ჩემოდნიანი ქალი ანუ შინ სტუმრად დაბრუნებული ემიგრანტი დედა.

გამარჯობა!

ალბათ ეს ყველაზე სწორი ფორმაა წერის დასაწყებად…

მეტი ვერაფერი მოვიფიქრე,

ისიც არ ვიცი საიდან დავიწყო,

ტკივილები გამოვხატო,

მონატრებები თუ

წინ გადადგმული ნაბიჯებით გამოწვეული სიხარულები…

ალბათ ბოლო ყველაფერს გადასწონიდა,

ღრმა მონატრებები რომ არ იყოს სულის ნაპრალებში ძლიერად გამჯდარი…

მე საკუთარ ქვეყანას, კონტინენტებით და ოკეანეებით გავცდი

სამსახურის კი არა, საკუთარი თავის საპოვნელად.

მარტო დარჩენილს ბევრი დრო მაქვს ფიქრისთვის

საკუთარი თავის რა მოგახსენოთ,

მაგრამ თითოეული ემიგრანტის

ემოცია და ცრემლი ვიპოვე,

შევაგროვე და

მომაქვს,

საკუთარ ბარგთან ერთად საკუთარ

ქვეყანაში,

საკუთარ ადამიანებთან

რომ ნახოთ,

რომ იგრძნოთ

რას განიცდიან ჩემნაირი ადამიანები,

თქვენნაირი ადამიანები,

სხვის მიწაზე,

სხვის სახლებში,

სხვისთვის მომუშავეები…

უვლიან სხვის ბავშვებს,

და სული ეწურებათ საკუთარი შვილიშვილების ნახვის სურვილით,

რომელსაც კომპიუტერის ეკრანებიდან ეფერებიან,

რომლებმაც მხოლოდ ის იციან რომ

იქ სადღაც,

საზღვრებს გარეთ ბებიები ცხოვრობენ,

რომლებიც ფულისთვის და საჩუქრებისთვის არიან წასულები….

ამდროს გაზულუქებული კაცები

ნეკათითზე გაზრდილი ფრჩხილით იჩხიკნიან კბილებში გაჩხერილ,

ცოლის გამოგზავნილი ფულით ნაყიდი ხორცის ნარჩენებს…

ან განსხვავებული სასმისით ცოლების სიყვარულის და ქალების პატივისცემის

სადღეგრძელოს სათუთად ჩაიქცევენ ხოლმე მუცელში…

კაი შეზარხოშებულები

მკერდსავსე და ხორციანი ქალების კაბისქვეშ ნაზად შეაცურებენ ხელს,

კაცია და ორგანიზმი თხოვს! რამოხდა მერე!

მთავარია იქ მისი ცოლი არავის აძლევს!

ხელები და მუხლები გადატყავებული აქვს იატაკების რეცხვით და

ყოველდღე ყელამდე ნეხვში მყოფი მოხუცების გამოწმენდა უწევს…

სამაგიეროდ ოჯახმა წელი წამოიდგა,

შვილები უმაღლესში ჩააბარებენ,

სარფიანად შექმნიან ოჯახებს და

გააჩენენ შვილებს,

რომლებსაც ბებია კომპიუტერის ეკრანიდამ მოეფერება

და

მეორე მოხუცის მოვლასაც შეითავსებს

რომ არაფერს მოაკლოს…

 

პარალელურად დასვენების დღეებში

სახლებს დაალაგებლადაც ივლის, რომ

შვილიშვილს დაბადებისდღე

ძვირიან ცენტრში გადაუხადოს…

ოპა,

შეცდომა!!

ბანკომატებს ემსგავსებიან მერე დედები,

ბებიები,

კარტაზე არარსებული თანხის შემთხვევაში რომ

გვარიან მუჯლუგუნს მიიღებენ…

აჰა,

და

ამდროს

უწევთ დივანზე ნებიერად წამოწოლილი ქმარის მშვიდი და გაწონასწორებული

დაპირებების მოსმენა,

კომპიუტერის ეკრანზე ყელამდე ცრემლებში დამხრჩვალ

საყვარელ მეუღლეს;

სიყვარულს რომ ეფიცება,

ცოტახანში სამსახურსაც იშოვნის,

სახლში დააბრუნებს და ცივ ნიავს არ მოაკარებს

აბაა 🙂

მთავარია ახლა გაუძლოს,

ოჯახს ჭირდება დედა-ბოძი!

 

მერე,

დაბერებული ხელებით,

დამჭკნარი,

უსიცოცხლო თვალებით,

თეთრ თმაზე ალაგ-ალაგ შერცენილი

თმის სარებავით,

დაბრუნდება სახლში,

საკუთარ ოჯახში

სტუმარივით იგრძნობს თავს და

ინატრებს

დაკარგულ დროს და

კარზე მომდგარი

სიკვდილის მოახლოებას,

რომ

მოსცილდეს

საკუთარ,

მაგრამ მისთვის უცხო ადამიანებს,

რომლებისთვისაც ის უსარგებლო

მოხუცია და მეტი არაფერი!

რა გაუკეთებია, რომ დაუფასონ?!

სხვისი ნეხვის წმენდა საქმე როდია,

როცა

ეს ნეხვი საკუტარ ოჯახში შეგაქვს!!

ჰოდა ვისწავლოთ,

ფულის კი არა

დედების სიყვარული…)))

დედის დაკოჟრილი ხელებით შემოტანილ ხურდა ფულზე

ფასეული არაფერია,

როცა ამ ფულს დედა საკუთარი ხელით გაწვდის და არა ბანკის ანგარიშით!წყარო