მკაცრი გაფრთხილება ათენს BREXIT–ის შემდგომ


ბრიუსელიდან მკაცრი გაფრთხილება მიიღო საბერძნეთის ხელისუფლებამ განსახორციელებელი რეფორმების დაჩქარების მოთხოვნით. კერძოდ, ერთ–ერთმა მაღალჩინოსანმა ევრო/ჩინოვნიკმა განუცხადა ბერძენ ჟურნალისტებს:  “არაა მოსალოდნელი, რომ BREXIT–ი მოახდენს უშუალო ზეგავლენას საბერძნეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ აუცილებელს ხდის რეფორმათა პაკეტის პროგრამის დაჩქარებას. ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ყველაფერი ბოლო წამს, სექტემბრისთვის მოხდეს, როცა მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზება ივლისში ან, ყველაზე მეტი, აგვისტოშიც შეიძლება. საბერძნეთმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ამის შემდეგ მასთან სალოლიავოდ იგივე დრო აღარ გვექნება – დღის წესრიგში ბევრად უფრო სერიოზული თემებია, სწორედაც რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით.”


საუბარი შეეხო, ასევე, მინიმალური ხელფასისი დაწესებას, მე–13 და მე–14 ხელფასების გაუქმებას და სამსახურიდან კოლექტიური დათხოვნის პრაქტიკასაც, რის შესახებ ევროემისარმა განაცხადა: “ჩვენ (ტროიკა) გახსნილი ვართ საუბრისათვის საბერძნეთის ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიზისის წინანდელ ეტაპს დავუბრუნდებით. უნდა განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ახალი ზღვარი, რაც ამჟამინდელის დაკლებას არ გულისხმობს. მე–13 და მე–14 ხელფასს რაც შეეხება, ევროკავშირის წარმომადგენლებს არასოდეს არ უთხოვიათ არც მათი გაუქმება  და არც შემცირება/გადანაწილება სხვა 12 ხელფასზე. საბერძნეთში ხელფასი კი არ არის პრობლემა, არამედ არასახელფასო დანახარჯები. კოლექტიურ დათხოვნებს რაც შეეხება, ეს კანონი ევროპულ სტანდარტებამდე უნდა წამოიწიოს – ევროპის არცერთ სხვა ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს სიტუაციას, რაც საბერძნეთშია, როცა პრობლემა შესაბამისი უწყების მინისტრის უშუალო ჩარევით ხორციელდება.”