საბერძნეთი გმასპინძლობთ. გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას! დარწმუნებული ვარ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციით მიღებულ შესაძლებლობებს,”-ამ სიტყვებით შეეგება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ქართველ კოლეგას.პირისპირ გამართულ შეხვედრაზე ალექსის ციპრასმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. 

“კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საბერძნეთში! საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც ეწვია შენგენის სივრცეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ და მან სიმბოლურად აირჩია, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო საბერძნეთი, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე იმოგზაურონ საბერძნეთში, რომელიც არის შენგენის წევრი ქვეყანა. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და რა თქმა უნდა, ეს არის დიდი მიღწევა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ბატონ პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. ჩვენ სტაბილურად ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ვითამაშებთ მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით,”-განაცხადა ალექსის ციპრასმა.