fbpx
ემიგრაციული სიახლეები

იუვეცი (გიუვეცი) — ბალკანეთში გავრცელებული კერძი

იუვეცი (გიუვეცი) საბერძნეთში და მთელს ბალკანეთში ოსმალეთიდან გავრცელებულ კერძს ეწოდება. დღეს უშუალოდ კერძის მომზადებით დავკავდებით, მის ისტორიას კი სხვა დროს მოგახსენებთ.

იუვეცის მთავარი ინგრედიენტები ხორცი, ბოსტნეული და კრითარაკი გახლავთ. კრითარაკი ბრინჯის ფორმის და ბრინჯის ზომის ( ან ცოტა უფრო დიდი) მაკარონი გახლავთ.  თუ საქართველოში კრითარაკი გაყიდვაში არ არის, შეგიძლიათ ის სხვა მცირე ზომის მაკარონით შეცვალოთ.

კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

1,5 კგ საქონლის ხორცი ( სურვილის მიხედვით შეგიძლიათ მოამზადოთ იგივე რაოდენობის ცხვრის ან თხის ხორცით, ფრინველის ბარკლებით და ა.შ.)

  • 1 დიდი ზომის პრასი
  • 2 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 150 მლ ღვინო
  • 600 გრ პომიდორი
  • 3-4  დაფნის ფოთოლი
  • 1 ჯოხი დარიჩინი
  • ნახევარი საშუალო ზომის ჯავზი (გახეხილი)
  • 1 -2 ჩ.კ. შავი პილპილის კაკლები
  • 50 გრ კარაქი
  • 50 გრ ზეთი
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი გემოვნებით
  • 500 გრ კრითარაკი ან სხვა მცირე ზომის მაკარონი
  • 1,2 ლ მდუღარე წყალი

მომზადების წესი:

  • ხორცი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად. ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ზეთი და მიღებულ ცხიმში სათითაოდ ყველა მხრიდან დავბრაწოთ ხორცის ნაჭრები;
  • დავჭრათ ხახვი ოთხკუთხედებად, პრასი მსხვილ რგოლებად, ნიორი და ოხრახუში წვრილად. გავხეხოთ სტაფილო სახეხზე;
  • მოვათავსოთ მოხრაკული ხორცის ნაჭრები ღრმა ქვაბში, ვშუშოთ წვენის ამოშრობამდე, დავასხათ ღვინო. როდესაც ღვინო აორთქლდება, ქვაბში დაბლენდერებული პომიდორი ჩავასხათ და სანელებლები დავამატოთ. ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი და დავასხათ 450-500 მლ წყალი;
  • ხორციან ქვაბში პრასი, ხახვი და სტაფილო მოვათავსოთ;
  • ძალიან დაბალ ტემპერატურაზე მივიყვანოთ ხორცი მოხარშვამდე. საჭიროების შემთხვევაში წყალი კიდევ დავამატოთ;
  • მანამ, სანამ ქვაბს ცეცხლიდან გადმოვდგამდეთ, ხორციან მასაში ოხრახუში და ნიორი მოვათავსოთ. ბოსტნეულიანი ხორცი გემოვნებით მარილითა და წიწაკათი გავაგემრიელოთ;
  • გავახუროთ ღუმელი 180-200 გრადუსამდე, მოვათავსოთ შიგნით იუვეცის მოსამზადებლად გათვალისწინებული თიხის ან სხვა მასალის ჭურჭელი. გავაჩეროთ 10-15 წუთი და ცხელ ჭურჭელში ხორციანი მასა გადავიტანოთ. დავასხათ 1,2 მდუღარე წყალი, ჩავყაროთ კრითარაკი (წვრილი მაკარონი) და კოვზით გავანაწილოთ ჭურჭელში მაქსიმალურად თანაბრად;
  • 15-20 წუთის მანძილზე ღუმელის კარები არ გამოაღოთ. ამ დროის გასვლის შემდეგ, ფრთხილად მოურიეთ იუვეცს და, თუ სურვილი გაქვთ, მოაყარეთ ყველი. მორევის შემდეგ იუვეცი კიდევ 3-5 წუთის მანძილზე გააჩერეთ ღუმელში. შემდეგ გამოიღეთ და 10 წუთი გააჩერეთ ხელშეუხებლად.

დამატებითი რეცეპტები შეგიძლიათ ნახოთ ქალბატონ მზიას გვერდზე -> https://www.facebook.com/mziassupra