დავით ბაქრაძის შეხვედრა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტში

„საქართველო ყველა ინსტიტუტის დონეზე, იქნება ეს მთავრობა, თუ პარლამენტი, მუდმივად გრძნობს საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით“-განაცხადა ევროპულ და ევროტალანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საბერძნეთის რესპუბლიკის თავდაცვისა და საგარეო საკითხების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინოს დუზინასთან შეხვედრის დროს. შეხვედრა ქ.ათენში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში 27 ივნისს გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფაგლებში მიმდინარე რეფორმებსა და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებულ პროგრესს. კონსტანტინოს დუზინამ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაო და დაადასტურა საბერძნეთის ხელისუფლების სრული მხარდაჭერა სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.