“მელომაკარონა” – იცით რეცეპტი?

Μελομακάρονο
ისტორია და რეცეპტი

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტკბილეულის სახელწოდებაში იტალიური მაკარონი არის გაჟღერებული, სიტყვის ეტიმოლოგია ბერძნული გახლავთ.
“მაკარონი”, თურმე, შუასაუკუნეების ბერძნული «μακαρωνία»-დან მოდის. მაკარონია, მიცვალებულისადმი მიძღვნილი, ცომეულით გაწყობილი ვახშამი ყოფილა. თვითონ სიტყვას – “მაკარონია” (μακαρωνία), საფუძვლად, არქაულ საბერძნეთში მიღებული “მაკარია” (μακαρία) უდევს. მაკარია იყო მცირე ზომის ცომეული, რომელსაც დაკრძალვაზე მისულებს ურიგებდნენ ცერემონიის დასრულების შემდეგ. დროთა განმავლობაში, ამ ცომეულზე, თაფლის (μέλι) გადასხმა დაიწყეს და ამგვარად გახდა μέλι+μακαρία = μελομακάρονο, ანუ “მელომაკარონო” .
ლათინებმა, შემდეგ კი იტალიელებმა, სიტყვა მაკარონი გამოიყენეს როგორც maccarone, ხოლო ფრანგებმა, შემდეგ კი ინგლისელებმაც, ნუშით მომზადებულ ორცხობილას სახეობას უწოდეს «macaroon».
საბერძნეთში, ამ ტკბილეულის მოსამზადებელი, ათასგვარი რეცეპტი არსებობს.
დღეს მე შემოგთავაზებთ, ცნობილი ბერძენი შეფ-მზარეულის, ტასოს ალექსიუს მიერ მომზადებული, მელომაკარონის რეცეპტს.

სტატიის დედანი შეგიძლიათ იპოვოთ Facebook გვერდძე: MZIAS SUPRA. ავტორი: მზია გურეშიძე.
საჭირო პროდუქტების სია:

400 ml მზესუმზირის ზეთი
100 gr შაქარი
50 ml ლუდი
50 ml კონიაკი
50 ml ფორთოხლის წვენი
2 ფორთოხლის გახეხილი ცედრა
½ ჩ.კ. მარილი
½ ჩ.კ. მიხაკი
½ ჩ.კ. დარიჩინი
½ ჩ.კ. ჯავზი
1 ჩ.კ. სოდა
1 კგ რბილი ფქვილი

სიროფი:
1,5 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა თაფლი
1,5 ჭიქა წყალი

მომზადება:
– ავთქვიფოთ ზეთი და შაქარი – შაქრის გადნობამდე.
– შევურიოთ სხვა ინგრედიენტები და ბოლოს, ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი.
– მიღებული ცომისაგან გამოვძერწოთ მელომაკარონის ფორმის შესაბამისი ნაჭრები და გამოვაცხოთ 180 – 200 გრადუსზე, დაახლოებით 25 – 30 წუთის განმავლობაში.
გამოცხობის შემდეგ მოვასხათ სიროფი და მოვაყაროთ გატარებული ნიგოზი.