fbpx
ემიგრაციული სიახლეები

რა შემთხვევაში შეიძლება გამოგაბრუნონ ევროკავშირის საზღვრიდან

ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნების საზღვრიდან ქართველების ჯგუფურად გამობრუნების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიზეზად შენგენის წევრი სახელმწიფოების მესაზღვრეები მოუწესრიგებელ დოკუმენტებს ასახელებენ.

მოგზაურთა სხვადასხვა ჯგუფებში თავად გამობრუნებული მგზავრებიც წერენ, რომ პრობლემა ძირითადად გაუქმებულმა ჯავშანმა, დასაბრუნებელი ბილეთის არქონამ ან სახარჯო ფულის ნაკლებობამ გამოიწვია.

რა დოკუმენტები გვჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირის საზღვრიდან არ გამოგვაბრუნონ

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდეც და მას შემდეგაც, აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობდა უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის სავალდებულო საბუთების შესახებ. ესენია – ბიომეტრიული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ან ბინის ჯავშანი, ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი – ნაღდი ფული, საბანკო ბარათი, დაფინანსების ცნობა, თუ სტუმრად მიდიხართ – მასპინძლის საგარანტიო წერილი, ასევე, სამოგზაურო დაზღვევა. საქმიან შეხვედრებში მონაწილეობის შემთხვევაში – მოწვევა.

უკან დასაბრუნებელი ბილეთი

სამოგზაურო ჯგუფებში ხშირად კითხულობენ, საზღვარზე უკვე ნაყიდი ბილეთი სჭირდებათ თუ ჯავშანიც საკმარისია. არა, ჯავშანი საკმარისი არ არის. თუ უვიზოდ მოგზაურობის ფარგლებში მესაზღვრემ უკან დასაბრუნებელი ბილეთი მოგთხოვათ და არ გქონდათ, ეს შესაძლოა, ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი იყოს.

მოგზაურობის მსურველებს კითხვები აქვთ იმის შესახებაც, მაგალითად, როდესაც უკან დასაბრუნებელი ბილეთის რეგისტრაცია (Check in) ჯერ არ არის გახსნილი, რა აჩვენონ მესაზღვრეს. შეგიძლიათ ამობეჭდოთ ელექტრონულ ფოსტაზე მოსული ინფორმაცია ბილეთის დეტალების შესახებ. მოქმედია თუ არა ბილეთი, ამის გაგებას სურვილის შემთხვევაში მესაზღვრე გვარით და ჯავშნის კოდით შეძლებს.

სასტუმროს ჯავშანი

ერთერთი მიზეზი, რის გამოც ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს საზღვრიდან აბრუნებენ, სასტუმროს გაუქმებული ჯავშანია. გახშირდა შემთხვევები, როდესაც მესაზღვრეები რეკავენ სასტუმროში, რა დროსაც თუ აღმოჩნდა, რომ სასტუმრო გაუქმებულია და ჯავშანი მოქმედი არ არის, მგზავრს ქვეყანაში შესვლაზე უარს ეუბნებიან. ჯავშნის გაუქმებას ძირითადად ორი მიზეზი აქვს. 1. თავად მგზავრი აუქმებს წასვლამდე ჯავშანს იმედით, რომ მესაზღვრე მხოლოდ ამობეჭდილი დოკუმენტით დაკმაყოფილდება. მისი მიზანი მხოლოდ მესაზღვრისთვის სავალდებულო საბუთის ჩვენებაა და სასტუმროში მისვლას არ აპირებს რამდენიმე მიზეზის გამო – უფრო იაფფასიან საცხოვრებელში უნდა დარჩენა, რომლის ჯავშანიც არ აქვს, არალეგალურად მყოფ ახლობელთან რჩება ან სხვა გეგმა აქვს. 2. სასტუმრო დაჯავშნილია უფასო გაუქმებით, ხოლო სისტემაში ბარათი არ არის მიბმული ან მასზე თანხა არ არის. წინა დღეს, დილას ან შუადღის შემდეგ, სასტუმრო ცდილობს თანხის ნაწილის ჩამოჭრას ან შემოწმებას, ბარათი არის თუ არა მოქმედი. იმის გამო, რომ ქუთაისიდან ზოგიერთი რეისი საღამოს სრულდება და Check in-ის დაწყების შემდეგ, ვიზიტორი არ ჩანს, სასტუმრო ჯავშანს აუქმებს.

ამ მიზეზით რომ არ გაგიუქმოთ სასტუმრომ ჯავშანი, ჯობს, ან პირდაპირ იყიდოთ წასვლამდე ანუ წინასწარ გადაიხადოთ სრული თანხა. ხოლო თუ ადგილზე გადახდა გირჩევნიათ, მოქმედი ბარათი მიაბით ჯავშანს – თუ სასტუმრო ცდის თანხის ჩამოჭრას, მასზე ფული უნდა დახვდეს.

ახლობელთან სტუმრობა

თუ შენგენის ქვეყნებში ყოფნის დროს, თქვენს მეგობართან ან ახლობელთან დარჩენას აპირებთ, ამ შემთხვევაში, სასტუმროს ან ბინის ჯავშანი არ დაგჭირდებათ. მესაზღვრეს უნდა აჩვენოთ ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი პირის პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი.

თუმცა, ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გქონდეთ სახარჯო ფული – დღეზე 50 ევრო. ხშირად ეს ეშლებათ და რაკი ნათესავთან მიდიან, მესაზღვრეს ეუბნებიან, რომ მისი მასპინძელი აანაზღაურებს პირად ხარჯებს. ისინი სავიზო კონტროლის ოფიცერს მხოლოდ დამხვედრი პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, მისამართს და ტელეფონის ნომერს აძლევენ, რაც საკმარისი არ არის და რამდენიმე შემთხვევა გასაჯაროვდა, როცა ამის გამო, მგზავრი საზღვრიდან გამოაბრუნეს.

თუ თქვენ საკმარისი ფული არ გაქვთ და თქვენს ხარჯებს ევროკავშირში მცხოვრები ახლობელი ანაზღაურებს, მან უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა, რაზეც ყველა ქვეყანას განსხვავებული მოთხოვნა აქვს. ზოგს მხოლოდ ხელმოწერილი საგარანტიო წერილი ყოფნის, ზოგს – განაცხადი მერიიდან, ასე რომ, ეს კონკრეტული ქვეყნის საელჩოში უნდა გაარკვიოთ.

თანხა

“აუცილებელია, რომ დღეზე 50 ევრო მქონდეს? იქნებ, მე 20 ევრო მყოფნის” – მსგავსი ტიპის კითხვებს ხშირად სვამენ სამოგზაურო ჯგუფებში. კი, აუცილებელია და ამ 50 ევროს საცხოვრებლის გარეშე ანგარიშობენ. ანუ თუ გადაუხდელი ჯავშანი გაქვთ, შესაძლოა, იმის ფული ცალკე მოგთხოვონ. უკვე ხშირია შემთხვევა, როცა მესაზღვრე ნაღდი ფულის დათვლას ითხოვს. თუ თანხა ან მისი ნაწილი ბარათზე გაქვთ, შეგიძლიათ, ინტერნეტბანკით აჩვენოთ, ან თუ აუცილებელი გახდა, ბანკომატიდან ქვითარი ამობეჭდოთ.

სამოგზაურო დაზღვევა

ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, სამოგზაურო დაზღვევა უნდა გქონდეთ იმდენ დღეზე, რამდენი დღითაც აპირებთ შენგენის ქვეყნებში გაჩერებას. მართალია, ამ დოკუმენტს იშვიათად ამოწმებენ, მაგრამ თუ მოითხოვეს, შესაძლოა, თქვენი ქვეყანაში არშეშვების მიზეზი გახდეს. მისი გაკეთება ონლაინაც შეგიძლიათ და 1 დღე 50 თეთრიდან იწყება.

სხვა მიზეზები

საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე უარს ეტყვიან, თუ:

  • საფრთხეს უქმნის ევროკავშირის/შენგენის რომელიმე წევრი ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას;
  • ნასამართლევია ევროკავშირის/შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით;
  • არსებობს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები;
  • აკრძალული აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან არსებობს გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ (შენგენის ერთიანი სისტემა).

 

რა შეიძლება გკითხოთ მესაზღვრემ

ევროკავშირის საზღვარზე პირველ რიგში მესაზღვრეს მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტი უნდა აჩვენოთ. დამატებითი დოკუმენტები მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინეთ.

მესაზღვრემ შესაძლოა გკითხოთ მგზავრობის მიზანი, რისი დასაბუთებაც უნდა შეძლოთ. შესაძლოა, ისიც კი გკითხოთ, რის ნახვას აპირებთ კონკრეტულ ქალაქში.

თუ რამდენიმე ქვეყანაში გეგმავთ მოგზაურობას ანუ ევროტურს, შიდა გადაადგილების ბილეთები სავალდებულო არ არის, თუმცა, სასურველია. მინიმუმ, კითხვებზე დასაბუთებული პასუხის გაცემა უნდა შეძლოთ – სად მიდიხართ, რამდენი ხნით, რა ტრანსპორტით და, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, მზად უნდა გქონდეთ ყველა ქალაქში სასტუმროს მოქმედი ჯავშანი.

რას ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლა და რა სანქციებია მისი დარღვევის შემთხვევაში

ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ გულისხმობს მუშაობის უფლებას და არც ხანგრძლივად დარჩენას ითვალისწინებს. ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, შენგენის ქვეყნებში მოგზაურობა, მეგობრები და ახლობლების მონახულება შეგიძლიათ ყოველ 180 დღეში 90 დღის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ შენგენის ზონაში ყოფნის 90-დღიან რეჟიმს დაარღვევთ, თქვენ ავტომატურად ჩაითვლებით არალეგალად, გემუქრებათ 5-წლიანი დეპორტი და შესაძლოა, 3 000 ევროთიც დაჯარიმდეთ.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებას აპირებს და თუ ახლა არალეგალებს თავიანთი ხარჯებით არ უწევთ რეადმიისიის ფარგლებში ქვეყანაში დაბრუნება, ცვლილებების განხორციელების შემდეგ, თავად მოუწევთ საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთის შეძენა.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 4 დეკემბრის მონაცემებით, უვიზო მიმოსვლით 174 102-მა მოქალაქემ ისარგებლა.

onalem

ტესტ