fbpx
ემიგრაციული სიახლეები

პირველი ბერძნულ-ქართული ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50-მდე ბერძნულმა და ქართულმა კომპანიამ.

2017 წლის 8-9 ივნისს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის, საბერძნეთის მსხვილ მეწარმეთა ასოციაცია SEV-ისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანა-ორგანიზებით, ქ. თბილისში ტექნოლოგიურ პარკში ჩატარდა პირველი ბერძნულ-ქართული ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50-მდე ბერძნულმა და ქართულმა კომპანიამ.

ბერძნულ ბიზნეს-დელეგაციას ხელმძღვანელობდა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ-ნი ტერენს-ნიკოლაოს ქუიქი, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბ-ნ დავით ჯალაღანიასთან ერთად გახსნა პირველი ქართულ-ბერძნული ბიზნეს-ფორუმი. როგორც ტერენს-ნიკოლაოს ქუიქმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, რაც კარგ საფუძველს ქმნის ბიზნესის კეთებისთვის და, ამ მხრივ, საქართველოში ხელსაყრელი გარემოა შექმნილი.

”იმედი მაქვს, რომ ბიზნეს-ფორუმი ნაყოფიერი იქნება. შედეგი ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. ბერძნული კომპანიები დაინტერესებული არიან ინვესტიცია საქართველოში განახორციელონ. ვფიქრობ, აქ არსებული ბიზნეს-გარემო კარგია ჩვენი კომპანიებისთვის. ჩვენ უნდა განვამტკიცოთ არსებული ბიზნეს-კავშირები. ვფიქრობ, დღეს ჩანიშნული პირისპირ შეხვედრები ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან უფრო მეტ თანამშრომლობას მოიტანს”, – განაცხადა ტერენს-ნიკოლაოს ქუიკმა.

ბერძნული კომპანიების ინტერესის ძირითადი სფეროებია – მშენებლობა, სამშენებლო მასალები, სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა, საბანკო საქმე და სხვა მიმართულებები. ქართველ და ბერძენ ბიზნესმენებს შორის ფორუმის პარალელურად გამართული ორმხრივი შეხვედრების დროს ინტერესის და თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები გამოიკვეთა და განხილული იქნა კონკრეტული წინადადებები.

ბერძნული ბიზნეს-დელეგაციის თბილისში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები ასევე გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბ-ნ დავით ჯალაღანიასთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გიორგი ჩერქეზიშვილთან. ბერძნული დელეგაცია ასევე ეწვია თბილისის იუსტიციის სახლს, გაეცნო იუსტიციის სახლის კონცეფციასა და საქართველოში სამოქალაქო ადმინისტრირების სისტემის მუშაობის სპეციფიკას.

onalem

ტესტ