fbpx
მსოფლიო

რეფერენდუმის შედეგები ცნობილია: თურქეთი საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავა

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე გუშინ ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა ხმები უკვე დათვლილია. ამომრჩეველთა 51,34%-მა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას.

ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა. ცვლილებები მმართველმა – “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” მოამზადა.

ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

”იმედი მაქვს, რეფერენდუმის შედეგები სარგებელს მოუტანს თურქეთს.”

ყველა მოქალაქეს მადლობას ვუხდი, განურჩევლად იმისა, თუ რას მისცა ხმა, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა.

“დაე, რეფერენდუმის შედეგებმა კეთილდღეობა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. კენჭისყრამ აჩვენა, რომ ჩვენი ხალხი იცავს თავის ქვეყანას, თავის მომავალს. დღეს ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ხალხის არჩევანის მეშვეობით ჩვენ განვახორციელებთ რეფორმას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგეებს ხალხის არჩევანის პატივისცემისკენ მოუწოდა.

“პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენ ვცვლით მმართველობის სისტემას. მინდა ვუთხრა ყველას, განურჩევლად იმისა თუ რას მისცა ხმა, – ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა. ყველა კამათი და დაპირისპირება უკან ჩამოვიტოვეთ. ყველას მოვუწოდებ ხალხის არჩევანის პატივისცემისკენ”, – დასძინა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ დააყენებს დღის წესრიგში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს.

საკონსტიტუციო რეფორმას მხარი არ დაუჭირეს თურქეთის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც არის სტამბული, ანკარა, იზმირი, ადანა, ანტალია.
საზღვარგარეთ კი თურქეთის მმართველმა პარტიამ შემდეგნაირი მხარდაჭერა მიიღო: გერმანია – 63%, საფრანგეთი – 65%, აშშ – 14%, დიდი ბრიტანეთი – 18%, ჰოლანდია – 68%, იტალია – 39%.

 

onalem

ტესტ