fbpx
კრიმინალი

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ქრთამის აღებაზე დაიჭირეს

თემურ გორგაძე ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, თბილისის საკრებულოში, „ქართული ოცნების“ რიგით მეორე დეპუტატია, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წევრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ იმ დროს აიყვანა, როცა გორგაძემ მოქალაქეს 3500 აშშ დოლარი გამოართვა.

სუს-ის ინფორმაციით, მმართელი პარტიის დეპუტატი მოქალაქეს შეპირდა, რომ 7000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, მის ნათესავს პატიმრობიდან დაიხსნიდა და ამას პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების საკითხთა კომისიის მეშვეობით გააკეთებდა. ბრალდების მიხედვით, დღეს ხელზე დეპუტატმა სწორედ მოთხოვნილი თანხის ნაწილი აიღო.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში თბილისის საკრებულოს წევრს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელის, გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. იმის დასადგენად, ნამდვილად შეეძლო თუ არა გორგაძეს პატიმრის შეწყალების ორგანიზება, ანტიკორუფციული სააგენტო დაკავებულისა და შეწყალების საკითხთა კომისიის წევრთა შესაძლო კავშირებითაც ინტერესდება.

დეპუტატ თემურ გორგაძის დაპატიმრების საქმეზე თბილისის მერი კახი კალაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და ხაზი გაუსვა, რომ „ყველა დამნაშავე დაისჯება“:

თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა აქვს, ყველამ მინდა რომ კარგად დაიმახსოვროს, არავის არაფერი ეპატიება”
კახი კალაძე, თბილისის მერი

„თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა აქვს, ყველამ მინდა რომ კარგად დაიმახსოვროს, არავის არაფერი ეპატიება!“

43 წლის დეპუტატი გორგაძე 1995-2014 წლებში კერძო ბიზნესში საქმიანობდა, 2014-2017 წლებში, კრწანისის რაიონში ჯერ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარის ბექა ნაცვლიშვილის ბიუროს, შემდეგ კი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბექა ოდიშარიას ბიუროს ხელმძღვანელი იყო. მმართველი პარტიის სტრუქტურაში გორგაძეს დაპატიმრებამდე კრწანისის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა ეკავა.


თემურ გორგაძის დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა, 2017 წლის 14 სექტემბერი

ექვსი თვის წინ, თემურ გორგაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად მოხვდა და 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით თბილისის საკრებულოს დეპუტატი გახდა. დედაქალაქის საკრებულოში იგი ქონების მართვა/საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიებში მუშაობდა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მომხდარი მმართველი პარტიისთვის ძალიან ცუდი ფაქტია:

ეს არის თავისთავად ძალიან ცუდი ფაქტი და არ შევეგუებით დანაშაულს არავის მხრიდან”
გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

“ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არაფერს ვამტკიცებთ, თუმცა ეს არის თავისთავად ძალიან ცუდი ფაქტი და არ შევეგუებით დანაშაულს არავის მხრიდან, იქნება ეს ჩვენი კოლეგა თანაგუნდელი თუ ნებისმიერი მოქალაქე. უფრო მკაცრი იქნება მიდგომები იმ თანაგუნდელების მიმართ, ვინც არაკეთილსინდისიერი ქმედებებით ჩრდილს მიაყენებს ჩვენს საქმიანობას.“

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თემურ გორგაძემდე, თბილისის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძეც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ნავთლუღის მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“ 2017 წლის 25 აგვისტოს მისი ბიუროს თანამშრომელ ანა მენთეშაშვილთან ერთად აიყვანეს. სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიდის.


დეპუტატ ზურაბ ნეფარიძის სასამართლო

onalem

ტესტ