fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაზოგადოება

ქართველი დედის 24 წლიანი ემიგრანტული ცხოვრების ჯილდო

ჩვენ უკვე ვიცნობთ იზაბელა ყარყარაშვილს, რომელიც ბერძნულ ”ნიჭიერში” გამოვიდა და ჟიური ისე აღაფრთოვანა, ფეხზე წამომდგარნი დიდხანს უკრავდნენ ტაშს. ამ დროს დარბაზში იზაბელას დედა, ანა კელაპტრიშვილი იჯდა და ტიროდა. მისთვის შვილის წარმატება 24 წლიანი ემიგრანტული ცხოვრების ჯილდო იყო. ცხოვრება სამშობლოდან შორს უცხო ქვეყანაში, დამქანცველი შრომა, უძილო ღამეები, ახლობლების მონატრება.

– გამარჯობა, აბა, მოგვიყევით, როგორ მოხვდა თქვენი შვილი საბერძნეთის ”ნიჭიერში”?

იზაბელას ცეკვა ბავშვობიდან უყვარდა. ძალიან პატარა იყო, როცა აღმოსავლური ცეკვებით დაინტერესდა. ასეთ დონემდე რომ მიეღია, ტიტანური შრომა დასჭირდა , სულ ვარჯიშობდა. სახლში ერთი ოთახი ისე მოვუწყვეთ, როგორც საცეკვაო სტუდია.

ლიცეუმის დასრულების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, მაგრამ ცეკვის სიყვარულმა სძლია, სწავლას თავი დაანება და სპეციალიზებულ სტუდიაში მივიდა. ყველა სფეხური წარმატებით გაიარა, აიღო სამი დიპლომი- ჯერ ბრინჯაოსი, შემდეგ ვერცხლის, მერე ოქროსი.

ასევე აღებული აქვს 17 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაობს მედალი. თავიდან გვინდოდა  ქართულ ნიჭიერში გასულიყო, მერე ვიფიქრეთ, რომ საბერძნეთში ეცადა ბედი. თუ წარმატებას მიაღწევდა, კიდევ ერთხელ დაინახავდნენ საბერძნეთში, რომ ჩვენი ერი არ არის მხოლოდ მოსამსახურე ერი.

– საქართველოდან 24 წლის წინ წახვედით და თვეების იზაბელა თბილისში დატოვეთ. რატომ აირჩიეთ ემიგრანტის გზა?

– თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, როცა ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. ერთმანეთი შეგვიყვარდა და ცოლად გავყევი. თუმცა, მაშინ იყო სიცივე, უშუქობა, გაჭირვება. ჩემი დედამთილი არც თავიდან მწყალობდა, რადგან მისი შვილი პატარა და ჩამოუყალიბებელი ბიჭი იყო, რომელსაც ოჯახის რჩენა არ შეეძლო. სწორედ ამ დროს ქართველმა ქალებმა უკვე დაიწყეს საბერძნეთში წასვლა და გადავწყვიტე მეც წავსულიყავი. როცა მეუღლეს ვუთხარი, დამთანხმდა, წადი, როცა მოეწყობი, დამირეკე და მეც ჩამოვალ, ერთად უფრო მალე დავდგებით ფეხზეო.

არასოდეს დამავიწყდება 1993 წლის 23 აგვისტო, გზა საქართველოდან საბერძნეთამდე, ტირილით თვალებგადასიებული ჩავედი უცხო ქვეყანაში. ყველგან ჩემი შვილი მელანდებოდა. იზაბელა დედაჩემთან დავტოვე.

უმძიმესი დღეები გამოვიარე. სამუშაოს არ ვთაკილობდი, სახლებსაც ვალაგებდი, მოხუცებსაც ვუვლიდი და ბარშიც ვმუშაობდი. რამდენიმე თვეში ფული მოვაგროვე, მეუღლეს დავურეკე და ვუთხარი ბავშვი წამოეყვანა და წამოსულიყო. მისი პასუხი კი მეხივით დამატყდა თავს: ”დედა წინააღმდეგია ჩემი წამოსვლის, კარგად იყავი, შენს თავს მიხედე.”

ამ დროს 20 წლის ვიყავი. თავდაუზოგავად ვმუშაობდი, ჩემი შვილის ნახვის იმედით ვცოცხლობდი და უცებ ასეთი რეალობა. მაშინ დავიფიცე, რომ აუცილებლად დავდგებოდი ფეხზე, ჩემს შვილს წამოვიყვანდი და ახალ ცხოვრებას დავიწყებდი.

მადლიერი ვარ საბერძნეთის, ამ ქვეყანამ ფეხზე დამაყენა. შემდეგ ვიპოვე ერთგული მეუღლე, რომელმაც ფრთხებდამტვრეული წამომაყენა, მამობრივი სითბო აჩუქა იზაბელას და მაჩუქა კიდევ ერთი შვილი, ელენე, რომელიც ახლა 18 წლისაა. მაგრამ სამშობლო ერთია და მე ის ძალიან მენატრება.

– მიუხედავად იმისა, რომ იზბელა თქვენმა ბერძენმა ქმარმა გაზარდა, მის გვარზე მაინც არ გადაიყვანეთ.

– დიახ სწორედ მან მითხრა, რომ ბავშვი უნდა წამომეყვანა, რადგან ისიც ისევე უყვარდა, როგორც მე და ჩემმა დამ იზაბელა ჩამომიყვანა. სულ სხვანაირი დღე გათენდა, მარტო აღარ ვიყავი. მყავდა მეუღლე და სანატრელი შვილი. თუმცა, გოგონა ქართველია, მამა ქართველი ჰყავს და არასოდეს დამიშლია მასთან ურთიერთობა. ჩემს შვილს უყვარს საქართველო და მამის ნათესავები. რატომ უნდა დაგვეკარგა მისთვის გვარი?

– ახლა რას საქმიანობთ?

– მე უკვე დიდი ხანია საბერძნეთის სრულუფლებიანი მოქალაქე ვარ. ვმუშაობ საერთაშორისო ფულადი გზავნილების ამერიკულ კომპანიაში. შევიძინეთ ბინა, ვზრდით შვილებს და ვცხოვრობ საქართველოს მუდმივი მონატრებით.

წელიწადში ერთხელ ჩავდივარ თბილისში, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. თუ ჩემი შვილები გათხოვდებიან და ცხოვრებას მოიწყობენ, შეიძლება საქართველოში დავბრუნდე.

– მეუღლე გთანხმდებათ?

– ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ჩემი სამშობლო და ხშირად ამბობს: ”საქართველო კარგია, კოხტა და ლამაზია.” გაუხარდება, თუ გადავალთ.

– როგორი დამოკიდებულებაა საბერძნეთში ქართველების მიმართ?

– ახლა ცოტა შეიცვალა რაღაცები, ბევრმა ბერძენმა მოინახულა საქართველო. იციან, რომ ნიჭიერი ერი ვართ, სტუმართმოყვარე და ევროპული ორიენტაციის. ეს ძალიან მახარებს, მაგრამ მაწუხებს მეორე მხარე – ბევრი ქართველი მამაკაცი შრომის ნაცვლად ქურდობს და ყაჩაღობს, სახელს უტეხენ სამშობლოს.

წყარო: ჟურნალი ”სარკე”

onalem

ტესტ