fbpx
საზოგადოება

ქართულ-ამერიკული ოჯახი: “გემზე ცხოვრება საქართველოში 90-იან წლებს მახსენებს”

გაიცანით ოჯახი, რომელიც გემზე ცხოვრობს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს; აქვთ ბლოგი, სადაც თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ. მათი ცხოვრება სათავგადასავლო ფილმს მოგაგონებთ, რომელიც სიყვარულით იწყება. ირმა სვანაძე მეუღლესთან, რალფ ბურლესონთან, ქალიშვილ ანაბელთან და ორ ძაღლთან ერთად ახალი ვოიაჟებისთვის ემზადება.

– წარმოშობით ქუთაისიდან ვარ. 16 წლისა ქუთაისიდან პირდაპირ პარიზში აღმოვჩნდი, სადაც კონსერვატორიაში სასწავლებლად მიმიწვიეს. პარიზის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, სწავლა ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიაში გავაგრძელე, რის შემდეგაც ამერიკაში ცნობილმა პიანისტმა, ლექსო თორაძემ მიმიწვია ინდიანას უნივერსიტეტში, სადაც მივიღე მაგისტრის წოდება, მერე კი მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში, დოქტორანტურის პროგრამაზე სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე და სწორედ იქ შევხვდი რალფ ბურლესონს.

რალფმაც 16 წლის ასაკში თავისი პირველი კომპანია შექმნა. მთელი ცხოვრება ბიზნესში იყო ჩართული და ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: რუსეთში, უკრაინაში, ბრაზილიაში… 10 წელი “მაიკროსოფტის” ტოპმენეჯმენტში იყო, რის შემდეგაც ერთი წლით დასვენება გადაწყვიტა და თავისი ჰობით – პილოტობით დაკავდა – ზუსტად ჩვენი შეხვედრის წელს, დროებით მიჩიგანში ცხოვრობდა და ერთ-ერთ ამერიკულ ავიაკომპანიაში მუშაობდა.

ჩვენი შეხვედრა მოხდა წიგნების მაღაზიის პატარა კაფეში, სადაც ყავის დასალევად შევედი. რალფი გამეცნო და მოკლე საუბრის შემდეგ, ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. გავაფრთხილე, რომ 2 თვე არ დაერეკა, რადგან გასტროლებისათვის ვემზადებოდი და თავისუფალი დრო არ მექნებოდა. ორი თვის შემდეგ დამირეკა და მკითხა: ხვალ თუ გცალია, ნიუ-იორკში წავიდეთო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ მეორე დღეს აეროპორტიდან დამირეკა და მთხოვა, იქ შევხვედროდი. მომხიბლა არაორდინარული პაემნის იდეამ და დავთანხმდი. ნიუ-იორკში, აეროპორტიდან გამოსვლისთანავე, ლიმუზინი დაგვხვდა. მე კიდევ იმდენად მინდოდა ამ ქალაქში ფეხით სიარული, მეტროთი მგზავრობა და ხალხთან კომუნიკაცია, რომ მანქანაში არ ჩავჯექი და მთელი დღე მეტროთი და ავტობუსებით ვატარე, რასაც დღემდე მწარედ იხსენებს (იღიმის).
მეორე პაემანზე ჩემი და – ცირაც წავიყვანე (ისიც მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში, დოქტორანტურაში სწავლობდა და ერთად ვცხოვრობდით). ამჯერად რალფმა პატარა თვითმფრინავით გასეირნება მოინდომა და ერთ-ერთ კუნძულზე გავფრინდით… ამის შემდეგ რალფმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი ურთიერთობისთვის ღირდა საცხოვრებლად სიეტლიდან მიჩიგანში გადმოსვლა მანამ, ვიდრე სწავლას დავამთავრებდი, მერე კი, როცა სწავლა დავასრულე, სან-ფრანცისკოში ერთად წავედით და სწორედ იქ დაიბადა ანაბელიც. ორივეს ძალიან გვიყვარდა ეს ქალაქი, მაგრამ გვინდოდა, ანაბელს პირველი წლები საქართველოში გაეტარებინა, რათა მეტად შეეგრძნო ქართველობა. ჰოდა, 2011 წელს ქუთაისში, ჩემი მშობლების პატარა ბინაში ჩავედით საცხოვრებლად და ამავდროულად, ბიზნესსაქმიანობა გადავწყვიტეთ. დავაარსეთ საფინანსო ორგანიზაცია და გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომელიც დღემდე ატარებს უფასო სემინარებს და რეგიონებში უამრავ ახალგაზრდას ეხმარება გზის გაკვალვაში. ჩემი და რალფის დიდი სიამაყეა Gჩ პარკი ქუთაისში, რომელიც პატარა, მაგრამ ნათელი და მწვანე წერტილია ავტოსადგომებითა და ბეტონით გადატვირთული ქალაქის ცენტრალურ უბანში.

– რატომ გადაწყვიტეთ კრუიზში გამგზავრება და გემზე ცხოვრება? 
– მოგზაურობა ორივეს გვიყვარს. რაც მთავარია, არასოდეს ველოდებით, თუ როდის გვექნება საკმარისი თანხა სამოგზაუროდ. ანაბელი 3 წლის იყო, როდესაც მანქანით ევროპის მოვლა გადავწყვიტეთ. ძველი მანქანა ვიყიდეთ გერმანიაში და ორი თვე უმეტესად, ავტომობილში ვიცხოვრეთ. კომფორტი ვის არ უყვარს, მაგრამ კარგი პირობების არქონაც ვერ შეგვაჩერებს და შედეგად, ბევრი თავგადასავალიც შევიძინეთ. ჯერ კიდევ სან-ფრანცისკოში ცხოვრებისას დავთქვით, რომ დაახლოებით 5-6 წელიწადში პატარა მიკროავტობუსით სამხრეთ ამერიკას მოვივლიდით. გავიდა წლები, მაგრამ ეს ოცნება ვერ ავისრულეთ. ანაბელიც გაიზარდა, თან ისე ჩქარა, რომ სამწუხაროდ, 24-საათიანი მუშაობის გამო, ბევრი რამ გამოვტოვეთ მის ცხოვრებაში.
რალფს ყოველთვის უყვარდა გემით მოგზაურობა. სიეტლში ცხოვრებისას გემზეც უცხოვრია, მაგრამ მე საშინლად მეშინოდა წყლის და ცურვაც არ ვიცი, ამიტომ ყოველთვის უარს ვამბობდი მის იდეაზე გემით მოგზაურობის შესახებ.
2017 წლის აპრილში, მუშაობისაგან გადაღლილ-დასტრესილებმა საყვარელი წითელი ღვინის ბოთლი გავხსენით და ისევ ჩვენს ოცნებას მივუბრუნდით. ის დათქმული 5-6 წელი უკვე გასული იყო, ანაბელი 7 წლის გახლდათ. იმ პერიოდში თითქმის ორი წლის ჩასული ვიყავით ამერიკაში, ნევადის შტატში, ულამაზესი ტაჰოს ტბასთან ვცხოვრობდით და მაინც ძალიან შორს ვიყავით ჩვენი ოცნებისაგან.
რამდენიმე ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ ვიხუმრე, – ოღონდ სამხრეთ ამერიკაში წამიყვანე და ჯანდაბას, გემზეც ამოვალ-მეთქი. იმ საღამოს შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში გემის არჩევა დაიწყო. აპრილში გადავფრინდით გემის სანახავად კარიბის კუნძულებზე და ვიყიდეთ კიდეც.

– როგორ მოემზადეთ გემზე საცხოვრებლად?
– მე და ანაბელი გემზე მცხოვრებ სხვა ოჯახებს დავეკონტაქტეთ, რათა მაქსიმალურად მომზადებული ვყოფილიყავით ყველაფრისთვის. ამავდროულად, სახლიც დავცალეთ, გასაყიდად გავამზადეთ და რაც გაგვაჩნდა – ყველაფერი გავეცით, რადგან გემზე ბევრი ადგილი არ არის.
გემს “ლამაზია” დავარქვით, სოციალურ ქსელში ჩვენს გვერდსა და ოჯახს კი – “ანარტისტები” (ანა + არტისტები + ცოტა ანარქისტებიც). სამწუხაროდ, “ლამაზიასთვის” სახელის გამოცვლა მოგვიწევს, რადგან ესპანურად მოსაუბრე ქვეყნებში – Lა Mაფია-დ გააფორმეს და ვფიქრობთ, რომ დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გემს – “ლა მაფია” ბევრი არ დაეხმარება, ბევრი კი შეუშინდება…
გემზე საცხოვრებლად ოქტომბრის ბოლოს გადმოვედით. ჯერ კიდევ ვეჩვევით ცხოვრების ახალ სტილს. მე და ანაბელი ახალბედები ვართ, თუმცა უკვე დავიწყეთ ცურვის სწავლა, გემის მართვისა და ნავიგაციის გაკვეთილებზე სიარული.
გემზე ელექტროენერგია მზის პანელების საშუალებით გვაქვს. წყლის გადამყვან მოწყობილობას იანვარში დავამონტაჟებთ იმისათვის, რომ ოკეანის წყლისგან სასმელი წყლის მიღება შევძლოთ და გრძელ გზაზე მოგზაურობისას უწყლოდ არ დავრჩეთ. ტელევიზორი არ გვაქვს; წიგნები წონის გამო, პატარა რაოდენობით შემოვიტანეთ (დაახლოებით 200 წიგნია გემზე) და დანარჩენი ელექტროფორმატში გვაქვს. ყველაზე მეტად ინტერნეტის პრობლემა გვაწუხებს. ყველას გვჭირდება სამუშაოდ და ხშირად, არასტაბილურია, რადგან უმეტესად ტელეფონის ინტერნეტზე ვართ დამოკიდებული.

– გემზე ცხოვრება რთული არ არის?
– გემზე ცხოვრება საქართველოში 90-იან წლებს მახსენებს: წყალი გამოზოგვით, შუქი “მიდი-მოდის” (ამინდზეა დამოკიდებული) და ზოგადად, კომფორტის შეგრძნება იკარგება, რადგან სულ მოძრაობაში ხარ, სულ რაღაცას სჭირდება შეკეთება, სულ ამინდზე ხარ დამოკიდებული და ა.შ. და მაინც, დილით ყავას გემზე რომ სვამ და საღამოს “სკაიპ”-შეხვედრებისას მზის ჩასვლას ოკეანეში მყოფი უყურებ, სადაც ასობით დელფინი გემის გასწვრივ მიცურავს და თამაშით მიგაცილებს – ყველაფერი გავიწყდება და ფიქრობ, რომ ნამდვილად კარგი არჩევანი გააკეთე. ბევრად მეტ დროს ვატარებთ ერთად, რაც ძალიან გვენატრებოდა და გვინდოდა. ყოველ საღამოს ვახშამს ერთად ვამზადებთ: მე თუ საკვებს მოვამზადებ, ანაბელი სუფრას აწყობს, რალფი სასმელს ამზადებს, სანთელს აანთებს… ბევრ დროს ვუთმობთ რუკაზე მუშაობას, ოცნებას, გზისა და პასაჟის (პასაჟი – გემით გრძელ გზაზე წასვლა) დაგეგმარებას. ნავიგაციის გაკვეთილებზე სამივე დავდივართ, რის შემდეგაც რალფი მე და ანაბელს დამატებით გვამეცადინებს.

– ანაბელს მოსწონს გემზე ცხოვრება, არა?
– ძალიან მოსწონს. მართალია, სკოლის მეგობრები ენატრება, მაგრამ ამავდროულად ბევრ ახალ მეგობარს იძენს. თან ისეთ მეგობრებს, რომლებიც ასევე, გემზე ცხოვრობენ. 8 წლის გოგოსათვის ეს თავგადასავლებით სავსე ცხოვრება საუკეთესო არჩევანია. ყოველდღიურად უამრავ ისეთ რამეს სწავლობს, რასაც სკოლაში ვერ ისწავლიდა. კითხვა უყვარს და ამის საშუალებაც მიეცა. სამი კვირაა, რაც ქართული და რუსული ენის ყოველდღიური გაკვეთილები დაიწყო “სკაიპით”. სკოლის პროგრამას დამოუკიდებლად ან ჩვენი დახმარებით გადის. მეტი თავისუფლება აქვს და ამავდროულად, მეტი პასუხისმგებლობაც, რადგან ისევე, როგორც ჩვენ, მასაც მოეთხოვება გემის წესებისა და უსაფრთხოების დაცვა.
ანაბელს მხარს უბამენ ჩვენი უსაყვარლესი ძაღლები – მამბო და ნალა ხაშურსკი. მამბო პატარა კალიფორნიული წმინდა სისხლის ბიშონია, დამოუკიდებელი, გულადი და ჯიუტი. ნალა “ქართველი”, წმინდა სისხლის ქუჩის ძაღლია, რომელსაც ყველა თვალს აყოლებს და გვეკითხებიან, რა ჯიშისააო? მერე კომპლიმენტებით ამკობენ. ნალა რამდენიმე კვირის იყო, როდესაც ხაშურში, გზაზე გადაგდებული ვნახეთ. მისი და-ძმა უკვე მანქანებს გაეტანათ, ეს კი თითქოს ჩვენ გველოდებოდა. ეგრევე შეგვაყვარა თავი და ამერიკაში წამოვიყვანეთ. ძაღლების ხმელეთზე დატოვება არც გვიფიქრია – ისინიც ჩვენი ოჯახის წევრები არიან. მათ, როგორც მოგზაურ ძაღლებს, თავიანთი “ფეისბუკ”-გვერდი და “ინსტაგრამ”-გვერდიც აქვთ.

– გემით მოგზაურობა რით არის საინტერესო?
– არ გვაქვს დრო გამიჯნული ამა თუ იმ ქალაქისა თუ ქვეყნისათვის. რეალურად, გემი დიდ თავისუფლებას გვაძლევს. ამავდროულად, შორდები იმ ყოველდღიურ ნეგატივს, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია და უახლოვდები ბუნებას, აკვირდები ოკეანის ბინადრებს, ფრინველებს, ვარსკვლავებს… ნაკლები დრო გვრჩება ეკრანისთვის, ახალი ამბებისთვის. უფრო ხშირად ვკითხულობთ წიგნებს და ვურთიერთობთ ადამიანებთან. მეტი მეგობარი გავიჩინეთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში…

– როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე გემზე?
– არასოდეს ერთნაირი დღე არ გვქონია, თუმცა არის რაღაცები, რასაც გვერდს ვერ აუვლი: მაგალითად, თუ ნაპირთან ვართ, დილა იწყება ძაღლების გასეირნებით. დილით გემის დასუფთავებაში ანაბელი მეხმარება, მერე გარკვეული დრო ეთმობა მეცადინეობასა და მუშაობას… საღამოობით ვახშამი, წიგნების კითხვა, საოჯახო თამაშები, რუკაზე მუშაობა და დაგეგმარება ან კიდევ, მუსიკის საათები გვაქვს: რალფი გიტარაზე უკრავს და თან მღერის, ანაბელი უკულელეზე დაკვრას სწავლობს, მე კიდევ, ელექტროფორტეპიანო მაქვს, რომელსაც ხანდახან “ვეთამაშები”. თუ პორტში არა ვართ და ოკეანეში ვიმყოფებით, დღის განრიგი იცვლება და უფრო მეტი დრო და ენერგია გემის მართვას, უსაფრთხოებას ეთმობა. ოკეანეში ყოფნისას ღამე ერთმანეთს ვენაცვლებით, ყოველ ოთხ საათში ერთხელ, რათა უსაფრთხოდ ვიმოგზაუროთ.

– გემზე ქართულ კერძებს თუ ამზადებთ? 
– ანაბელს ძალიან უყვარს ქართული კერძები, ამიტომ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, მოვამზადოთ. თუმცა, გემზე საკმაოდ რთულია პროდუქტის შენახვა და შესაბამისად, რაც “ხელში მოგვხვდება”, იმას ვამზადებთ. რალფს ძალიან უყვარს “ოჯახური” და “ჩიხირთმა”.

– საბოლოოდ, რომელ ქვეყანას აირჩევთ საცხოვრებლად, ეს თუ გაქვთ გადაწყვეტილი?
– ამაზე ლაპარაკი შეუძლებელია. ჩვენ ბევრი ადგილი უნდა მოვიაროთ და დარწმუნებული ვართ, რომ სადღაც აუცილებლად ვნახავთ ქალაქს თუ ქვეყანას, რომელიც ეგრევე “ჩვენი” გახდება. ჯერჯერობით კი შეიძლება ითქვას, რომ ძიების პროცესში ვართ.

წყარო:http://gza.kvirispalitra.ge

onalem

ტესტ