fbpx
მსოფლიო

ქვეყანა, სადაც “არასასურველ” ემიგრანტებს ცალკეულ კუნძულზე გადასახლებას უპირებენ!

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კრიტიკული შეფასებები უკვე გამოთქვეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა. აღნიშნული ქმედებები ადამიანურ საზღვრებს სცდება.

დანიის მთავრობა აპირებს, “არასასურველი მიგრანტები” გადაასახლოს განცალკევებულ, დაუსახლებელ კუნძულზე, რომელსაც დაავადებული ცხოველების საკვლევად იყენებენ. გაერო და უფლებადამცველი ორგანიზაციები ქვეყნის ამ ინიციატივას აკრიტიკებენ.

წინა კვირას დანიის იმიგრაციის მინისტრმა, ინგერ სტოიბერგმა ფეისბუკზე  დაწერა, რომ “ზოგიერთი ადამიანი არასასურველია და ისინი ამას იგრძნობენ”.  სტოიბერგი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია “ვენსტრეს” წევრია.

გადაწყვეტილება მმართველი პარტიისა და პოპულისტური მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის, დანიის სახალხო პარტიის (DPP) ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის გაგრძელებაა.

DPP-ის სპიკერმა იმიგრაციის საკითხებში, მარტინ ჰენრიკსენმა, CNN-ს უთხრა: “ვიმედოვნებთ, დანიის გარეთ ხალხი გაიგებს, რომ დანია არ არის მაინცდამაინც მიმზიდველი ადგილი თავშესაფრის საძებრად, თუკი ლტოლვილი ხარ და კრიმინალის წახალისებას ან [დანიისთვის] ზიანის მიყენებას აპირებ”.

გეგმა ჯერ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ინიციატივის თანახმად, “არასასურველ მიგრანტებს” ახალი მისამართი ექნებათ — კუნძული ლინდჰოლმი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, რომელიც ათწლეულებია, გადამდები ინფექციებით დაავადებული ცხოველების საკვლევად გამოიყენება.

გეგმის თანახმად, კუნძულზე განთავსებული საკვლევი დაწესებულების ადგილას აშენდება 100 ადამიანზე გათვლილი საიმიგრაციო ცენტრი.

მთავრობის განცხადების თანახმად, ახალ ცენტრში დასახლდებიან მიგრანტები, რომლებსაც ბინადრობის ნებართვა არა აქვთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, ქვეყნიდან მათი დეპორტაცია არ ხდება; ასევე, ადამიანები, რომლებზეც ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა, რომ დეპორტირდებიან “კრიმინალური აქტივობის ან ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების” გამო; ამასთან, უცხოელი მებრძოლები და ადამიანები, ვისაც უარი უთხრეს თავშესაფარზე და ამავე დროს კანონდარღვევის გამო არიან მსჯავრდებულები.

“ჩვენი მიდგომით, ისინი რაც შეიძლება მეტხანს უნდა დარჩნენ [კუნძულზე], და მიუხედავად იმისა, რომ იქ მუდამ ვერ გავაჩერებთ, ჩვენი მიზანი სწორედ ესაა”, – განაცხადა ჰენრიკსენმა. მისივე თქმით, ხელისუფლება გეგმავს პოლიციის შენობისა და და საპატიმრო სერვისების გამართვას.

დანიის ამ გეგმამ უფლებადამცველი ორგანიზაციები შეაშფოთა.

“ამ ადამიანებმა, რომლებმაც, მართალია, დანაშაული ჩაიდინეს, უკვე მოიხადეს სასჯელი”, – ამბობს “ადამიანის უფლებათა დანიური ინსტიტუტის” დირექტორის მოადგილე ლუის ჰოლკი.

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნული დაწესებულება “ციხე არ არის” და მაცხოვრებლებს შეეძლებათ კუნძულიდან გამგზავრება, თუმცა “ყოველ ღამით მოუწევთ კუნძულზე დასაძინებლად დაბრუნება”.

გასულ კვირას გაერომ “სერიოზული შეშფოთება” გამოთქვა დანიის აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით.

“ჩვენ უკვე ვნახეთ ამგვარი იზოლაციის პოლიტიკის უარყოფითი შედეგები და მთავრობებმა არ უნდა გაიმეორონ მსგავსი სტრატეგიები, რადგან მათთვის თავისუფლების ჩამორთმევა, მათი იზოლაცია და სტიგმატიზაცია მათს მოწყვადობას კიდევ უფრო გააძლიერებს”, – განაცხადა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა.

წყარო: www.netgazeti.ge

onalem

ტესტ