ბერძნული სალათა

საქართველოში ბერძნულ სალათას ეძახიან იმ სალათს, რომელსაც საბერძნეთში სოფლისას უწოდებენ, ანუ ეგრეთ წოდებულ “ხორიატიკი სალატას” (Χωριάτικη σαλάτα). მიუხედავად იმისა, რომ ეს სალათი სხვადასხვა ქვეყნის სოფლად მომზადებულ სალათს მოგაგონებთ, მას გააჩნია რამდენიმე ნიუანსი, რომლითაც საკმაოდ განსხვავდება მისი ანალოგებისაგან.
ნამდვილი ბერძნული სალათის შემადგენელი ნაწილებია: პომიდორი (არა “ჩერი” , არამედ ჩვეულებრივი პომიდორი), კიტრი, მწვანე ბულგარული, ხახვი, ზეთისხილი (უფრო ხშირად შავი), ორიგანი, ზეითუნის ზეთი, მარილი, ფეტა.
ფეტა შესაძლებელია ცალკე მოგართვან, მაგრამ უფრო ხშირად დიდ ნაჭრად ადებენ უკვე მზა სალათას, აყრიან ორიგანოს და ასხამენ ზეთს. ზოგ კუნძულსა თუ ნომში (რაიონში) შესაძლოა სალათს ამ პროდუქტების გარდა დაამატონ კაპერსები.


საყურადღებოა დაჭრის წესიც. პომიდორი იჭრება შემდეგნაირად: მას ჭრიან სიდიდის მიხედვით 6 ან 8 ნაჭრად და შემდეგ თითოეულ ლებნისმაგვარ ნაჭერს ჭრიან შუაზე. დანარჩენი ბოსტნეული ფართე რკალებად იჭრება. ყველაფერს ჯამში ან ღრმა თეფშზე ათავსებენ, ზემოდან ფეტას ადებენ, აყრიან ორიგანოს, ზეითუნის კაკლებს და ასხამენ ზეთს.
სალათთან ერთად გახუხულ პურს ან ბერძნული ორცხობილის (παξιμαδι) რომელიმე სახეობას მოგართმევენ.
რა თქმა უნდა ამ სალათის უამრავი ვარიაცია არსებობს თვით საბერძნეთშიც: ყველა კუთხეს, ყველა ცნობილ მზარეულს, თავისი შტრიხი შეაქვს მის მომზადებაში და კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.
თუმცა, სახელი “ბერძნული სალათა”, იმ ვერსიას უფრო შეეფერება, რომელიც ზემოთ აღვწერეთ.