პროვოკაცია: ბერძენი ონკოლოგიური პაციენტები მედიკამენტებისთვის თურქეთში მიდიან

ფაქტი, რომ ჯანდაცვის სისტემა საბერძნეთში სავალალო მდგომარეობაშია, ტყუილი და ჭორებზე დაფუძნებული ნამდვილად არ არის. როგორც ჩანს, თურქულმა მხარემ სწორედ ამ შემთხვევით ისარგებლა და სკანდალური სტატია გამოაქვეყნა.

თურქული პრესა იტყობინება, რომ ბერძნები, რომლებიც კიბოთი არიან დაავადებული, იძულებული არიან, მედიკამენტებისა და მკურნალობისთვის თურქეთს მიმართონ.

აშკარაა, რომ თურქეთი ცდილობს საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო სუსტად წარმოჩენას.

სტატია გაზეთ ”Gazetduvar”-ში დაიბეჭდა, რომელშიც წერია, რომ ბერძნები თესალონიკიდან, ეგეოსის კუნძულებიდან და ლარისადან თურქეთში მიდიან, რათა მედიკამენტები შეიძინონ.

მოგვიანებით იგივე სტატია გამოქვეყნდა გაზეთ ”Hürriyet”-ში, რომელიც იტყობინება, რომ 2010 წელს დაწყებულმა კრიზისმა ბერძნების ყოველდღიურ ცხოვრებას დაღი დაასვა.

ორივე პუბლიკაციაში მოყვანილია თესალონიკელი ექიმის სიტყვები, რომლის სახელი და გვარიც არ არის დასახელებული: ”პრობლემა ძირითადად ორი სახისაა. ერთის მხრივ, ნორმალური პირობებისა და ხელმისაწვდომი ფასების არარსებობა. ხოლო მეორეს მხრივ, უკანასკნელ წლებში გართულდა მედიკამენტების აფთიაქებში მოძიება, ვინაიდან, მათ აფთიაქები უბრალოდ არ ყიდულობენ, რადგან შიშობენ, რომ სახელმწიფო მის ღირებულებას ვერ დაფარავს.”

”ბერძენი ექიმები ჩივიან, რომ პრობლემა მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტებს კი არ ეხებათ, არამედ ყველა საავადმყოფოში საგანგაშო მდგომარეობაა. ამასთანავე, კრედიტორების ზეწოლის ქვეშ, მთავრობა ახალი ”მსხვერპლისთვის” ემზადება,” – წერია გაზეთ Hürriyet-ში.