“კურაბიე”- ისტორია და რეცეპტი

Qurabiya აზერულად, Kurabiye თურქულად, Κουραμπιές ბერძნულად… სიტყვა სიტყვით ნიშნავს Kuru = ხმელი, გამხმარი, გამომშრალი, biye = ბისკვიტი.
სიტყვა “ბისკვიტი” შუა საუკუნეებში გაჩნდა, თუმცა საფუძვლად ლათინური ფესვის მქონე bis-cuit უდევს, რაც ორჯერ გამომცხვარს ნიშნავს. ცხობის ამგვარ პროცესს ბერძნული ფესვები აქვს. არქაულ ბერძნულში მას δί-πυρον ერქვა და გამოიყენებოდა იმ მიზნით, რომ გამომცხვარი პურეული იოლად და მალე არ გაფუჭებულიყო. ძირითადად იმ დროში ამგვარად მომზადებულ პროდუქტს სამხედროები და მეზღვაუები გამოიყენებდნენ, ვინაიდან უწევდათ ხშირი და ხანგრძლივი მოგზაურობა.
ასე რომ, სიტყვა biscotto-ს მცდარად მიიჩნევენ ინგლისურიდან შემოსულს, მას ბერძნულ-ლათინური ფესვები აქვს და მჭიდროდ არის დაკავშირებული სიტყვა “კურაბიესთან”
————————————————————————————–
რაც შეეხება კურაბიეს, დღეს შემოგთავაზებთ Βέφα Αλεξιάδου, ანუ ვეფა ალექსიადუს, რომელიც საბერძნეთის ერთ-ერთი წამყვანი კულინარი გახლავთ, რეცეპტს.

სტატიის დედანი შეგიძლიათ იპოვოთ Facebook გვერდძე: MZIAS SUPRA. ავტორი: მზია გურეშიძე.

საჭირო პროდუქტების სია:

200 გრ კარაქი
200 გრ ნებისმიერი სხვა ცხიმი
100 გრ შაქრის ფქვილი
ვანილი
დაახლოებით 1 კგ ფქვილი
შაქრის ფხვნილი მოსაყრელად
200 გრ მოხალული და დაჭრილი (სურვილისამებრ) ნუში

მომზადების წესი:
– ყველა ცხიმი და 100 გრ დაფქული შაქარი ვთქვიფოთ მიქსეროთ, სანამ არ გათეთრდება და აფუვდება.
– დავუმატოთ 400 გრ ფქვილი, ნუში და ვანილი.
– თანდათანობით ვამატებთ დარჩენილ ფქვილს, მანამ, სანამ არ მივიღებთ რბილ, ფაფუკ ცომს, რომელიც არ გვეწებება ხელზე.
– სიფრთხილე: უნდა მოვზილოთ ნაზად და გავითვალისწინოთ, რომ კარაქიან ცომს არ უხდება ხანგრძლივი დამუშავება.
– გამოვძერწოთ სასურველი ფორმის ორცხობილები.
– გამოვაცხოთ 175° გახურებულ ღუმელში 30 წუთის(დაახლოებით) მანძილზე, მანამ, სანამ ცოტა ფერს არ გადაიკრავენ. გადმოვიღოთ შაქრის ფხვნილით დაფარულ ზედაპირზე და დავფაროთ ამავე ფხვნილით ყოველი მხრიდან, მანამ, სანამ ორცხობილები ჯერ კიდევ ცხელია.
– გაცივების შემდეგ მოვათავსოთ დახურულ ჭურჭელში, სადაც ინარჩუნებენ ვარგისიანობას დაახლოებით 1 თვე.