fbpx
ემიგრაციული სიახლეები

რა მოხდება, ემიგრანტები რომ საქართველოში დაბრუნდნენ?!

ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკურ მრჩეველი, ეკონომიკის ექსპერტი თემურ ბასილია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე პატრიარქის განცხადებას ეხმაურება, სადაც პატრიარქმა ემიგრანტებს მოუწოდა, რომ იყვნენ იქ სადაც არიან, მაგრამ ამავდროულად იყვნენ სამშობლოშიც.

გთავაზობთ თემურ ბასილიას პოსტს უცვლელად:

,,დღეს რამდენიმეჯერ წავიკითხე რომ ზოგიერთ პირს უკმაყოფილება გამოუთქვამს საქართველოს პატრიარქის რჩევაზე ემიგრანტების მიმართ, რომ დარჩნენ იმ ქვეყნებში სადაც არიან და შეინარჩუნონ კავშირი თავის სამშობლოსთან.

წარმოუდგენიათ პატრიარქის „კრიტიკოსებს“ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა, მილიონნახევარი ქართველი ემიგრანტი მართლაც რომ დაბრუნდეს სამშობლოში? ოფიციალური მონაცემებით ამჟამად საქართველოში 11.8 %-ია უმუშევრობის დონე (ანუ, დაახლოებით 400 ათასამდე პირია დაუსაქმებელი); რეალურად, ალბათ გაცილებით მეტია, რადგან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და აღრიცხვის წესის მიმართ არაერთი კითხვა არსებებს. ანუ, ოფიციალური მონაცემებიც კი ადასტურებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვისაც კი არ არის საკმარისი სამუშაო ადგილი, და რომ საქართველოს ყოველი მეათე მოქალაქე უმუშევარია. წარმოიდგინეთ რა მოხდება, როდესაც დღეს საქართველოში მცხოვრებ 400 ათას უმუშევარს, ემიგრაციიდან დაბრუნებული მილიონნახევარი ადამიანი რომ დაემატება …

რაც შეეხება ხელფასს, ოფიციალური მონაცემებით საქართველოში დასაქმებული პირების საშუალო ხელფასი 900 ლარია, რაც 380 დოლარს შეადგენს ამჟამინდელი გაცვლითი კურსით. შეადარეთ ეს იმ ხელფასს, რასაც უცხოეთში წასული ადამიანი იღებს …

როგორც ჩანს, ბევრმა არ იცის, რომ 2012 წლიდან მიმდინარე წლის მაისამდე ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს მასშტაბისთვის უზარმაზარი თანხა – 6.9 მილიარდი (!) აშშ დოლარი გადმორიცხეს საქართველოში.

თვალსაჩინოებისთვის შეიძლება ვნახოთ, რომ იმავე პერიოდში საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები მცირედით ნაკლებია ქართველი ემიგრანტები მიერ გადმორიცხულ თანხებზე და იგი 6.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. გასათვალისწინინებელია, რომ ეს „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“ ძირითადად, ბანკების მიერ მოზიდული სახსრებია, რომლებიც არა რეალური ეკონომიკის განვითარებას ხმარდება, არამედ მევახშეობაში მიდის, რაც შემდეგში საკმაოდ მაღალი პროცენტით არის უკან დასაბრუნებელი.

ცნობისთვის, 2012 წელს ქართველი ემიგრანტების ფინანსურმა გზავნილებმა 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2013 წელს – 1.5 მილიარდი აშშ დოლარი, 2014 წელს – 1.4 მილიარდი აშშ დოლარი, 2015 წელს – 1.1 მილიარდი აშშ დოლარი, 2016 წელს – 1.2 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 4 თვეში – 400 მილიონ აშშ დოლარამდე. (მონაცემები აღებულია ეროვნული ბანკის ვებ გვერდიდან).

რა თქმა უნდა, ქართველი ემიგრანტები თავიანთი შემოსავლების ნაწილს უგზავნიან თავიანთ ოჯახებსა და ახლობლებს, რომელთათვის ეს საკმაოდ დიდი შემოსავალია; ბევრი ოჯახი საქართველოში სწორედ ასეთი გზავნილების ხარჯზე ცხოვრობს. ამავე დროს, როგორც უკვე ვნახეთ, ემიგრანტების ფინანსური გზავნილები ქვეყანაში ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. რომ არა ქართველი ემიგრანტების ფინანსური გზავნილები, საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო მწვავე პრობლემების წინაშე იქნებოდა – მკვეთრად შემცირდებოდა ქვეყნის სავალუტო რეზერვები, საფრთხის ქვეშ დადგებოდა ისედაც მყიფე მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყანა დადგებოდა ჰიპერინფლაციის საფრთხის წინაშე და ლარის გაუფასურებაც საგანგაშო ზღვარს მიუახლოვდებოდა.

რაც შეეხება ემიგრანტების კავშირს თავის სამშობლოსთან, მათი დიდი ნაწილი არა თუ ინარჩუნებს საქართველოსთან ურთიერთობას, არამედ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დაეხმაროს თავის ქვეყანას. სწორედ, ქართველი ემიგრანტების ინიციატივით და მხარდაჭერით არის გახსნილი არაერთი ქართული ეკლესია ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში; ასევე, გახსნილია საკვირაო სკოლები სადაც ქართველი ემიგრანტების შვილები სწავლობენ ქართულ ენას და საქართველოს ისტორიას. სასურველი იქნებოდა, რომ ასეთ საკვირაო სკოლებს უფრო მეტად დაეხმაროს ქართული სახელმწიფო, რათა მეორე თაობის ქართველმა ემიგრანტებმა უფრო მეტი იცოდნენ თავიანთი სამშობლოს შესახებ”, – წერს ბასილია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

onalem

ტესტ