ემიგრანტის წერილი: “საკუთარ სახლში უცხო ვიყავი”

გამარჯობათ, იქედან გამომდინარე, რომ ხშირად ვკითხულობ თქვენ მიერ გამოქვეყნებულ წერილებს, გადავწიყვიტე მეც მომეწერა, ეს თემა მეც პირდაპირ მეხება,რადგან ემიგრანტად ყოფნის სიმწარე საკუთარ თავზე გამოვცადე.
საქართველოდან ათენში 2003 წელს გავემგზავრე. მიზეზი, ეკონომიკური მდგომარეობა იყო,რის გამოც მეუღლის და სამი შვილის დატოვება ერთ-ერთ სოფელში მომიწია. თითქოსდა ჩემი გაჭირვება არ მკმაროდა, თან გამყვა უამრავი ერთი და იმავე შინაარსის შემცველობის ფრაზები” სად ტოვებს ქმარ-შვილს” “წავა და აქეთ აღარ გამოიხედავს”
წამოვედი…
10 წლის განმავლობაში ათენში ვიყავი, მოგეხსენებათ მაშინ კომპიუტერული ტექნიკა საქართველოში არც თუ ისე ნაცნობი ხილი იყო, მითუმეტეს ისეთ სოფელში სადაც ოჯახი დავტოვე, ეს ფაქტი კიდევ უფრო ამძიმებდა ჩემი ემიგრაციაში ყოფნას. 3-4 წელი კავშირი ოჯახთან მხოლოდ ტელეფონის საშუალებით მქონდა.
2007წელს ჩემმა უფროსმა გოგომ სკოლა წარმატებით დაამთავრა. “ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე მოეწყო, თუმცა არ დავიწყებია, რომ მისი სწავლის გამო დედამისს დღეში რამდენიმეჯერ 100 კილოიან პრეტენზიული ბერძენის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა და ბევრი სხვა ისეთი რამე უწევდა რაც ყველა ემიგრანტმა კარგად იცის.
ნელ-ნელა ოჯახმაც ამოისუნთქა, სახლიც შევალამაზე, ცოტა დანაზოგი გაგვიჩნდა და ერთ მშვენიერი დღესაც ჩემმა შვილმა განმიცხადა,რომ არ სურდა დედამისს მისი ქორწილი სკაიპით, ან დისკზე ჩაწერილი ენახა, უნდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი, არასდროს დამავიწყდება ჩვენი საუბარი როცა მან მითხრა: ” მე უდედოდ გავიზარდე, ჩემი ძმაც, არ მინდა ჩვენ პატარა დას შურდეს მისი თანაკლასელის,რომელიც სკოლაში დედას მიჰყავს, საქმრო მყავს, რომელსაც მინდა რომ იცნობდე, მინდა ქორწილში ჩემ გვერდით იყო, შენმა უფროსმა შვილებმა მუშაობა დაიწყეს შენივე გამოგზავნილი ფულების წყალობით,ახლა ჩვენი ჯერია შენზე ვიზრუნოთ. ვიცით რას ნიშნავს ათი წელი დედის გარეშე ყოფნა, ლიზა უკვე 13 წლისაა და დედა ბუნდოვნად ახსოვს. მეტისმეტია ! “
2010 წლის ივლისში ჩამოვედი, იმის მიუხედავად რომ ასე ითხოვდნენ ჩემ სახლში დაბრუნებას, თავი მაინც უცხოდ ვიგრძენი, არავინ არ დაგაჯეროთ, რომ ათი წლის მერე თქვენი სახლში ყოფნა ისეთივე ჩვეულებრივი იქნება,როგორიც მაგალითად თქვენი მეუღლის, რომელსაც მისი სამი შვილი საღამოს 7 საათზე ყოველთვის სიხარულით ელოდა. იყო სიუცხოვეც, უხერხულობაც, თუმცა ამ ყველაფერმა რამდენიმე თვეში გაიარა.
ამხელა წერილი მხოლოდ იმიტომ გამოგიგზავნეთ, რომ ერთი რამე მეთქვა თქვენთვის, მწვანე ქაღალდები არავისთვის არ იქნება მთავარი, სანამ თქვენ თვითონ არ აგრძნობინებთ ამას, 10 წლის განმავლობაში ვეცადე
რომ ჩემ შვილებისთვის ამეხსნა,რატომ იყო მათი დედა ასე შორს და რის ფასად უჯდებოდა მათი სწავლა-განათლება, არც ის დამიმალავს რომ იქ, ათენში არ მილხინდა.
ძნელი იყო ყველაფერთან ერთად თანხის კონტროლიც მომეხერხებინა, ვხედავდი როგორი უკმაყოფილოები იყვნენ ათენში მყოფი დედები თავიანთი განებივრებული შვილებით.
მეც შვილებისთვის ვიყავი წამოსული , არც მე მქონდა ქვის გული და მეც მიჭირდა იმ თანხის კონტროლი,რომელსაც სახლში ვაგზავნიდი.. მაგრამ ვიცოდი რომ ასე იყო საჭირო. ჩემ სიმართლეში ჩემი შვილის ზარმა დამარწმუნა.
ვიცი ძნელია, მაგრამ ეცადეთ თქვენც გაუწიოთ ყველაფერს კონტროლი, გული მიკვდება როცა ემიგრანტების წერილებში საუბარია იმაზე,თუ როგორ გადაიქცნენ ფულის საჭრელ მანქანებად ოჯახის წევრებისთვის
ნუ იქნებით ეგოისტები და გაუგეთ სახლში დაბრუნებულს თუ ისე არ დაგხვდნენ როგორც მოელოდით , მიეცით ცოტა დრო ოჯახის წევრებს …
შეეცადეთ იმაზე გაცილებით ბევრი არ გამოუგზავნოთ თქვენს შვილებს,ვიდრე ჭირდებათ.
დააბანდეთ თქვენი ფული მათ განათლებაში და არასდროს უთხრათ უარი თავისი შრომით იშოვნოს ფული. ბევრი ადამიანი ვიცი ლოგიკით “აბა მე რატომ ვარ აქ” სწორედ ეს ფრაზა აფუჭებთ თქვენს შვილებს.
სანამ საკუთარი შრომის ფასს არ გაიგებენ , მანამ ვერ დააფასებენ თქვენსას
პატივისცემით და დიდი სიყვარულით საქართველოდან.