გორის მაჟორიტარის კომპანიამ 27.5 მილიონიანი ტენდერი მოიგო

გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ” 27.5 მილიონიანი ტენდერი მოიგო. გზების დეპარტამენტის დაკვეთით, “იბოლია” 2016-2020 წლებში შიდა ქართლში საგზაო სამუშაოების შესრულებისთვის ბიუჯეტიდან 27 505 800 ლარს მიიღებს. წელსვე სახელმწიფო იოსებ მაკრახიძეს თაღლითობასა და გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა საბოლოოდ მაკრახიძისთვის პროცესი ამნისტიით დასრულდა.

იბოლიას შესახებ:

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 1995 წელს დაფუძნებული კომპანია “იბოლიას” დირექტორი იოსებ მაკრახიძეა. მაკრახიძე ასევე ფლობს კომპანიის 40%-იან წილს, დანარჩენი წილები კი მის ნათესავებზე აქვს რეგისტრირებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, სამშენებლო კომპანია “იბოლია”გასული წლების მანძილზე მსხვილ ტენდერებში ხშირად იმარჯვებდა, 2011 წელს კომპანიამ ტენდერებში 7.5 მილიონი აიღო, 2012 წელს – 17.8 მილიონი, 2013 წელს – 15.4 მილიონი, 2014 წელს – 14 მილიონი, 2015 წელს – 24 მილიონი, 2016 წელს კი უკვე 8 მილიონი აქვს აღებული.

თაღლითობის ბრალდება და ამნისტია

იოსებ მაკრახიძეს სახელმწიფო 2012-2014 წლებში ტენდერების მიღება-ჩაბარების აქტებში გაკეთებული ფინანსური მაქინაციებისთვის ედავებოდა, რის შედეგადაც ბიუჯეტმა 80 ათასი ლარით იზარალა.

2016 წლის 22 აპრილის სასამართლო განჩინებაში წერია, რომ შპს “იბოლიას” დირექტორმა მიღება-ჩაბარების აქტებში არასწორი მონაცემები შეიტანა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, სახელმწიფო თანხების მითვისება განიზრახა. იმავე დოკუმენტის მიხედვით, იოსებ მაკრახიძემ 2012 წლის სექტემბერში, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერსა და 2014 წლის მარტში უკანონოდ მიითვისა 79 450 ლარი, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის, მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების მიხედვით ბრალი წარედგინა, რაც თაღლითობას, ანუ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას და მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევას გულისხმობს.

ამის შემდეგ, 2016 წლის 22 ივლისს, საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე, მაკრახიძის უფლებების დამცველმა 2012 წლის 28 დეკემბერს და 2016 წლის 24 ივნისს გამოცემული ამნისტიის შესახებ კანონების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სამივე ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა, რისი მიზეზიც მაკრახიძის ასაკი იყო. ამნისტიის კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულმა დანაშაული 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინა და ამ მომენტისთვის ის 70-ს გადაცილებულია მასზე შეიძლება ამნისტია გავრცელდეს.

მაკრახიძის გამარჯვება გორის ოლქში

იოსებ მაკრახიძე 30 ოქტომბრის მეორე ტურში ხმათა 85%-ის მიღებით ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. არჩევნებში მისი კონკურენტი თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ალასანია იყო, თუმცა ალასანიამ არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რის შედეგადაც მეორე ტურში ერთადერთი კანდიდატი იოსებ მაკხახიძე იყო. მან 8980 ამომრჩევლის ხმა მიიღო.

გორის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენისას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამნისტიით გათავისუფლებული მაკრახიძე ასე დაახასიათა – “ბატონი იოსები გორელი კაცია, მშენებელია, იყო გორის საგზაო სამმართველოს უფროსი. გორელები მას კარგად იცნობთ. თავადაც კარგად იცის, რა სჭირდება ქალაქს. დარწმუნებული ვარ, გორი გამოუცხადებს ნდობას ბატონ იოსებს.”

melano

ტესტ