გუფთა ბერძნულად (ლიმონითა და კვერცხით)

დღეს, ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ ზამთრის წვნიანს, საბერძნეთში გავრცელებული ერთ-ერთი წესის მიხედვით მოვამზადებთ.

საჭირო პროდუქტების სია:

600 გრ საქონლის ფარში
3 ს.კ. “მრგვალი” ბრინჯი (“კაროლინა”)
2 ხახვი
2 კვერცხი
2 ს.კ. ზეთი
ნახევარი კონა ოხრახუში
1 სტაფილო
1 კბილი ნიორი
1 პომიდორი
1-2 ლიმონი

სტატიის დედანი შეგიძლიათ იპოვოთ Facebook გვერდძე: MZIAS SUPRA. ავტორი: მზია გურეშიძე.

მომზადების პროცესი:
– მოვამზადოთ ფარში: 1 გატარებული ხახვი და ნიორი, წვრილად გახეხილი სტაფილო, ასევე წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ფარში, ბრინჯი და კვერცხის ცილები კარგად ავურიოთ ერთმანეთში.
– დიდ ჯამში ჩავყაროთ ფქვილი გუფთის გუნდების მოსამზადებლად. აქაურ გუფთებს ბევრად უფრო მცირე ზომისას აკეთებენ, ვიდრე საქართველოშია მიღებული, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ბურთულების ზომა თვითონვე განსაზღვრეთ. მოვამზადოთ გუფთები და ფქვილმოყრილ ლანგარზე მოვათავსოთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არ არის სავალდებულო იდეალური ფორმის გუფთების დამზადება – დუღილის პროცესში ისინი ბუნებრივად მიიღებენ ბურთის ფორმას.
– ფართე ქვაბში 1 გატარებული ან წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ მდუღარე წყალი, გატარებული პომიდორი და როდესაც დუღილს დაიწყებს, ფქვილში ამოსვრილი ბურთულები ჩავყაროთ მასში. ვინაიდან სიფრთხილე ჭირდება მორევის დროს, შეგიძლიათ ქვაბი უბრალოდ შეანძრიოთ ხოლმე. ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გუფთები ერთმანეთს ან ქვაბის ძირს არ მიეწებონ.
– როგორც კი გუბთებიანი წვენი დუღილს დაიწყებს, ცეცხლს დაუწიეთ და ადუღეთ 10 -15 – 20 წუთი. დრო არის დამოკიდებული გუბთების სიდიდეზე, ბრინჯი კი, ძირითადად, 10 – 15 წუთში მზად არის.
– გუბთის დუღილის პროცესში მოვამზადოთ კვერცხისა და ლიმონის ნაზავი. ავთქვიფოთ კვერცხის გულები და გავაზავოთ 3 – 4 ს.კ. გაგრილებული წვენით (შეგიძლიათ უბრალო წყალიც გამოიყენოთ) და ნელ-ნელა დავუმატოთ გაწურული ლიმონის წვენი (1 ან 2 _ თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე).
– გადმოვდგათ ქვაბი ცეცხლიდან, უმალ ჩავასხათ კვერცხის ნაზავი, ფრთხილად მოვურიოთ.
– გემოვნებით შევკმაზოთ მარილითა და შავი წიწაკით.
– 10 – 15 წუთში შეგიძლიათ სუფრასთან მიიტანოთ.