fbpx
სხვადასხვა

“ქმრისთვის რქების დადგმა”” და ათენელი პარაზიტები”…

ყოველდღიურ ყოფაში ხშირად ვიყენებთ ისეთ სიტყვებსა თუ ფრაზეოლოგიზმებს, რომელთა წარმოშობის ისტორია თუ რეალური მნიშვნელობა არ ვიცით.

ასეთი უამრავია, ამიტომ თქვენ ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ და შევეცდებით, განვმარტოთ მათი შინაარსი.

„ქმარს რქები დაადგა“ — დაკავშირებულია ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენოსთან, რომელიც საყვარელებს თავისი დიდებულების ცოლებიდან ირჩევდა. ქმარი კი, კომპენსაციის სახით, იმპერატორისგან უზარმაზარ სამონადირეო სავარგულებს იღებდა, რომლის შესასვლელზეც ირმის რქებს ჰკიდებდნენ, როგორც სავარგულის პირად საკუთრებაში გადასვლის ნიშანს.

„კაპიტალი დააგროვა“ — „კაპიტალი“ ბერძნული სიტყვაა და ოთხფეხი საქონლის თავს ნიშნავს. ძველ საბერძნეთში ფულის გაჩენამდე მის ფუნქციას სწორედ პირუტყვის ჯოგი ასრულებდა, და ვინაიდან საქონლის ოდენობას თავებით ითვლიდნენ, ქონების აღმნიშვნელ სიტყვად კაპიტალი იქცა.

„პარაზიტი“ — ათენელმა კანონმდებელმა სოლონმა წესად შემოიღო საზოგადოებრივი სუფრის მოწყობა, სადაც ხალხს უფასოდ შეეძლო ესადილა. ამ სუფრას „პარასია“ ერქვა და თითო კაცს თითოჯერ ჰქონდა უფლება, მიჯდომოდა მას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მაინც ახერხებდა რამდენჯერმე სადილობას და ასეთებს პარაზიტები უწოდეს.

„ბევრმა წყალმა ჩაიარა“ — რომის სენატში სიტყვით გამომსვლელთა რეგლამენტი წყლის საათით განისაზღვრებოდა. თუ ორატორს სიტყვა გაუგრძელდებოდა, იტყოდნენ, ბევრმა წყალმა ჩაიარა, ანუ დიდი დრო გავიდაო და ორატორს სკამისკენ მიუთითებდნენ.

ჩარლზ ბოიკოტის გამოსახულება მის თანამედროვე ჟურნალში

ჩარლზ ბოიკოტის გამოსახულება მის თანამედროვე ჟურნალში

„ბოიკოტის გამოცხადება“ — 1879 წელს ირლანდიაში ღარიბ გლეხთა ინტერესების დამცველი მიწის ლიგა ჩამოყალიბდა, რომელსაც მდიდარი მემამულე ჩარლზ ბოიკოტი დაუპირისპირდა. მან თავის მოიჯარეებს თითქმის ორჯერ გაუზარდა იჯარის საფასური, რის საპასუხოდაც დაქირავებულმა მუშებმა უარი განაცხადეს ბოიკოტთან მუშაობაზე, ფოსტალიონებმა შეწყვიტეს მისთვის საფოსტო გზავნილების მიტანა, ხოლო ვაჭრები მემამულის კარ-მიდამოს შორიდან უვლიდნენ. ინგლისელი მიწათმფლობელი იძულებული გახდა, წასულიყო საკუთარი მამულიდან. ასე დაერქვა ბოიკოტი პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ ფორმას.

„ლეთარგიული ძილი“ — ანტიკურ მითოლოგიაში ლეთა თავდავიწყების მდინარეა გარდაცვლილთა სამეფოში. გარდაცვილლთა სულები ამ მდინარის წყლის გასინჯვისთანავე სამუდამოდ ივიწყებენ წარსულ ცხოვრებას. ამის გამოც „მკვდარივით ძილს“ ლეთარგიული ძილი უწოდეს.

 „აბრაკადაბრა“ — სიტყვას საფუძვლად უდევს ინდური ღმერთის, აბრაკასის სახელი. ლეგენდის თანახმად, აბრაკასი მბრძანებლობდა 365 სულზე, რომლებიც ფლობდნენ 365 თვისებას და თითოულ სულს ებარა წელიწადის ერთი დღე.

„ჰანიბალის ფიცი“ — სიტყვაგაუტეხლობის სინონიმი, ვალდებულება, რომელიც უსათუოდ შესრულდება და მას ნოტარიუსი არ სჭირდება. ფიცი დაკავშირებულია ლეგენდარული კართაგენელი მხედართმთავრის სახელთან. 9 წლის იყო ჰანიბალი, როდესაც მამამისმა ჰალმიკარ ბარკამ ესპანეთზე ლაშქრობაში იახლა, ოღონდ მანამდე შვილს ფიცი დაადებინა, რომ ის რომის დაუძინებელი მტერი იქნებოდა. კართაგენელი სარდალი სიკვდილამდე ფიცის ერთგული დარჩა.

„მარილზე წასვლა“ — ვინაიდან საქართველოში მარილი არ იშოვებოდა, ჩვენ წინაპარს ის აღზევანიდან (ახლანდელი თურქული ქალაქი ყალიმზანი) მოჰქონდა. გზა ძალიან სახიფათო, ყაჩაღებით სავსე იყო, იმდენად სახიფათო, რომ აღზევანიდან ძალიან ცოტა თუ დაბრუნებულა ცოცხალი. ამიტომ ქართველი კაცის ცნობიერებაში „მარილზე წასვლა“ უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა.

„ცისფერი სისხლი“ — ეს ტერმინი ესპანეთს უკავშირდება. თეთრკანიანი ადამიანის სხეულზე ვენები ცისფრად ჩანს და ესპანელი დიდებულები „ცისფერსისხლიანობით“ ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ წინაპრებში მავრი, ანუ ფერადკანიანი არ ერიათ.

„განტევების ვაცი“ — ებრაელებს ჩვევად ჰქონდათ საკუთარი დანაშაულის ცხოველებზე გადატანა. მღვდელთმთავარი ცოდვის მისატევებლად დაადებდა სამსხვერპლო ცხოველს ვაცს თხემზე ხელს და ეტყოდა, შენ ზიდე ებრაელების ცოდვაო. მერე კი უდაბნოში უშვებდა.

„ჯანდაბაშიც წასულხარ“, „ჯანდაბამდეც გზა გქონია“ — ქალაქი ჯაჰანაბადი ძველ ინდოეთში ქართულ ცნობიერებაში აღიქმებოდა როგორც ჯანდაბა. ირანმა არაერთხელ დალაშქრა ჯაჰანაბადი, რასაც სპარსულ ჯარში მყოფი უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ამიტომ ქართველებისათვის ჯაჰანაბადი (იგივე ჯანდაბა) ასოცირდებოდა სიკვდილთან და ჯანდაბაში წასვლა მოუსავლეთში წასვლას ნიშნავდა

„ფინაჩური“, „ფინკა“ — მეოცე საუკუნის დასაწყისში, მეფის რუსეთის დროს ფინკას უწოდებდნენ ტეტია, ხეპრე, გონებაშეზღუდულ და ლენჩ ადამიანს. ხოლო ფინაჩური ნიშნავდა უვარგისს, უხარისხოს, ძალიან ცუდს. ფინკაც და ფინაჩურიც დაკავშირებულია ფინეთთან, რომელიც იმ დროს რუსეთის ძალიან ჩამორჩენილი და უღარიბესი რეგიონი იყო.

onalem

ტესტ