fbpx
რელიგიასაბერძნეთისაზოგადოება

გამოკითხვა: 10-დან 9 ბერძენი თვლის, რომ მისი კულტურა სხვისაზე მაღლა დგას

Pew Research Center-ის მიერ, ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 10-დან თითქმის 9 ბერძენს ( 89%) მიაჩნია, რომ  მათი კულტურა სხვა კულტურებზე აღმატებულია.  გამოკითხულთა 3/4 ნაწილი კი, თვლის, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა “ბერძენად” ყოფნის აუცილებელი ატრიბუტია.

კვლევა 34 ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 2015-2017 წლებში. მასში მონაწილეობა 56,000 ადამიანმა მიიღო. პასუხები დაყოფილია სამ რეგიონად: დასავლეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა.

საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპელებს განსხვავებული პოზიციები აქვთ რელიგიურ, სოციალურ და უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მაგალითად, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მაცხოვრებლები ნაკლებად შემწყნარებლები არიან მუსლიმების, ებრაელების, ერთსქესიანთა ქორწინების და აბორტის მიმართ.

საბერძნეთში, გამოკითხულთა მხოლოდ 31%-მა განაცხადა, რომ მუსლიმს ოჯახის წევრად მიიღებს. ნიდერლანდებში იგივე მაჩვენებელი 88%-ს უდრის, ხოლო ესპანეთში – 54%-ს.

ბერძნები, ასევე, განსაკუთრებულად უყურებენ ეროვნების საკითხს. გამოკითხულთა 76% თვლის, რომ ეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. მათ წინ მხოლოდ სომხები (82%), ქართველები (81%) და სერბები (78%) დგანან, იმ დროს, როცა ლატვიელების მხოლოდ 11%-მა გამოხატა მსგავსი რწმენა ეროვნების მნიშვნელობის შესახებ.

საბერძნეთი, ასევე, იმ ქვეყნების სიის სათავეშია, სადაც ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მათი კულტურა სხვისაზე მაღლა დგას (89%). ამის საპირისპიროდ, ესპანეთში მოსახლეობის მხოლოდ 20% თვლის საკუთარ კულტურას სხვაზე უკეთესად.

რაც შეეხება ერთსქესიანთა ქორწინებას, ბერძნების მხოლოდ 26% უყურებს მას დადებითად. შესადარებლად მოყვანილია შვედეთი, სადაც იგივე მაჩვენებელი 88%-ს უდრის. საქართველო კი, სიის ბოლოშია 3%-ით.

აბორტის საკითხზე, ბერძნები გაყოფილი არიან. გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ იგი უკანონოა, 45% კი, თვლის, რომ აბორტი კანონიერი უნდა იყოს.

კვლევამ აჩვენა, რომ ევროპაში ქრისტიანების რაოდენობა მცირდება. მაგალითად, ბელგიელების 83%-დან, რომლებიც ქრისტიანებად აღიზარდნენ, ამჟამად, ამ რელიგიის წარმომადგენლად მხოლოდ 55% გვევლინება. ნორვეგიაში, ანალოგიური მაჩვენებლები 79% და 51%-ია.

თუმცა, საბერძნეთში მსგავსი ტენდენცია არ აღინიშნება. 96% ქრისტიანად აღზრდილი ადამიანიდან, 93% კვლავ ქრისტიანად რჩება. საერთო ჯამში, ბერძნები ევროპაში ყველაზე რელიგიურები არიან, რადგან 55% ამბობს, რომ რელიგია მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ხოლო 38% ყოველთვიურად ესწრება რელიგიურ მსახურებას, 29% კი, ყოველდღიურად ლოცულობს. ამის საპირისპიროდ, ესტონელების მხოლოდ 6%-მა განაცხადა, რომ რელიგია მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

 

 

onalem

ტესტ