მაგიური ქვეყანა და ულამაზესი ანბანი, ანუ რატომ “საქართველო” და არა Грузия ან Georgia – Georgians.gr

მაგიური ქვეყანა და ულამაზესი ანბანი, ანუ რატომ “საქართველო” და არა Грузия ან Georgia

უცხოელის თვალით დანახული საქართველო – ინტერვიუ ალექსანდრა ზახვატკინასთან.

Sakartvelo lovers — ეს ახალი ბრენდია რუსეთში. ალექსანდრა ამბობს, რომ მისი შთაგონების წყარო საქართველოს მთებში გატარებული ვარსკვლავებიანი ღამეები და აჭარის ცაა. ალექსანდრას სამოსს უმალ ამოიცნობთ ქართულენოვანი წარწერებით: “გამარჯობა”, “სიყვარული არსებობს”, “რამ გაგაბედნიერა დღეს”, “ყველაფერი მარტივია” და სხვა.

ინტერვიუში ალექსანდრამ გაამხილა, რამ აიძულა, ყველა საქმე მიეტოვებინა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულიყო და საკუთარი ბრენდის მეშვეობით სააშკარაოზე გამოეტანა ის სიყვარული, რომელიც მასში საქართველომ აღძრა.
— მწამს, რომ არანაირი სიყვარული არ უნდა დარჩეს გაუმხელელი! ამიტომ საქართველოსადმი მთელი ჩემი სიყვარული მოხერხებულ და ლამაზ ნივთებად “გადავადნე” და საქვეყნოდ გამოვფინე.
ჩვენს კაბებსა თუ მაისურებზე, რვეულებსა თუ მხატვარ ანა ბლინოვას ნახატებზე ყველა ფორმით გადმოვცემთ ქართული ანბანის სილამაზეს: ქართულ ენაზე ვპრინტავთ და ვქარგავთ მათზე მნიშვნელოვან გზავნილებს, გადმოვცემთ განწყობას “საქართველო”.
Sakartvelo lovers-ის ნივთები ახლა მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მაღაზიებში იყიდება და უამრავი ადამიანი ატარებს მურმანსკიდან ბერლინამდე. ხალხი, ვისაც საქართველო უყვარს, “სიყვარულის გამტარებს” გვეძახის.

თქვენი ქვეყანა ორი წლის წინ გავიცანი. 2015-ის ზაფხულში ერთკვირიანი შვებულება მქონდა და დღემდე არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე მაშინ, ეს მცირე დრო საქართველოში გამეტარებინა. მეგობრებს გამოვუცხადე, მარტო მივდივარ უცნობ საქართველოში-მეთქი და ჩამოვედი. იმ ერთ კვირაში თბილისიც მოვინახულე, ყაზბეგიც, მცხეთაც, ბათუმიც, ბორჯომიცა და ვარძიაც. საოცარი შთაბეჭდილებებით დავიხუნძლე და უზომოდ შემიყვარდა ეს ქვეყანა.
უპირველესად, ხალხმა გამაოგნა. მარტო ვიყავი უცხო ქვეყანაში, მაგრამ სულაც არ ვგრძნობდი თავს მარტო. გამუდმებით ვიღაცას ვეცნობოდი, ვურთიერთობდი და მათგან უამრავ საინტერესო ისტორიას ვისმენდი.
მოსკოვში დაბრუნებული კი მივხვდი, რომ მორჩა, დროა ცხოვრება შევცვალო! სამსახურიდან წამოვედი — არადა, ძალიან კარგი და მაღალანაზღაურებადი სამსახური მქონდა, იტალიის საელჩოში PR-მენეჯერად ვმუშაობდი — ბილეთი ავიღე და საქართველოში დავბრუნდი. სამი დაუვიწყარი თვე გავატარე აქ. ბევრი ვიმოგზაურე — სვანეთშიც ავაღწიე და კახეთსაც ვესტუმრე. უამრავი ადგილი მოვინახულე, მერე კი ისევ მოსკოვისკენ ავიღე გეზი.

 

მშობლიურ ქალაქში დაბრუნებიდან ოთხი დღის შემდეგ სამკერვალო საწარმო მოვძებნე, რადგან დიდი ხანია, მინდოდა, დიზაინერის დიპლომი “ამომექმედებინა”. თავად არ ვკერავ, მოთმინება არ მყოფნის ამ მონოტონური საქმიანობისთვის. რაღაცეების მოფიქრება უფრო მხიბლავს.
— გამოდის, რომ საქართველოში მოგზაურობამ გადაგაწყვეტინათ, ცხოვრება კარდინალურად შეგეცვალათ?
— სწორედაც რომ! ეს რაღაც სიგიჟე იყო. ის კი არა, ქართულის სწავლაც კი დაიწყე. უკვე კითხვაც ვიცი და ძალიან მიხარია, როცა საუბარში ნაცნობ სიტყვებს ვიჭერ. თვითმასწავლებელი შევიძინე და გამუდმებით ვკითხულობ.
— რატომ “საქართველო” და არა “Грузия” ან “Georgia?”

 — ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი მომენტია: ქართველები ხომ “საქართველოს” უწოდებთ საკუთარ ქვეყანას? თანაც, ეს სიტყვა ძალიან მომწონს — ლამაზად ჟღერს. ბევრისგან მსმენია, რთულად გამოსათქმელი სიტყვააო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. უბრალოდ, ხალხს ყური არ აქვს მიჩვეული.
სამოსზე ქართული წარწერების გამოყენებაც იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან მელამაზება თქვენი ანბანის მოხაზულობა. პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ ეს რაღაც საოცრება იყო — მართალია, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი, მაგრამ გამაოგნებელი ორნამენტი. და მივხვდი, რომ ტანსაცმელზე წარწერები სწორედ ამ ენაზე უნდა გამეკეთებინა.
ჩემი ბრენდი — ეს საკმაოდ ვიწრო მიმართულებაა, თუკი სამოსის მარკაზე ვისაუბრებთ. ის ერთ ქვეყანას ეძღვნება, მაგრამ თავად ვარ გაოგნებული, რამდენი ადამიანი მწერს მადლობას, რომ სწორედ ასეთი ტანსაცმელი შევქმენი.
ჩემი კლიენტები ადგილობრივი რუსებიც არიან და უცხოეთში მცხოვრებნიც. ყველა მათგანი ნამყოფია საქართველოში და ყველას უყვარს ეს ქვეყანა. მწერენ, როცა გვინდა, ყოველთვის ვერ ვახერხებთ საქართველოში ჩასვლას, მაგრამ, სამაგიეროდ, თქვენი ტანსაცმელი გვახსენებს იქ გატარებულ უმშვენიერეს დღეებსო.

— როგორ ფიქრობთ, რით აიძულებს საქართველო ადამიანებს, ესოდენ კარდინალურად შეცვალონ გეგმები?
— ეს მაგიაა, ჯადოქრობაა, რაღაცნაირი ავადმყოფობაა. საქართველოში ნამყოფებიდან ვისაც კი ვიცნობ, ყველა ერთსა და იმავეს ამბობს, ყველა ერთსა და იმავეს გრძნობს. ახლა უკვე მერვედ ვარ თქვენს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ის, რაც არის საქართველოში და არ არის რუსეთში — ეს ხალხია! ჩვენებურები უფრო ჩაკეტილები არიან, აქ კი ქუჩაში შეიძლება ვინმეს გამოელაპარაკო, დაუახლოვდე, ტელეფონის ნომერი მისცე და თან დაუბარო, თუ რამეა, დამირეკეო. ასეთი რამ ჩვენთან უდიდესი იშვიათობაა.
37 ქვეყანა მაქვს მოვლილი. უამრავი ქალაქი მინახავს. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ქვეყანაში “ამინდს” ხალხი ქმნის და ქართველი ხალხი გამორჩეულია ამ მხრივ, ეს უმთავრესი რამაა თქვენს ქვეყანაში. ჰო, კიდევ კლიმატიც, ბუნებაც, კულტურაც, ისტორიაც, სამზარეულოც, არქიტექტურაც… მოკლედ, საქართველო ერთი დიდი შთაგონების წყაროა!.. ჯერ ერთი კაციც არ შემხვედრია, ვინც აქედან უკმაყოფილო წასულა უკან.

Sakartvelo Lovers-ის პროდუქცია ქართული წარწერით

 
 — არასდროს გინანიათ, რომ პრესტიჟული სამსახური მიატოვეთ იტალიის საელჩოში?

— არასდროს! ის კი არა, ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო, რაც კი ცხოვრებაში გადამიდგამს. იმიტომ რომ საქართველომ ყველანაირად შემცვალა.თბილისში რომ ჩამოვედი და მთაწმინდა დავინახე, კინაღამ ცრემლებად დავიღვარე.
იცით, მგონი აქ თავს კიდევ უკეთ ვგრძნობ, ვიდრე მშობლიურ ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ეს იმიტომ რომ აქ სხვანაირი ხალხია, სხვანაირი ატმოსფეროა, რაც გხიბლავს და ანდამატივით გიზიდავს.

წყარო:sputnik-georgia.com

 

 

melano

ტესტ