რა გავაკეთოთ, როდესაც ადამიანები ვერ ხედავენ ჩვენს სიკეთეს

სტატიის სათაურის წაკითხვის შემდეგ, ალბათ ბევრ თქვენგანს გაახსენდა რამდენჯერ ჰქონია მსგავსი შემთხვევა. დღევანდელ რეალობაში ბევრი ადამიანი გვხდება, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩვენი კარგი ქმედების დანახვა.

მაგრამ რატომ ვაკეთებთ სიკეთეს? იმიტომ არა რომ სხვებმა დაინახონ, რადგან თუ სიკეთის კეთების მიზანი შემდგომ სამაგიეროს მიღებაა, ეს არასწორია. ყველა რელიგია ასწავლის თავის მიმდევრებს, რომ აკეთონ კეთილი საქმე ყოველგვარი ანგარების გარეშე და ამასთან ეს არის ისეთი წესი, რომელსაც ყველა ჩვენთაგანს ასწავლიდნენ ბავშვობიდან, თუმცა სამწუხაროდ, მოზრდილ ასაკში ბევრ ადამიანს ავიწყდება ამის შესახებ.რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ სიკეთის გაკეთება კარგია, მაგრამ რა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც სხვა ადამიანები ვერ ხედავენ მას, ან ხედავენ და მალევე ივიწყებენ? დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ჰქონია ასეთი შემთხვევა. ჩნდება კითხვა – რა გავაკეთოთ ასეთ სიტუაციაში?
როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება ასეთ ადამიანებთან?ჩვენი მკითხველები სავარაუდოდ გაიყოფიან ორ კატეგორიად: ადამიანებად, რომლებიც ფიქრობენ, რომ საერთოდ უნდა ჩამოშორდნენ დაუნახავ ნაცნობებს, შეწყვიტონ ურთიერთობა და დაივიწყონ ისინი, რადგან დაუნახავი ადამიანები ამას იმსახურებენ. რა თქმა უნდა, ასეთ მიდგომას თავისი ლოგიკა აქვს და ყველა ადამიანის ინდივიდუალური გადასაწყვეტია. მეორე კატეგორია კი იტყვის, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და არ დაიწყებენ დაუნახავი ადამიანების განსჯას, მეტიც ასეთ კატეგორიაში არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც გააგრძელებენ სიკეთის კეთებას. იცით ასეთ დროს რა მოხდება? დაუნახავი ადამიანები გააგრძელებენ დაუნახავად ცხოვრებას და არაფერი შეიცვლება.ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ თქვენი ინიციატივით აღარ გაუკეთოთ სიკეთე იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ ხედავენ თქვენს კეთილგანწყობას, რადგან ისინი ამას არ იმსახურებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა დარჩეთ ღირსეულ ადამიანად და დახმარების თხოვნის შემთხვევაში, კეთილი საქმე მაინც გაუკეთოთ. ასეთ შემთხვევაში ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რითაც აჩვენებთ ასეთ ადამიანებს, რომ არასწორად მოიქცნენ და ამას თქვენ აკეთებთ არა სამაგიეროს გადახდით, არამედ სიკეთის დაბრუნებით.

თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ეს ყველაფერი არ უნდა განხორციელდეს ჩვენი ინიციატივით. რადგან ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც  სიკეთეს გვიკეთებენ უკან დაბრუნება თუ არა, მინიმუმ ამ სიკეთის დანახვა მაინც უნდა შეგვეძლოს.