fbpx
ემიგრაციული სიახლეები

დაწვრილებითი ინფორმაცია თესალონიკში მოკლული ქართველი პაციენტის შესახებ

4 მაისის საღამოს საათებიდან ბერძნული მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკის „იპოკრატიოს“ საავადმყოფოში, 38 წლის ბერძენი მამაკაცის, ანგიოქირურგის მიერ მოკლული იქნა მისი ნაცნობი, 36 წლის პაციენტი ქალი, რის შემდეგაც მან გარდაცვლილის გვამი ხალკიდიკის რაიონის ზღვისპირა სოფელ პალიურიში (თესალონიკიდან 120 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) გადაიტანა და იქაურ მდინარეში ჩააგდო.

ყველაფერი დაიწყო 26 აპრილს, როდესაც ღამის საათებში, უბედური ქართველი ქალის და სამი შვილის დედის მეუღლემ, თესალონიკის თეთრი კოშკის პოლიციის განყოფილებაში ცოლის გაუჩინარების შესახებ განაცხადა.

პოლიციელებს მან უამბო, რომ მისმა მეუღლემ ზემოთხსენებულ საავადმყოფოს მიმართა ქვედა კიდურებზე არსებული ვენების ვარიკოზის გამო მიკროქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით და შემდეგ, უკან აღარ დაბრუნებულა. ასევე, ვერც მობილური ტელეფონის მეშვეობით დაკავშირებას ვერ ახერხებდა მასთან…

პოლიციამ მაშინვე საავადმყოფოს მიაკითხა და მოიძია ექიმი, რომელიც აღნიშნულ ოპერაციაზე იყო პასუხისმგებელი. ანგიოქირურგმა დასაწყისში ყველაფერი უარყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მას მიუთითეს, რომ პაციენტს იცნობდა და განაცხადა, რომ კი, გაუკეთა აღნიშნულ პაციენტს ოპერაცია, მაგრამ შემდეგ სახლში წავიდა და მის შესახებ აღარაფერი სმენია.

ვინაიდან, მისი ქცევა და მონაყოლი თავიდანვე წინააღმდეგობებს შეიცავდა, სამართლდამცავებმა საავადმყოფოს სათვალთავალო ვიდეოკამერების ჩანაწერი მოითხოვეს, საიდანაც აშკარად ჩანს, როგორ დებს გვამს ავტომანქანაში ანგიოქირურგი. შემდეგში, ის ხალკიდიკის მიმართულებით გაემართა, სადაც დაფიქსირებული იქნა სოფელ პალიურის მიდამოებში, მობილური სატელეფონო კავშირის ანტენის მონაცემების მეშვეობით. აღსანიშნავია, თვით ანგიოქირურგი, ფაქტების მოყვანამდე, უარყოფდა ხალკიდიკიში მოგზაურობას.

პოლიციის მიერ გადამოწმებული იქნა ანგიოქირურგის სატელეფონო კავშირებიც და დადგინდა, რომ მას მკვლელობამდეც ჰქონდა მსხვერპლთან სატელეფონო კონტაქტი. ექიმი, ვინაიდან მის მიმართ ოფიციალური ბრალდება არ იყო წარდგენილი, ათენში, ნეო ირაკლიოში, მშობლების სახლში დაბრუნდა, თუმც პოლიციას მასზე თვალთვალი არ შეუწყვეტია.

და ბოლოს, ხანგრძლივი ძიების შემდეგ, 36 წლის ქალის გვამი ნანახი იქნა 3 მაისს, აღნიშნული სოფლის მიდამოებში. ექიმი შეპყრობილი იქნა 4 მაისს, დილის საათებში, სათანადო ორდერის გაცემის შემდეგ და გადაყვანილი იქნა თესალონიკში, სადაც დღეს, 5 მაისს წარსდგება პროკურორის წინაშე

ამ მომენტამდე ანგიოქირურგი ახსნა-განმარტებებს არ იძლევა, ასე რომ, გაურკვეველია, რას ჰქონდა ადგილი – მოხდა რაიმე საექიმო შეცდომა, რის გამოც 36 წლის ქართველმა ქალმა სული განუტევა და ექიმმა, შეცდომის შეფარვის მიზნით, გადაწყვიტა გვამისგან „განთავისუფლება“ – ეს უცნობია, რადგან დროის იმ პერიოდში საოპერაციოში არც ანესთეზიოლოგი და არც ექთანი არ იმყოფებოდა. ყველაფერი ნათელი გახდება ანგიოქირურგის მიერ დანაშაულის აღიარების შემდეგ.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს ძალიან გაუჭირდა დასკვნების გაკეთება, გვამის გახრწნის მაღალი ხარისხის გამო და ამიტომ, ვერ მოხერხდა სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა. აღინიშნა ჩანაჭდევები და ჭრილობები ქვედა კიდურებზე, მაგრამ არ ჩანს რომელიმე, სიკვდილის გამომწვევი ღრმა ტრავმის კვალი. ექსპერტები მეტ ინფორმაციას ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევებიდან ელოდებიან. მანამდე, ჩანს, რომ პაციენტს გარდაცვალებამდე მიცემული ექნა რაღაც ანესთეზიოლოგიური საშუალება, მაგრამ არც საინექციო და არც ინტუბაციური გზით.

ერთადერთი, რაც უტყუარია და რასაც ვიდეოკამერების ჩანაწერებიც ადასტურებენ, გარდაცვალების დროა – 26 აპრილი, 17:45.