„ემიგრაციაში ცრემლით და ტკივილით ვწერდი“… – ვის ლექსზე შეიქმნა სიმღერა: „ნათიაო, ნათიაო“…

სამაჩაბლოში, ერედვში, პატარა ლიახვის ხეობაში  დაიბადა… სკოლა თბილისში დაამთავრა. შემდეგ იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია- ისტორიის ფაკულტეტი. მისი დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჟურნალისტად რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში, იმ პერიოდში დაწერა ლექსი: „ნათიაო, ნათიაო, გოგოვ, რა დაგმართნიაო“… ეს სიმღერა „ცისფერი ტრიოს“ შესრულებით დღეს ყველამ იცის, მაგრამ ყველამ შეიძლება არ იცოდეს, რომ მისი ავტორი 20 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა საბერძნეთში და ახლახან დაუბრუნდა საქართველოს.
მისი ლექსები მრავალ კრებულშია შესული, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი პოეტური კრებული აქვს: „ბოლნისის ქვაზე ბედ-იღბალი დაგვიწერია“, რომელიც ათენში გამოიცა.
ამბობს, ამ ქვეყანაზე სამი ყველაზე დიდი საფიცარი აქვს – შვილი, ქართული მიწა და ლექსი. – ფაცი ტარიელაშვილის პერსონა.

 – სამაჩაბლოში, ერედვში დავიბადე. თამარაშენი, კეხვი და ერედვი – ის სოფლებია, რომელიც სეპარატიზმს აჩერებდა პატარა ლიახვის ხეობაში. 5 წლის ვიყავი, მთელი ოჯახი გადმოვედით თბილისში. მამა  1941 წელს ქერჩში დამეღუპა, ომი ერთი წლის დაწყებული იყო, რომ დაღუპვის ცნობა მოგვივიდა, გემი ჩაიძირა და ცურვა არ იცოდა. დედა დარჩა 3 ბავშვის ამარა.
დედა – ანა ქრისტესიაშვილი ულამაზესი, მაღალი, ახოვანი, კოხტა… ჭკვიანი ქალი იყო, სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად დაასახელეს. დედას საამისო ყველა მონაცემი ჰქონდა, ფაქტობრივად გმირობაზე იყო წარსადგენი, კოლმეურნეობის თავმჯდომარეს კი თავისი კანდიდატურა ჰყავდა, კომისიის გადაწყვეტილებით დედაჩემი დასახელდა სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. კოლმეურნეობის თავმჯდომარემ თავისი კანდიდატურა რომ ვერ გაიყვანა, მტრად გადაეკიდა ამ ულამაზეს ქალს.
არ გაახარეს და გადმოგვიყვანა თბილისში საცხოვრებლად, წამოვიდა და წამოგვიყვანა ობლები, ვიტანჯეთ, ვიშრომეთ, დედა სამხედრო ქარხანაში მუშაობდა, უმღლესი საბჭოს დეპუტატის წიგნაკით, თუმცა არასოდეს გამოუყენებია. არც გამოუღია, მგონი… არადა შეეძლო, ბინა მოეთხოვა, უფასოდ ემგზავრა, ოჯახის წევრები პრესტიჟულ ადგილას წაეყვანა დასასვენებლად… ჩვენ უფრო ხშირად ვიღებდით ხელში წიგნაკს, გვეამაყებოდა. დაგვრჩა კრემლის სვეტებიანი დარბაზში კონსტანტინე გამსახურდიასთან, აკაკი ხორავასთან ერთად გადაღებული  ფოტოები.

მამა – სიკო ტარიელაშვილი კანდელაკის დროინდელი  მოჭიდავე იყო. გორში ჭიდაობდა ხშირად, ერთხელ ჩემპიონობაც მოიპოვა. იმავდროულად კარგი დურგალი იყო, ზღაპრულ ავეჯს ამზადებდა. რომ გაიმარჯვა, აჩუქეს გერმანული შვეიცარული საათი და ველოსიპედი. რომ გაგვიჭირდა, მერე გავყიდეთ ეს ნივთები. როგორც გითხარით, მამა მალე დაიღუპა, ასე დავკარგეთ დედაც და მამა…
მართალია 5 წლის ვიყავი, ერედვი რომ დავტოვე, მაგრამ დღესაც უზომოდ მიყვარს სამაჩაბლო… დედა დიღომში, ამ ბინაში გარდაიცვალა, ანდერძი დატოვა, აუცილებლად სამაჩაბლოში დამკრძალეთო.
ერედვში დავკრძალეთ და საფლავი, 2008 წლის ომის შემდეგ იქით დარჩა, ვეღარ მივდივართ. 2007 წელს, გარდაიცვალა თუ არა, ჩამოვედი ემიგრაციიდან ხანგრძლივი შვებულებით, დანაზოგი წამოვიღე, დედას ვაზი უყვარდა ძალიან და ვაზის ხეივანი გავუშენე საფლავზე…
2008 წელს ომი დაიწყო თუ არა,  შეშინებული მაშინვე ჩამოვედი, რომ როგორმე საფლავი მაინც ამომეღო და გამომეტანა, საზღვარგარეთ ინფორმაციები ვრცელდებოდა, რომ  სააკაშვილი  პროვოკაციაში უნდა ჩაეთრიათ. მაგრამ ვერ მოვასწარი, უკვე ჯარი იყო შესული და  სამაჩაბლო იბომბებოდა… 2008 წელს ასე დავკარგეთ დედის საფლავი, მერე როგორც გავიგეთ, იმ ადგილას სამხედრო ბაზები გაუხსნიათ და სასაფლაოები გადასწორებულია.
– სკოლა თბილისში დაამთავრეთ. ლექსების წერა როდის დაიწყეთ?
– ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი. მაშინვე მქონდა ასაკს შეუფერებელი სევდა და ტკივილი,  მერე ემიგრაციამ დიდი დაღი დამამჩნია. მანამდე ჩემი სამშობლოს ფასი თითქოს არ ვიცოდი, რომ გავედი და შორიდან შევხედე, უფრო მეტად გავიგე, როგორი ძვირფასი ყოფილა…
ამ ქვეყანაზე სამი  დიდი საფიცარი მაქვს – შვილი, ქართული მიწა და ლექსი. ჩემთვის ეს სამი  საარსებო წყაროა.
– შემდეგ იყო სტუდენტობა… ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრეთ… და ჟურნალისტური საქმიანობა დაიწყეთ რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში…
– თავიდან გაზეთ „თბილისის“ რედაქციაში დავიწყე მუშაობა, რომელიც ცეკას გამომცემლობაში, მერე „სამშობლო“ რომ ერქვა, მდებარეობდა. შესვენებაზე  მეოთხე სართულზე ბიბლიოთეკაში ავდიოდი და ვკითხულობდი გაზეთებს და წიგნებს…  იქ გავიცანი   საოცარი ქალბატონი ნანა ჯაფარიძე, გაზეთ „კომუნისტის“ ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებიდან, რომელიც შემდეგ ჩემი სულიერი მეგობარი გახდა. შესვენებაზე ნანა ჯაფარიძესთან ამქონდა ჩემი დაწერილი ლექსები და ერთად ვკითხულობდით, ვასწორებდით…
– როგორც ვიცი, თქვენი ლექსი გახმაურებული სიმღერისა: „ნათიაო, ნათიაო, გოგოვ, რა დაგმართნიაო“  სწორედ ამ ოთახში შეხვდა „ცისფერ ტრიოს“… როგორ დაიწერა ეს სიმღერა?

– მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, უკვე აქ, დიღომში  ვცხოვრობდით, ჩავედი დაბლა და დავინახე მოხუცი ქალი, ბებია, რომელმაც ულამაზესი ბავშვი გამოიყვანა პლასტმასის ჯოხებით. გოგონას ფეხი მთლიანად თაბაშირში ჰქონდა  ჩასმული… თან ეუბნებოდა, ასე დადე ფეხიო, ნათია, ბებოო… ძალიან განვიცადე და ვკითხე, რა დაემართა-მეთქი. ეს ჩემი შვილიშვილია, სოფელში მყავდა, წაიქცა, ქვაზე ფეხი დაუსხლტა და დაუზიანდაო, კალმისტარი და დაფხრეწილი ფურცელი სულ ჯიბეში მქონდა, იქვე დავჯექი და დავწერე… ეს ლექსიც სხვა ლექსების მსგავსად  შევინახე…
ერთხელაც, რომ ავედი ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში და „ნათიაზე“ ვმუშაობდით, შემთხვევით, ჩასწორებისას თავზე დაგვადგა ამ განყოფილების მუსიკალური ჟურნალისტი ზურაბ რცხილაძე  (რომელიც ადრე „რეროში“ მღეროდა) და რომ ნახა ეს „ნათია“, მოეწონა, ძალიან მუსიკალური ლექსიაო… ამ დროს შემოვიდნენ „ცისფერი ტრიოს“ წევრები. გამომართვეს ფურცელი,  წაიღეს ხელნაწერი და  სიმღერა ჩაწერეს. ამ სიმღერის მერე რუსთაველზე რამდენიმე მაღაზია –  „ნათია“ გაიხსნა და პოპულარული გახდა სწორედ სიმღერათი – „ნათიაო, ნათიაო, გოგოვ, რა დაგმართნიაო“…
– იმ პატარა ნათიას რა ბედი ეწია, მერე ხომ არ გინახავთ?
– არა, სამწუხაროდ. აქ დიღომში პირველი კვარტალის,მე-11 კორპუსში ვინც ვცხოვრობდით 40 წლის წინ, ახლა მათგან აღარავინ დარჩა…
– ეს ბინა დიღომში, პირველ კვარტალში თქვენს დას –  ნორა ტარიელაშვილს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე თვეა, გარდაიცვალა… იგი თბილისში ცნობილი გეოგრაფიის მასწავლებელი და სკოლის დირექტორი იყო.
– ნორა  ხანგრძლივი დროით პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი იყო. სალოსური ცხოვრებით ცხოვრობდა… მატერიალური  არაფერი იზიდავდა… გეოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა და მთელი საქართველო ფეხით მოიარა, მთამსვლელი  და კარგი ფოტოგრაფი იყო. ტიანშანზეც კი იყო ნამყოფი…
ეს სახლი, სადაც ვსაუბრობთ, შევარდნაძემ გვაჩუქა, მეც ამ ბინაში ვცხოვრობდი, რადგან მარტოხელა დედა ვიყავი და ნონამ შეგვიკედლა.
ამ  ბინას ასეთი ისტორია უძღოდა წინ – პედაგოგების ყრილობაზე პროფაკავშირების წარმომადგენლებმა შევარდნაძეს უთხრეს, რომ ერთოთახიან ბინაში არიან ნორა და მისი და – მარტოხელა დედაო…  ამის მერე დიდი ხანი არ გასულა, მოგვცეს ეს ბინა.
მანამდე წაიყვანეს ჩემი და ვაკეში, იქ სამოთახიან ბინას აძლევდნენ… ის რომ აჩვენეს, მერე აქ მოიყვანეს, უნდა აერჩია, ან სამოთახიანი ბინა, ან დიღომში ეს ოროთახიანი. ნორამ ეს ბინა აირჩია…  ცეკას წარმომადგენელს გაუკვირდა და უთხრა, რატომ კარგავ ვაკეს, ის ხომ პრესტიჟულიაო… იალბუზს უნდა ვუყუროო, – უთხრა ჩემმა დამ. მოწმენდილ ამინდში აქედან იალბუზი მართლაც ლამაზად მოჩანს და დიღომში ამის გულისთვის აიღო ბინას…
ერთხელაც ნაკვეთები რიგდებოდა… ნაკვეთები დაინომრა, როგორც ლატარიის გათამაშება… ყუთში ჩაყარეს ნომრები. დირექტორი, ანუ თავად ჩემი და ანაწილებდა. ყველამ რომ ჩაყარა, მან არ ჩააგდო, მე არ მინდა ნაკვეთი, თქვენ ააშენეთ და მე კარვით ამოვალო… – უთხრა მასწავლებლებს.
ჩემი და  სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა პედაგოგიკის სფეროში. ერთადერთი ქალი ლაურეატი საქართველოდან იყო ამ სფეროში… მოსკოვში დაიბარეს 60 ათასი რუსული ფულის მისაღებად, ვიეტნამის ომი იყო და მთლიანი თანხა ვიეტნამის ომის ფონდში გადარიცხა. ერთი რუსული მანეთი არ დაუტოვებია თავისთვის… ამ დროს ჩვენ მშივრები ვიყავით. დედა ეხვეწებოდა, ცოტა მაინც დაიტოვე და დანარჩენი გადარიცხეო. არ დაუჯერა და მთლიანად გადარიცხა თანხა.
არასოდეს საკუთარი თავისთვის არ უზრუნია, მაგრამ მე რომ შვილი შემეძინა, ამომიდგა მხარში და გამაზრდევინა. ჩემმა შვილმა – მაიამ დეიდის მსგავსად გეოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა. მერე მომეხმარა  შვილიშვილის გაზრდაშიც, რომელიც  სამედიცინოზე სწავლობს.
სკოლაში თითოეულ ბავშვზე ალბომები ჰქონდა შედგენილი. ბავშვობას, ოჯახურ მდგომარეობას, ყველაფერს აღნუსხავდა. სკოლაში ბავშვი რომ შევიდოდა, მის ისტორიას მე-12 კლასის ჩათვლით სწავლობდა.

– ემიგრაციაში წასვლამდე ეროვნული მოძრაობაში იყავით ჩართული, 9 აპრილის ტრაგედიამდე  საინტერესო ამბავი მოხდა, ლენინის ქუჩას კოსტავას ქუჩა ეწოდა… სწორედ თქვენ გაკაარით ფირნიშები სახლებზე ახალი წარწერით…
– კოსტავას ქუჩაზე ფირნიშები მე და გამომცემლობის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ქალბატონმა გავაკარით. 90-ანი წლები იყო, კომუნისტური სისტემა ირღვეოდა და ეროვნული მოძრობა უკვე მძლავრობდა, მერაბ კოსტავა უკვე დაღუპულია, ლენინის ძეგლი – ჩამოგდებული და დამსხვრეული, ლენინის ქუჩაც ისევ არის.
ვხედავდი, გამომცემლობაში მანანა არჩავაძე მოდიოდა ხოლმე, ვფიქრობ, ზვიადის სურვილით ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა  მოიტანეს ორი მძიმე ყუთი, ჩუმად უნდა გაკრულიყო ფირნიშები…
რომ დაბინდდა, ღამის 11 საათზე ორმა ქალმა დავიწყეთ გაკვრა, ღამე ვიმუშავეთ. დილით უკვე გაკრული იყო წარწერები… არ დამავიწყდება ის დღე, ძალიან მძიმე საქმე იყო, სიმაღლეც არ გვქონდა, ვერ ვწვდებოდით, ერთი სამფეხა უბედური სკამი მოვეძებნეთ და იმაზე ვდგებოდით.  ქუჩაში იყო მოძრაობა, მაგრამ ისეთი ქაოსი იყო, არც არავის აინტერესებდა, რა კეთდებოდა… სასწაული პერიოდი იყო. რუსთაველიდან სააკაძის ძეგლამდე გავედით… ორივე მხარეს გავაკარით, ჯერ ერთი მხარე ავიტანეთ, მერე მეორე მხარეს ჩამოვყევით…
ამ პროსპექტზე სულ კომუნისტების აგებული შენობებია და ისე არ არის, რომ დაარტყა და ბლოკში გაძვრეს ლურსმანი, მტკიცე  ბეტონი გვხვდებოდა, ლურსმანი ვერ უძლებდა დარტყმას და იღუნებოდა. დალურჯებული გვქონდა ხელები, მაინც ყველაზე ტკბილად მახსენდება, როცა მერაბ კოსტავას ქუჩას  მივუჩინეთ ადგილი…
– ემიგრაციაში ყოფნისას ხშირად რომ ფიქრობდით საქართველოზე, თქვენს ნაწერებშიც არეკლილია…
– ძალიან ცუდ დღეშია საქართველო… ახლა გვამხობენ სხვანაირად. ახლა არის ხავერდოვანი გენოციდი და თვითმკვლელობა საქართველოს სულიერებისა.
პერიკლეს პერიოდი ბერძნებისთვის აყვავების ხანაა. აშენდა პართენონი, აკროპოლისი. ყველაზე დიდი არქიტექტორი ფიდეასი ჰყავდათ, ვინც სპილოს ძვლით ათენას ოქროს ქანდაკება შექმნა…
და იგი დასაჯეს. ქართველი ფიდეასი იყო არსაკიძე. სვეტიცხოველი არის ჩვენი სულიერების ნავსაყუდელი, მაგრამ ამ ტაძარზე გვაქვს ყველაზე დიდი ქართველი ფიდეასის მოკვეთილი მარჯვენაა. მტერმა კი არა, ჩვენ მოვკვეთეთ.
პერიკლე ხალხს ასე მიმართავდა: არასოდეს მიბაძოთ სხვას, თავად იყავით მისაბაძებიო.  დღეს ჩვენი დაცემის მთავარი მიზეზი არც პუტინია, არც ევროგაერთიანება, არც მაკეინია და არც არავინ – მიმბაძველობამ იჩინა თავი, და ჩვენ მიმბაძველობაში  უკვე ძალიან მაგრები ვართ.
არც ქვების შეგროვების ჟამია და არც სროლის ჟამი დადგება არასოდეს, და აი რატომ. მიმბაძველობით ვერასოდეს ვერც ნიჭიერება, ვერც სულიერება და ვერც ცნობიერება ვერ ყალიბდება. შენ უნდა მოგბაძონ, შენ როცა ბაძავ, შენი აღარა გაქვს და იმიტომ ბაძავ მას.
ტრაგიკულია საქართველოს წარსულიც და არც მომავალს უჩანს პირი. ისეთი გაორება ხდება, ბევრ რამეს ვკარგავთ. მატერიალურს –  ჭინჭებს ვიძენთ, სულიერება კი ქრება. შვილიშვილებსა და უფროს თაობას შორის ურთიერთობა ცივდება. ჩამოდიან ბებიები ემიგრაციიდან დროებით, უტოვებენ  საჩუქრებს შვილიშვილებს და ისევ მიდიან. ბავშვები კი მათი სითბოს გარეშე გაძარცულები იზრდებიან…
– საქართველო და საბერძნეთი მართლმადიდებელი ქვეყნები არიან… დიდი სამყაროს ოკეანეში… 


– „შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე მზეობს შენითა“, -ამბობდა ქართველი კაცი. სიკვდილს ვეფერებოდით… ან კიდევ: „შენი ჭირიმე, მჭადოო, ლობიოს შეჭამანდოო, მანამ შენ არ მოგიყვანე, ქალი არავინ მანდოო“…
ლობიო და მჭადი ხალხურ პოეზიაში სიმბოლურია, მიგანიშნებს, რომ ის ლობიო და მჭადი სადაც მოდის, ის მიწაა შენი ოჯახის, სიყვარულის, ცოლ-ქმრული ურთიერთობის საძირკველი. შვილის გამრავლებისაც…
ახლა არის შეტევა ქართულ და ბერძნულ სამყაროებზე. რატომ? ბერძნები დღემდე ინარჩუნებენ ეროვნულობას, იქ ყველაფერი დგას ბერძნულ საძირკველზე და ღრმა ფესვები აქვს. მსოფლიო ცივილიზაციაში აქვს ფესვები გადგმული. როგორი ტაბუც გინდა დაადო, იმას ვერაფრით მოსწყვეტ იმ ძლიერ ფესვებს. როცა ერის ძარღვი  ძლიერია, ვერ გადაუჭრი, ახლა ჩვენ ყველანაირად გვებრძვიან, რომ დაგვავიწყონ ჩვენი წარსული,  მამაპაპისეული ფესვები, მიდის ქართული მიწის დაწნეხვა და ნასოფლარებად, ნაციხარებად ქცევა… ოშკი, ხახული, არტანუჯი უნდა დაინგრეს…   საყდრისი აფეთქდეს რომ კვალი  არ დარჩეს, დიდი შავი ბნელი მაფია მოქმედებს…  ყველაფრის  კვალს შლიან…
ამ ბოლო ხანებში საბერძნეთს კუნძულების გაყიდვით, ქვეყანას ევროკავშირიდან გარიცხვით ემუქრებიან,  ვალები გაქვთო, სინამდვილეში მართლმადიდებელი ქვეყანაა და მამათმავლობა და სხვა რაღაც გაუკუღმართებული რამეები არ მიიღეს კონსტიტუციაში,  რასაც ითხოვს ევროკავშირი. ამიტომ ძალიან აწვებიან. ეკონომიკური  კრიზისია…   ამ ვითარებაში ბერძენმა მილიარდერებმა, კანადაში, ავსტრალიაში და სამხრეთ აფრიკაში რომ ცხოვრობენ,  დიდძალი ფული გადაიხადეს, შეეშვით ჩვენს სამშობლოსო…
საქართველოში კი ახლა ცდილობენ,  ვითომ ქართულ სოფელზე, ვაზზე ზრუნვას… სინამდვილეში, ვისაც რა უნდა, იმას აშენებს საქართველოში, ბორდელს თუ კაზინოს, სულ ერთია… ეს არის ჩვენი დიდი ეროვნული ტრაგედია, ამიტომ ვამბობ, რომ მიდის ხავერდოვანი გენოციდი ქართველი ერისა, რაც მცირერიცხოვანი ერისთვის არა მგონია, სასიკეთოდ დასრულდეს.
ძალიან მცირე ერი ვართ, მე ვარ ერთი პატარა ოჯახის წარმომადგენელი, რომელმაც თავი თვითონ გადაირჩინა,  სახელმწიფოს მონაწილეობა არ მიუღია ჩემი ოჯახის გადარჩენაში, ძმისშვილები – ერთი საფრანგეთშია, მეორე იტალიაში, ერთი შვილი მყავს და ისიც საბერძნეთში დამკვიდრდა, მე წამსვლელი ვარ ამქვეყნიდან, შვილიშვილი მარტო აქ რას გაჩერდება, ესეც გაიქცევა. და საბოლოოდ, რა გვიჭირავს ხელში?
ჩვენ, ემიგრაციის პირველი ტალღა რომ   ჩავედით საბერძნეთში, გეორგიანელებს, მიწათმოქმედებს  გვეძახდნენ ბერძნები. ინტელექტუალური ერია, ახსოვთ მითოლოგია, ჩვენი ურთიერთობები.   პატივს გვცემენ, იციან, ვინც არ იცის, ისიც პატივს გცემს, რომ გაიგებს, ქართველიაო. მაგრამ ახლა აღარ გვცემენ პატივს, ახლა გვეუბნებიან: „არ მოიპაროთ, ქართველებო“… ასეთი წარწერებია გამოკრული მარკეტებზე.
ციხეებში  18-20 წლის ულამაზესი გოგონები,  მანდილოსნები, ოჯახის პატრონები სხედან…  ყველა სამუშაოდ როდი გადის? იპარავენ მარკეტებში, ოჯახებში… ეს ხშირად ტრაგედიით სრულდება.
კიდევ გული მტკივა იმაზე, რომ ქართველები ქართულ ნიჭს ძალიან ებრძვიან. ეს უკურნებელი სენია აქაც და იქაც. განსაკუთრებით იქ შიშვლდებიან. აქ კიდევ რაღაც გვაჩერებს, პატარაა საქართველო, ყველა ყველას ნათესავია, ბრჭყალებს დიდზე ვერ აჩენენ, მაგრამ იქ ძალიან უღმერთოდ ცხოვრობენ.  პირჯვარს მხოლოდ თავიანთთვის იწერენ. ერთმანეთის შურთ,  ძირს უთხრიან.  ერს რა თვისებაც აქვს, ყველაფერი  იქ გატანილია.
– საბერძნეთში დიდი ქართული დიასპორაა. მოქმედებს ქართული  კულტურის ცენტრი… რას იტყოდით იქ დამკვიდრებულ ქართველებზე, რამდენად  ახერხებენ ქართველობის შენარჩუნებას?

– საბერძნეთში გახსნილია ქართული სკოლები, ბაგა-ბაღები, ქართული ცეკვის ანსამბლებია, ქართული თეატრი…  არ შეიძლება, არ აღინიშნოს ათენის კულტურისა და განათლების ცენტრის დამაარსებლის აკადემიკოს ავთანდილ მიქაბერიძის ღვაწლი.  თუ რამე სასიკეთო ხდება, ეს ცენტრია თაოსანი.
ქართული სახელმძღვანელოებიც არის, ცეკვაც მუსიკაც… მაგრამ გარემოა იმდენად ძლიერი და დამთრგუნველი, თუ ოჯახი არ არის ძალიან მყარ ქართულ საძირკველზე დაფუძნებული, ის ცნობიერება, რომელიც იქ ტრიალებს, ბავშვს უფრო წნეხის ქვეშ აქცევს. პატარა რომ დაიბადება და გოგებაშვილზე მეტად ჯონ ლოკს ასწავლი, იქით იხრება მისი ცნობიერებაც… იშვიათია, რომ იქ ქართველმა ჩვენს ტრადიციებზე გაზარდოს შვილი. მარტო ჩოხა- ახალუხის ჩაცმა საქმეს ვერ უშველის, თუ სული ნახევრად ქართული გექნება.
– საბერძნეთში ემიგრაციაში ყოფნის დროს უამრავი ლექსი დაწერეთ, რომელიც მერე იქვე წიგნადაც გამოიცა…
– ოჯახში მუშაობისას ყოველთვის მქონდა დამალული ერთი ფანქარი, ფურცელი და მუყაო. დავუშვათ, თუ რესტორანში კარტოფილს ვფცქვნიდი, კარტოფილის ქერქების ჩასაყრელთან ჩუმად ყოველთვის მედო კალმისტარი და ფურცელი. თუ დაგინახეს კალმისტარი და ფურცელი, სამსახურს დაკარგავ.
ასე ჩუმად ვწერდი…  სულ ცრემლითა და ტკივილით არის დაწერილი თითოეული სტრიქონი. მარტო სამშობლოს მონატრება არ არის. ჩემნაირი სულიერი წყობის ადამიანისთვის ემიგრაცია კარცერში ყოფნაა.
– თუმცა ერთი გავლენიანი პირის ოჯახში მუშაობდით და ოჯახის უფროსი აღაფრთოვანა თქვენ მიერ ნასწავლმა საბერძნეთის ისტორიამ…
– ამ ადამიანმა რომ შემატყო, მისი ქვეყნის ისტორია კარგად ვიცოდი, გაზეთებს, ჟურნალებს მაძლევდა, სამსახურიდან რომ ბრუნდებოდა, ხელცარიელი არასოდეს მოდიოდა,  გაუთხოვარ დას ნიშნის მოგებით ეტყოდა ხოლმე, შენზე კარგად იცის შენი სამშობლოს ისტორიაო. როგორც კი ჩავედი საბერძნეთში, ისე მაინტერესებდა მისი ღირსშესანიშნაობები, მოვიარე ყველაფერი. მე, ძირითადად, კუნძულ სანტორინზე ვიყავი.
– თქვენი ლექსები დაიბეჭდა ქართული დიასპორის ლიტერატურულ ჟურნალ „თაობაში“, რომლის მთავარი რედაქტორი ანა ყურშავიშვილია. მისი რედაქტორობით გამოიცემა ქართული დიასპორის გაზეთი „ელადაც“… როგორ გაიცანით ქალბატონი ანა?

– ამ ჟურნალ-გაზეთების დამაარსებელი უნიჭიერესი ქალბატონი ანა ყურშავიშვილი, თამამად ვიტყვი, რომ მოვლენაა. მან ნოლიდან დაიწყო და შექმნა ქართული ინტელექტუალური დიასპორა. როგორც ანკესი გადააგდო მთელ საბერძნეთში, ასე ამოკრიფა გაფანტული ინტელექტუალური ემიგრანტები.
სანტორინზე ვარ. ქართველმა ახალჩამოსულმა, მომაკითხა, ხელში ქართული ემიგრაციული გაზეთი „ელადა“ უჭირავს. რომ ვკითხე, სად გამოდიოდა გაზეთი, ათენშიო, მიპასუხა… ზამთარ-ზაფხულ კუნძულზე ვიყავი და არ ვიცოდი გაზეთის თაობაზე.  ჩავედი ათენში, დავიწყე ძებნა, მისამართი არ ეწერა. მერე ვიღაცამ სამადლოდ ტელეფონი მომცა, მგონი, ეს არისო და გამიმართლა. ჩუმად მიპასუხა ქალბატონმა ანამ, ბებიას ვაძინებ და ვინ ხართო. სანტორინიდან ჩამოვედი, ქართველი ვარ და ლექსების მოტანა მინდა- მეთქი.
ანა ასე გავიცანი. დავთქვით შეხვედრა. სადარბაზოში დამხვდი და ჩამოვალო. წავიღე სანტორინაზე დაწერილი აკინძული ლექსები. ჩამოვიდა. სულ 15 წუთი წავილაპარაკეთ. მე ტელეფონი არ მქონდა, მაშინ ფუფუნება იყო, მას ჰქონდა ტელეფონი, ისიც, მგონი, სახლის და მითხრა, ამა და ამ საათებში დამირეკეო. მე ვუთხარი, ამას გაბარებ, როგორც საკუთარ შვილს. ერთი ეგზემპლარი მაქვს. თან ვკანკალებ, არ დამიკარგოს- მეთქი… რომ დავემშვიდობე, დავინახე, რომ ასასვლელ კიბეებთან, სადარბაზოს სათავსში, სადაც ცოცხი და მოსაწმენდი ინახებოდა, იქ დამალა. მაშინვე ვერ წამოვედი,  იქვე დავჯექი და შიშით ვერ ვტოვებდი. ვყარაულობდი, არავინ შესულიყო… რომ დავრწმუნდი, საეჭვო აღარავინ შედიოდა და გამოდიოდა,  გული დავიმშვიდე, მაგრამ ფიქრით კი  გავჭაღარავდი, ჩემი ნაწერები, 5-6 წლის ნაშრომი არ დაკარგულიყო…
მოგვიანებით ინტერვიუში თქვა ანამ: „ავედი მაღლა და  ჩემი ფიქრი სადარბაზოს სათავსში დატოვებული მისი ლექსები იყოო“…
ლექსები შებინდებისას აუტანია. ბებიას უკითხავს, სად იყავი ამდენ ხანსო, აკროპოლს ვუყურებდიო, – უთქვამს ტყუილად…  როცა მოხუცს უვლი,  7 -ზე თუ უნდა დაძინება შენც 7-ზე უნდა დაწვე. მისი გრაფიკით იცხოვრო, სინათლეც უნდა ჩააქრო… ასე ჩააქრო ანამ სინათლე, „ფარდა გავწიე და ლექსების კითხვისას მთვარის შუქზე დამათენდაო“, – ისე კარგად იხსენებს ანა იმ შეხვედრას. ასე გავიცანი და დავმეგობრდით…
– კრებული „ბოლნისის ქვაზე ბედ-იღბალი დაგვიწერია“  256-გვერდიანია… მასში თქვენს ლექსებთან ერთად გამოქვეყნებულია ანა ყურშავიშვილის მოთხრობა „დაცხრილული მზე“, რომელიც თქვენ გეძღვნებათ…
– წიგნი საბერძნეთის ქართველთა სათვისტომო „ოქროს საწმისის“ პროექტის – „საბერძნეთის ემიგრანტული ლიტერატურის“ ეგიდით გამოიცა,  საგამომცემლო საქმიანობას სათვისტომოს თავმჯდომარე ანა ყურშავიშვილი ხელმძღვანელობდა.  დიდი მადლობა მას გადახვეწილი ქართველობის შემოკრებისა და სულიერი სიმხნევისთვის. ეს წიგნები ჩვენ მართლაც სიმხნევეს და სულიერ ძალას გვმატებდა. ასეთია მისი ეს მოთხრობაც. „დაცხრილული მზე“ ჩემი ლექსიდან არის: „დაცხრილული მზე ჩასცქერის ბებერ კაკლის ჩეროს, ქართლი ჩემი აღარ არის, როგორ დავიჯერო?!“
აი, ეს ტკივილი გვდევდა თან უცხო ცის ქვეშ გადახვეწილებს, რაზეც ანამ შესანიშნავი მოთხრობა დაწერა…
– თქვენი ერთი ლექსი…

 – „ქართული დროშა – დროშა თამარის“

ანა კალანდაძე და ნორა ტარიელაშვილი

შეგრაგნილი ხარ, დარდის ძაფი დაგიხვევია,
თვალებდახუჭულს თვალი ვეღარ გაგიხელია.
გახსოვს შამქორზე, ბასიანზე ლაღი ფრიალი,
ქართველთ ყიჟინა, სისხლში ხმლების ორომტრიალი.
მწუხრი დაგიდგა, მოგერია ჩრჩილი და მუმლი,
დავიფანტენით, ძველებურად მამულს ვერ ვუვლით.
დასუსტებულებს ბრძოლა ვეღარ გაგვიბედია,
ქვეყნის და დროშის ისტორია ესეც ბედია.
ზურგში ღალატმა ჩვენ დაგვისვა შავი წერტილი,
შაჰთან ხარხარებს შადიმანი ძარღვგაწყვეტილი.
შეგრაგნილი ხარ, სევდა-დარდით ჩრჩილი გეხვევა,
ერთხელაც გაგშლით, ქართველობა შემოგეხვევა…

– თქვენს საოჯახო ალბომში ანა კალანდაძის ფოტოებს ვხედავ, მისი წინასიტყვაობა ამშვენებს თქვენს წიგნს…

– ჩემი და შეყვარებული იყო პოეზიაზე და ანას აღმერთებდა. თვე არ გავიდოდა, რომ არ მიეწვია სკოლაში. ერთხელაც მე მომიწია მასთან სახლში სტუმრობამ. სოფლის ღვინოთი და ყურძნის ნობათით  მივედი. ძალიან თბილად მიმიღო, ნორას და ვარ- მეთქი, – ვუთხარი. „თაობისა“ და „ელადის“ ყველა ნომერი მქონდა მისთვის გადასაცემად გამზადებული. ემიგრაციიდან ცოტა ხნით ჩამოვედი და იქ გამომავალი ყველა ჟურნალ-გაზეთი მინდა, რომ სამახსოვროდ გადმოგცეთ- მეთქი. დიდი სიამოვნებითო და დავუტოვე. ჩემი ლექსები ბოლოს გამოვუჩინე.
მოგვიანებით ქალბატონმა  ანამ გამოგვიგზავნა შემაჯამებელი წერილი, გვაკვალიანებს, საქართველოს სად ჰყავს შვილი დასაკარგავი, უნდა დაბრუნდეთ, სამშობლოდან დაწყებული გზა ისევ სამშობლოსკენ მიდისო…  მისი წინასიტყვაობა და შეფასება დიდი განძია ჩემთვის.
– თქვენი სახლის კედელზე ჩამოკიდებულ სურათზე საბერძნეთის ხედია, ხომ?

– კუნძულ სანტორინის მთავარი ეკლესიაა. ქართველმა გოგომ მოხატა ამ ეკლესიის ფრესკები. როცა შევდიოდი, ვეებერთელა ეკლესიაში სულ  პატარა გოგოს ვხედავდი, მთელი ზაფხული  იდგა გუმბათზე დიდ სიმაღლეზე,  ჩარჩოებზე და ხატავდა… სულ ქართული სახეები იყო… ეს ნახატი იქაური მხატვრისაა და რაკი სანტორინია, შვილმა გამომიგზავნა. იქაურ დღეებს მახსენებს…
ამ სიბერეში  დავბრუნდი საქართველოში… მირჩევნია სამშობლოში დავიმარხო. უამრავი ლექსი დავწერე ემიგრაციაში, სიკვდილი მიახლოვდება და მეშინია, უპატრონოდ არ დამრჩეს ეს ყველაფერი… ძირითადად, სოფელში ვარ, ვწერ და ვფუსფუსებ, ყურძენი  დავწურე, მურაბები გავაკეთე… სოფელში სულ მიწაში მაქვს ხელები, ძალიან მიყვარს მიწა და მიხარია ჩემი მოყვანილი მოსავლის დაბინავება.