“ნაპოლეონი”, ანუ ერთი ტორტის უჩვეულო თავგადასავალი

სიტყვა ნაპოლეონი მრავალფეროვან ასოციაციებს აღვიძებს : კორსიკა და ელბა, სამკუთხა ქუდი და წითელზოლიან მუნდირში გამოწყობილი იმპერატორი, წმ. ელენეს კუნძული, ჟოზეფინა, აუსტერლიცი, ვატერლოო, დადიანებიც კი … მაგრამ გარდა ამისა ნერწყვის მოჭარბებასაც იწვევს ეს სიტყვა, ვინაიდან ტორტი “ნაპოლეონი” თითოეული ჩვენგანისათვის უსაყვარლესი ტკბილეულია.
ზოგიერთის მტკიცებით, ნამცხვრის სახელწოდება უშუალოდაა დაკავშირებული ნაპოლეონის სახელთან.
ამბობენ, რომ ერთხელ ჟოზეფინამ იმპერატორი ერთ-ერთ ფრეილინასთან არშიყის დროს შეისწრო. ჟოზეფინა იმდენად გაბრაზდა, რომ ორგულ მეუღლეს საძინებელში შესვლაც კი აუკრძალა. ეჭვების გასაქარწყლებლად, ნაპოლეონმა მარშალ დავუს რჩევის მიხედვით, ჟოზეფინას განუცხადა, რომ ფრეილინასაგან უგემრიელესი ტორტის რეცეპტის გაგებას ცდილობდა(ჟოზეფინა ტკბილეულის დიდი მოყვარული გახლდათ). მეუღლემ იმპერატორს სასწრაფოდ მოსთხოვა აღნიშნული ტკბილეულის დამზადება. ნაპოლეონმა ბრძანება მზარეულებს გადასცა, ხოლო იმათ აიღეს ერთ-ერთი ძველი რეცეპტით მომზადებული ცომი, გამოაცხვეს ფენოვანი ფირფიტები და ახლად გამოგონილი კრემი გადაუსვეს. ტორტმა ჟოზეფინას ეჭვები გაუქარწყლა და მას მეუღლის სახელიც უწოდა.
მეორე ვერსიის მიხედვით, ნამცხვარი 1912 წელს რუსმა კონდიტერებმა შექმნეს ნაპოლეონზე გამარჯვების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ნამცხვარს, თავდაპირველად, სამკუთხა ფორმა ჰქონდა, რაც სიმბოლურად იმპერატორის ქუდს აღნიშნავდა.

test2
ზემოდ მოყვანილი ორივე ვერსია ფანტასტიკის ჟანრს შეგვიძლია მივაკუთვნოთ, ვინაიდან არც ერთი არ შეესაბამება სინამდვილეს: ნამცხვარი, თურმე ნაპოლეონზე გამარჯვებამდეც იყო ცნობილი, მის იუბილემდეც და თვით ნაპოლეონის დაბადებამდეც კი.
“ნაპოლეონის” შექმნის მესამე ვერსია გვიამბობს, რომ ნამცხვრის სახელი იტალიის ქალაქ ნეაპოლს უკავშირდება.
ფენოვანი ცომის გამოგონების იდეა ფრანგ მზარეულს_კლავდი გელეს ეკუთვნის. ჯერ კიდევ 1645 წელს, ამ ნიჭიერმა კონდიტერმა, ხრაშუნა ფენები დააცხო იმ ტექნოლოგიით, რომელსაც ჩვენ დღესაც ვიყენებთ. ფენოვანი ცომის გამოგონების შემდეგ გელე, გამოცდილების შესაძენად, იტალიაში გაემგზავრა და ფლორენციაში ერთ-ერთ საცხობში დაიწყო მუშაობა. სასამართლო საბუთები გვამცნობს, რომ საცხობის მფლობელებმა ფრანგ მზარეულს მოპარეს ცომის დამზადების რეცეპტი და საქმე სასამართლომდეც მივიდა. სასჯელის ასაცილებლად საცხობის მფლობელ ძმებს გვარად მოსკა ნეაპოლის სამეფოსათვის შეუფარებიათ თავი. იქ მათ მოპარული რეცეპტით ტკბილეულის დამზადების ბიზნესი აუწყვიათ. “ნაპოლიტანოს” სახელწოდებით ამ ტკბილეულს ისევ საფრანგეთამდე ჩაუღწევია. ლუდოვილოს კარზე ფენოვანი ტკბილეული იმდენად შეუყვარდათ, რომ მას სახელიც კი შეუცვალეს და “სამეფო გალეტა” უწოდეს.
სავარაუდოდ ამ სახელით ტკბილეულამა რუსეთში ჩამოაღწია, მაგრამ ნაპოლეონის სახელს უკეთ შეჩვეული რუსული ყური “ნაპოლიტანოს” “ნაპოლეონით” ცვლის. ამგვარად შემორჩა ამ მშვენიერ ტორტს იმპერატორის სახელი.
საფრანგეთში კი რევოლუციის შემდეგ ტორტს სამეფო გალეტის ნაცვლად “ასფურცელა” შეარქვეს, ანუ Millefeuille. ევროპული ტექნოლოგიით, გამოცხობის წინ ფენოვან ცომს ჩანგლით ჩხვლეტენ. ასეთი ცომი ცხობისას ძალიან აღარ ფუვდება, თუმცა ფენები მაინც გამოკვეთილია და სიხრაშუნესაც ინარჩუნებს.
ასეა თუ ისე, ჩვენთვის “ნაპოლიტანო” სამუდამოდ “ნაპოლეონად” დარჩება…
და ვის სახელსაც არ უნდა ატარებდეს, ფაქტი ფაქტად რჩება: ნაპოლეონი, ალბად, ერთადერთი ტორტია, რომელმაც საუკუნეების გამოცდას გაუჩლო და ფანების მილიონიანი ერმია შეკრიბა.
სიყვარულით, თქვენი მზია !!!

ქალბატონი მზიას facebook group შეგიძლიათ იპოვოთ აქ!