fbpx
საქართველო

“ქართული ოცნების” დეპუტატ ზურაბ ნეფარიძეს 11 წელი მიუსაჯეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, ზურაბ ნეფარიძე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძალვით ქრთამის აღების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული ნეფარიძე დამნაშავედ ცნო.

სამართალდამცავებმა ზურაბ ნეფარიძე 2017 წლის აგვისტოში დააკავეს.

როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე ბიუროში დასაქმებული პირის, ა.ნ-ს  დახმარებით ბიუროს ოთხ თანამშრომელს, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით, ქრთამის სახით სძალავდა მათთვის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის ნაწილს. აღნიშნული გზით ზურაბ ნეფარიძემ 2014-2017 წლების პერიოდში თანამშრომლებს ქრთამის სახით 16 040 ლარი გამოსძალა.

ასევე, პროკურატურის განცხადებით, ნეფარიძემ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მაჟორიტარის ოფისის ფუნქციონირებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თანხებს.

გამოძიების მიხედვით, დეპუტატმა თავის ბიუროში ფიქტიურად დაასაქმა მისი შვილის მეგობარი მ.ლ., რომელსაც წინასწარი შეთანხმების თანახმად, ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი, ხოლო რეალურად აღნიშნულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდა, რითაც ის 2014 წლის 15 აგვისტოდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით თაღლითურად დაეუფლა საკრებულოს კუთვნილ, დიდი ოდენობით 36 552 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნეფარიძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

onalem

ტესტ