fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთი: გოგონა, რომელსაც მთელი ემიგრაცია ეძებდა, დღეს ციხეში მოვინახულეთ

საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშე, ბატონი ივანე მიტატინიდისი & ათენის კულტურის ცენტრ “კავკასიის” დამფუძნებელი, ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე

ალბათ, ყველას გახსოვთ ქართველი გოგონა, რომელსაც მთელი ემიგრაცია ეძებდა რამდენიმე დღის მანძილზე საბერძნეთში. აღმოჩნდა, რომ სოფიკო კაციაშვილი დაკავებული იყო საბერძნეთის პოლიციის მიერ უსაბუთობის გამო. რამდენიმე დღის გაუჩინარების შემდეგ, სოფიკო ნაპოვნი იქნა საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშეს, უშუალო ჩარევის შედეგად.

დღეს, 8 მაისს, საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშისა და ათენის კულტურის ცენტრ “კავკასიის” ინიციატივით, განხორციელდა ვიზიტი ათენის უცხოელ მოქალაქეთა დაკავების იზოლატორში. სოფიკო კაციაშვილის გარდა, მოვინახულეთ კიდევ ორი დაკავებული ქალბატონი, რომელთა მონაცემებს გასაგები მიზეზების გამო, ვერ გაგიმხელთ.

დაკავებულ ქალბატონებთან ხანგრძლივი და გულახდილი საუბარი გაიმართა. დავინტერესდით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით და აღვუთქვით დახმარება ყველა შესაძლებელი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში. ეს იქნება ოჯახთან დაკავშირება თუ ლეგალური მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან.

დაკავების იზოლატორში მათი პირობების გაცნობისა შემდეგ, მათ გადაეცათ რამდენიმე ქართული წიგნი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ამ დაწესებულებაში მცირე ქართული ბიბლიოთეკის შექმნას.

რაც შეეხება პირადად სოფიკო კაციაშვილის სიტუაციას, მას იურიდიულად ეხმარება კერძო ბერძენი ადვოკატი (ბერძნული კანონმდებლობიდან გამომდინარე), რაც საქართველოს მხარეს არ აძლევს შესაძლებლობას მეტად ჩაერიოს აღნიშნულ პროცესში.

ვიზიტს, ასევე ესწრებოდა georgians.gr-ის წარმომადგენელი.