ბერძნული მედია: 2016 წელს ბერძნების 1/3-ს გადასახადი არ დაუფარავს

2016 წელს ყოველ მესამე ბერძენს დაბალი შემოსავლის გამო გადასახადები არ დაუფარავს. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მონაცემები ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა.

ისმის კითხვა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია გადასახადების თავიდან არიდებასთან თუ ოჯახების მართლაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ვინაიდან ქვეყანა რამდენიმე წელია კრიზისს განიცდის.

გაზეთში აღნიშნულია, რომ 10-დან 9 ბერძენის შემოსავალი 20,000 ევროზე დაბალია, ხოლო გადამხდელთა 31,8% საერთოდ არ იხდის არცერთ გადასახადს.

2016 წელს შემოსავალი 74,2 მილიარდი ევრო დაფიქსირდა, შედარებით 2015 წელთან, როდესაც შემოსავალი 73,9 მილიარდ ევროს უდრიდა. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო შემოსავალი 1,1%-ით შემცირდა, გადასახადების გადახდამ 3%-ით მოიმატა.
საბერძნეთის მოქალაქეებმა 2016 წელს 8,2 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, 2015 წელს კი 7,8 მილიარდი. ამასთანავე, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით, მთლიანი შემოსავალი 400 მილიონი ევროთი გაიზარდა, ამის პარალელურად გაიზარდა გადასახადებიც.