fbpx
საზოგადოება

ლესვოსი: მიწისძვრის დროს თინეიჯერმა გოგონამ ოჯახი სიკვდილისგან იხსნა

კუნძულ ლესვოსზე საშინელი მიწისძვრების სერია არ წყდება, ამ ამბებს კი თან ახლავს ადამიანთა გმირობები.

თინეიჯერმა გოგონამ პირველად მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა და თავისი 9 წლის ტყუპი ძმები და 11 წლის და სიკვდილისგან იხსნა. მათი სახლიც, ისევე როგორც ბევრი სხვა სახლი სოფელ ვრისიში, ნანგრევებად იქცა.

‘”ჩემმა უფროსმა გოგონამ, სოფიამ, თავისი უმცროსი და-ძმა გადაარჩინა, როცა სახლმა მიწისძვრისგან გრევა დაიწყო,” ამბობს გოგონას დედა მედიასთან საუბრისას. ის ძალიან ამაყობს საკუთარი შვილით.

როდესაც 12 ივნისს, 15:28 წუთზე 6,3 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, მშობლები სამსახურში იყვნენ, 15 წლის გოგონა კი სახლში თავის სამ დედმამიშვილთან: 11 წლის დასთან და 9 წლის ტყუპ ძმასთან ერთად იმყოფებოდა. 11 წლის გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

როდესაც ძლიერი რყევები დაიწყო, ბავშვებს საწოლებში ეძინათ, ხოლო მთავარი გასასვლელი, რომლითაც ისინი გარეთ გასვლას შეძლებდნენ, ნგრევისგან მომენტალურად ჩაიკეტა.

ჩვეულებრივ, მიწისძვრისას ხალხი ქუჩებში გარბის.

სოფიას მთავარი მიზანი საკუთარი თავის გადარჩენა არ ყოფილა. ის და-ძმაზე ზრუნავდა.

ის შიდა კიბით ბავშვების ოთახში ავიდა, სადაც მათ ეძინათ, აიყვანა თავისი 11 წლის და, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და მისი გარეთ გაყვანა შეძლო. შემდეგ, როცა დარწმუნდა, რომ გოგონა უსაფრთხოდ იყო, ძმების გადასარჩენად დაბრუნდა. ის ნახევრად დანგრეული სახლიდან ცდილობდა მათ გარეთ გაყვანას და შეძლო კიდეც.

”მე გავაკეთე ის, რაც უნდა გააკეთოს ოჯახის უფროსმა შვილმა. ჩემი და-ძმა ძალიან მიყვარს და დახმარების გარეშე ვერ დავტოვებდი, მიუხედავად იმისა, მეშინოდა თუ არა მიწისძვრის. როცა ძალიან გიყვარს, გაქვს ძალა, გააკეთო ყველაფერი,” განაცხადა გოგონამ გაზეთთან ინტერვიუში.

მიწისძვრის დროს, დედა სოფლის მეორე მხარეს სახლში დამლაგებლად მუშაობდა. ნგრევის შედეგად სახლის გასასვლელიც ჩაიკეტა, თუმცა დიდი მცდელობის შედეგად, მან შეძლო გამოეღწია და მაშინვე ოჯახისკენ გაემართა.

”როცა სახლთან მივედი, დავინახე, რომ ჩემი შვილები შეშინებულები და მტვრიანები იყვნენ. თუმცა, საბედნიეროდ, ცოცხლები. ჩვენი სახლი თითქმის სრულიად დანგრეული იყო. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ომი მომხდარიყო. თუ ჩემი პატარები გადარჩნენ, ამას სოფიას უნდა ვუმადლოდე. მან სიმამაცე და ისეთი მზრუნველობა გამოიჩინა, რომელიც უფროსებშიც კი ძალიან იშვიათია. ის ჩვენს ოჯახს მფარველ ანგელოზად მოევლინა,” ამბობს სოფიას დედა.

onalem

ტესტ