fbpx
კრიმინალისაზოგადოება

პაკისტანელები პოლიციის ოფიცერს მათ გაძარცვაში ადანაშაულებენ

პაკისტანელების მიერ პოლიციის თანამშრომლის ცემის ფაქტი, რომელიც გუშინ მოხდა, ამ დრომდე საიდუმლოებებითაა მოცული.

ნაცემი პოლიციელი შინაგან საქმეთა დეპარტამენტის შენობაში იმყოფება დაკითხვაზე. იგი სასტიკად სცემეს პაკისტანელებმა გუშინ, შეტაკების დროს. მას გატეხილი აქვს ცხვირი, ყბა და ჩამსხვრეული აქვს კბილები. თავზე კი, 30 ნაკერი ადევს.

შემთხვევა ხუთშაბათს, ღამის 3 საათზე მოხდა, როდესაც მამაკაცმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ ხმაური ესმოდა და ეშინოდა, ძარცვა ან რაიმე კრიმინალური დანაშაული არ მომხდარიყო.

ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს შეტაკება მოუხდათ პაკისტანელ ემიგრანტებთან, რომლებიც სამართალდამცავებს ბინის აივნიდან ხის საგნებს და ქვებს ესროდნენ. პოლიციამ მაინც მოახერხა მეორე სართულზე ასვლა, დამნაშავეებთან შეტაკება და მათი განიარაღება.

თუმცა, შეტაკების დასრულების შემდეგ, სამართალდამცავებმა ბინაში, სკამზე თოკით მიბმული და სასტიკად ნაცემი, 34 წლის მამაკაცი იპოვეს, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიციის ოფიცერი იყო.

დაშავებული ოფიცერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო პაკისტანელი ემიგრანტები პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს ახსნა-განმარტების მისაცემად.

რას ამტკიცებს ნაცემი პოლიციელი თავის ჩვენებაში

დაშავებულმა პოლიციელმა საკუთარი ვერსია შესთავაზა სამართალდამცავებს.

“მოტოციკლზე ვიჯექი, როდესაც 2 ადამიანი დავინახე და ვიფიქრე, რომ შეტაკების წევრები იყვნენ, დავუყვირე მათ და ვუთხარი, რომ პოლიციის თანამშრომელი ვიყავი. ისინი თავს დამესხნენ, ხოლო როცა ვკითხე, რატომ აკეთებდნენ ამას, ცემა დამიწყეს”, – განაცხადა დაშავებულმა.

“მე თავის დაცვა დავიწყე, თუმცა მოულოდნელად ბინის კარი გაიხსნა და იქიდან 15 კაცი გამოვიდა, მათ მოახერხეს ჩემი ბინაში შეყვანა”, – დაამატა მან.

თავდაცვის მცდელობისას, თავისი თქმით, პოლიციელმა მოახერხა ბინის კარამდე მიღწევა, თუმცა სახელური არ ჰქონდა და გახსნა ვერ მოახერხა. “მათ დამიჭირეს, კვლავ ცემა დამიწყეს და სკამზე მიმაბეს. მუშტებს მირტყამდნენ და დანის ტარით მცემდნენ. ტკივილი ვიგრძენი მარჯვენა ყურთან, არ ვიცი დანა იყო, თუ დანის ტარი.”

გამოძიების მიერ დადგენილი დეტალები

პოლიციის თანამშრომლები იძიებენ იმას, თუ რატომ არ დარეკა დაზარალებულმა, დაუყოვნებლივ, განყოფილების ქოლ-ცენტრში, რადგან იგი იმ დროისთვის არ ასრულებდა სამსხურეობრივ მოვალეობას. ასევე, საინტერესოა, რატომ “შეეჭიდა” იგი პაკისტანელებს მარტო, ისე, რომ თავისი კოლეგებისთვის დახმარებაც არ უთხოვია.

ასევე, აღსანიშნავია, რომ პაკისტანელები პოლიციის ოფიცერს ძარცვაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მან ორჯერ ჩამოართვა მათ დიდი რაოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი. ასევე აღნიშნეს, რომ სამართალდამცავმა, თავის 2 კოლეგასთან ერთად, მომხდარიდან სულ რაღაც 2 საათით ადრე “მოინახულა” პაკისტანელები.

პოლიცია განიხილავს თეორიას, რომ აღნიშნულ ოფიცერს და პაკისტანელებს შორის ინციდენტი, სიგარეტის კონტრაბანდასთან დაკავშირებული, შესაძლო უთანხმოების გამო მოხდა.

პოლიცია ამოწმებს ნაცემი ოფიცრის მობილურ ტელეფონს და მის საბანკო ანგარიშებს.

ასევე, საეჭვოა ის ფაქტიც, რომ დაშავებულს, შემთხვევის დროს, იარაღი ჰქონდა თან, მაგრამ, რატომღაც, იგი არ გამოუყენებია არც თავად ოფიცერს და არც პაკისტანელებს, რომლებმაც პოლიციელი სცემეს.

onalem

ტესტ