ქუთაისის მერის განცხადებით ქუთაისიდან მოსახლეობის ძირითადი გადინება 2011 წლამდე იყო

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, ქუთაისიდან მოსახლეობის ძირითადი გადინება 2011 წლამდე იყო.
როგორც მურღულიამ ტელეკომპანია “რიონის” გადაცემა “ობიექტურ აზრში” სტუმრობისას განაცხადა:
“ქუთაისი არის დასავლეთ საქართველოს საყრდენი ქალაქი. ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ სხვა ქალაქებზე და მისი განვითარების ტემპებზე, ყველა სტატისტიკური მონაცემებით, ქუთაისი არის მეორე ქალაქი და გეტყვით რას ვგულისხმობ ამაში: სტუდენტებისა და მოსწავლეების რაოდენობას, პედაგოგებისა და ლექტორების რაოდენობას და ა.შ. 2011 წელს ბათუმს შეემატა მახინჯაურის ტერიტორიის ნაწილი და სტატისტიკის დეპარტამენტი ამას ხაზგასმით ამბობს, რომ არ გეგონით, რომ ბათუმი გაიზარდა, უბრალოდ ბათუმს დაემატა ტერიტორია, სადაც 40-45 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მნიშვნელოვანი კლება და მოსახლეობის გადინება არამარტო ქუთაისიდან, არამედ მთელი საქართველოდან არის. სადღაც 700-800 ათასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. მე შემიძლია გითხრათ, რომ 2011 წლამდე იყო ქუთაისიდან ძირითადი გადინება –  განაცხადა ქალაქის მერმა.