fbpx
საბერძნეთი

გურული ქალი ათენში, რომელიც 80 წლის მერეც გურულად უქცევდა

ნინა ბაჯელიძე წლების მანძილზე საბერძნეთში ცხოვრობდა, კარგად იცნობს ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას და დღემდე ცდილობს, რომ ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს მათ. ამჟამად თბილისში ცხოვრობს, მაგრამ საბერძნეთთან კავშირს არ წყვეტს.

ათენში ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა და პროგრამა „ბერძნული ენა და კულტურა“ გაიარა. აქტიურად თანამშრომლობდა იუნესკოსთან. 2003 წელს მის მიერ დაარსებული ბერძნულ–ქართული საზოგადოება „კოლხეთი“ საბერძნეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ქართულ–ბერძნული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას დღემდე ემსახურება.

– ქალბატონო ნინა, ზოგადად რას მოუთხრობდით მკითხველს საკუთარ თავზე?

— დავიბადე თბილისში, ვსწავლობდი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, დავამთავრე თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი. მეორადზე — ხელოვნებათმცოდნეობაზე ვსწავლობდი. ვცეკვავდი პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანსამბლში, ხელოვნება და შემოქმედება  ყოველთვის იყო ჩემი სულიერი ნავსაყუდელი…

– საბერძნეთში ემიგრაციაში როდის წახვედით და რას საქმიანობდით იქ?

— 1994 წელს ავტოკატასტროფაში მეუღლე გარდამეცვალა, დამრჩა 6 წლის შვილი ქეთა. ერთი წლის შემდეგ ნათესავების მოწვევით შვილთან ერთად საბერძნეთში, ქალაქ ათენში გავემგზავრე. იქიდან დავიწყე თანამშრომლობა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან, რადიოსა და ტელევიზიასთან, ვაწვდიდი სხვადასხვა ინფორმაციას ხელოვნების, კულტურისა და ჩვენი ქართველი ემიგრანტების ცხოვრებაზე, ამგვარად საბერძნეთში აკრედიტებული ჟურნალისტი გავხდი.

ვთანამშრომლობდი აგრეთვე იუნესკოსთან, ვმონაწილეობდი სხვადასხვა გამოფენებისა და ფესტივალების ორგანიზებაში, სხვადასხვა ღონისძიებებში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების კულტურის  წარმოჩენა მევალებოდა. ასე გავიცანი ათენში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ამჟამად ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მათ შორის არიან ბერძნები, საბერძნეთში მცხოვრები ქართველები და უცხოელებიც.

– თქვენ ათენის უნივერსიტეტი დაამთავრეთ, ბერძნული ენისა და კულტურის შესწავლით რატომ დაინტერესდით?

— ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს ბავშვობიდან წარმოადგენდა ძველი ცივილიზაცია და მისი თვითმყოფადი ხელოვნება. ყოველთვის მაინტერესებდა ბერძნული მითოლოგია, ისტორია და კულტურა, რომელიც ასე მჭიდროდაა გადაჯაჭვული საქართველოს ისტორიასთან. ასე რომ, საბერძნეთში ჩემი მოხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა. 1999–2000 წლებში მივიღე სტიპენდია ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ფილოსოფიის ფაკულტეტი დავამთავრე და გავიარე პროგრამა „ბერძნული ენა და კულტურა“. სწავლის პერიოდში საშუალება მომეცა სრულიად უპრობლემოდ ენაც მესწავლა, ანტიკური კულტურის ძეგლები დამეთვალიერებინა და ქვეყანაც მომევლო.

– ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ განათლების მიღება სრულიად სხვა მიმართულებით გააგრძელეთ და ამავე დროს აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდით…

— ეს მოხდა 2001 წელს, როცა საბერძნეთის განათლების სამინისტროს სტიპენდია მოვიპოვე და სწავლა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის ფაკულტეტზე განვაგრძე. ბოლოს ამ კათედრაზე დავრჩი და 17 წელი სამეცნიერო კუთხით ვიმუშავე. ამავე პერიოდში ვმუშაობდი „ქართულ გაზეთში“, რომელიც მთელი საბერძნეთის მასშტაბით გამოდიოდა. შემდეგ კი იტალიაშიც განვაგრძე, სადაც რედკოლეგიაში საქართველოდან ჩვენი ცნობილი ჟურნალისტები იყვნენ (რედაქტორი – ნინო ლურსმანაშვილი). ბერძნულ მხარეს მე ვხელმძღვანელობდი. 2003 წელს ჩამოვაყალიბე ბერძნულ–ქართული საზოგადოება „კოლხეთი“, რომელიც ქართულ–ბერძნული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას საბერძნეთში დღემდე ემსახურება.

– საქართველოში ჩამოსვლის მერე რა გზით განაგრძეთ ქართული ემიგრაციის დახმარება?

— 2013 წელს ჩემ მეგობრებთან ერთად ემიგრაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი „ხიდი“ საქართველოშიც დავაარსეთ. ძალიან საინტერესო და აქტუალური პროექტები განვახორციელეთ როგორც ემიგრანტებისთვის, ასევე მიგრანტებისთვის. სამწუხაროდ, რამდენიმე დიდი პროექტი სხვადასხვა სამინისტროებმა, ასე ვთქვათ, მიითვისეს… ჩემმა შვილმა საბერძნეთში სკოლა და ორი უმაღლესი დაამთავრა. ახლა საქართველოში მაგისტრატურაში სწავლობს და მუშაობს.

– ვიცი, რომ თქვენს ერთ წინაპარს საბერძნეთთან საინტერესო ისტორია აკავშირებს, ვისზეა საუბარი?

— საბერძნეთში 1917 წელს ბაბუაჩემის და, ლუდმილა ბაჯელიძე გათხოვდა, მან 6 შვილი გააჩინა. ეს მართლა ცალკე და საინტერესო ისტორიაა. ის გასაბჭოებამდე, 16 წლის ასაკში ტრაპიზონიდან ჩამოსულ ბერძენს გაჰყვა. ბათუმში ხიდი რომ ააფეთქეს, სახლში ვეღარ დაბრუნდა. მერე გათხოვდა. ამასობაში საზღვრები დაიკეტა, რევოლუცია და ომები მოხდა და საქართველოში თავის ერთ ქალიშვილთან ერთად ჩამოსვლა მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ შეძლო. ამის უფლება მას საბჭოთა საელჩომ მისცა, რის მერე ჩვენს ოჯახებს შორის ურთიერთობა აღდგა და ერთმანეთში მიმოსვლა სულ გვქონდა.

– ქართული თუ ახსოვდა და გურულ ამბებს როგორ იხსენებდა?

— 80 წელი ათენში ცხოვრობდა და სიცოცხლის ბოლომდე გურიის მოგონებებში დარჩა. სულ ვამბობდი, რომ ლუდმილა ბაჯელიძე მედეას მერე მეორე ქალია საქართველოდან–მეთქი. ძალიან სასაცილოდ ლაპარაკობდა, ქართულ-გურულად. მახსოვს, მათ ფოტოებს რომ ვათვალიერებდით, ერთ-ერთზე ბავშვები მთაში ჰყავდა დასასვენებლად და ასე ამიხსნა – აქანე ბერძნულ ბახმაროში ვართო. როცა რაიმეზე ბრაზობდა, ასე ამბობდა – ნამეტანი გავკუჭდი, ანუ გავბრაზდიო… მოკლედ, ბოლომდე გურული დარჩა. თავისთან ასე გვეპატიჟებოდა – მოით ჩემ ოდაშიო. ერთ-ერთ ქალიშვილს, ვისთან ერთადაც პირველად ჩამოვიდა, იმასაც ქართულ–გურული ასწავლა და ის იყო ჩვენი თარჯიმანი წლების მანძილზე. ძალიან ლამაზი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები ჰყავს. ყველა განათლებულია, ზოგი ოქსფორდში სწავლობდა, ზოგი გერმანიაში და ზოგიც – პარიზში… თავის შვილებზე ამბობდა, ბერძნებს ნუ ენდობით, ძალიან ეშმაკები არიან, თქვენ კი ჩემი გურულები ხართო…

– ბოლოს როდის ნახეთ?

— ბოლოს 92 წლის იყო, როცა ვნახე, ჩემ ძმასა და ქმართან ერთად ვიყავი. სკლეროზი ჰქონდა დაწყებული, მაგრამ მე მიცნო და ძალიან გაუხარდა. გიჟდებოდა საქართველოზე და მამაჩემს სთხოვდა, საქართველოში დამასაფლავეთო, მაგრამ შვილი რომ გარდაეცვალა, მერე აზრი შეეცვალა…

– ქალბატონო ნინა, რასაც სიტყვით ვერ გადმოსცემთ, იმას ნახატებში აქსოვთ, როდის დაიწყეთ ხატვა?

— მთელი ცხოვრება სხვის გამოფენებს ვაწყობდი, ხატვა ერთ წელზე მეტია რაც დავიწყე. ჩემთვის ვერთობი ხოლმე. ხატვა ძალიან მაწყნარებს. ყოველთვის მინდოდა, რომ მეხატა. როგორც ამბობენ, გულში კარგად ვმღერი, ანუ შინაგანად „მეხატინება“. სათქმელს როგორც მინდა, ისე ვერ გადმოვცემ, მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობ…

წყარო: Sputkin-georgia.com

onalem

ტესტ