“ორი ბოთლი წამლები მქონდა მიღებული, მისი მოკვლა არ მინდოდა” – 18 წლის გოგონას მამა

პეტრუპოლში 2017 წლის 18 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი ჩატარდა, სადაც კიდევ ერთხელ დაიკითხა 56 წლის მამაკაცი, მამა, რომელმაც თავისი 18 წლის გოგონა მოკლა. ის ამტკიცებს, რომ ფსიქოტროპული წამლები ჰქონდა მიღებული და სინამდვილეში ამან უბიძგა აღნიშნული ქმედებისკენ, თავად კი მისი მოვკლა არ სურდა.

ახალგაზრდა გოგონა საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. როგორც ექსპერტიზამ დაასკვნა, მამა მას პირსა და ცხვირზე ხელს აფარებდა და სუნთქვა აღარ შეეძლო, ასევე დანით ჭრილობები მიაყენა სახის და გულმკერდის არეში. შემდეგ კი გარეთ გამოვიდა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.

ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს, მაგრამ გოგონა ვერ გადარჩა. პროკურორის განცხადებით, მამაკაცს მისი მოკვლა უნდოდა და ერთი წამითაც არ დაუხევია უკან. ასევე არ დასტურდება, რომ მას რაიმე ფსიქიკური დარღვევა აქვს.

“დასკვნების მიხედვით, მას ინტენსიური სტრესი ჰქონდა. დეპრესიამ შეიძლება იმოქმედოს ადამიანზე, მაგრამ ნახევარ საბერძნეთს დეპრესია აქვს, ეს ნიშნავს, რომ ამის ფონზე შეიძლება საკუთარი შვილი მოკლა?!” განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება თავად მამაკაცის ჩვენებას, პროკურორის მიერ დასმულ კითხვებზე ის პასუხობს:

– მე მივიღე ორი ბოთლი ფსიქოტროპული წამლები. ჩემი გონება გადატრიალდა და მთელი სამყაროც. მე მასთან დედამისზე საუბარი ვცადე, მაგრამ არაფერს ამბობდა. ამის შემდეგ არ ვიცი რა მოხდა.
– თქვენ ის მოკალით!
– არაფერი მახსოვს. მე არ მინდოდა ჩემი შვილისთვის რამე დამეშავებინა. მე ასეთი არ ვარ, ჩემი ცოლი ვერ იტყვის, რომ ბავშვზე ოდესმე მიძალადია.
– ნანობთ?
– მინდა მის გვერდით ვიწვე.
– ფიქრობთ, რომ თქვენ მოკალით თქვენი შვილი?
– ასე ჩანს…

ასევე ცნობილია, რომ გოგონა დედას, რომელიც კორფუზე იმყოფებოდა, ატყობინებდა, რომ ათენში არ დაბრუნებულიყო, ამით, თითქოს, მის გაფრთხილებას ცდილობდა და სწორედ ეს მესიჯები გახდა მამა-შვილს შორის შეკამათების მიზეზი, რომელიც ფატალურად დასრულდა.

სასამართლო პროცესი 10 დეკემბერს განახლდება.

melano

ტესტ