fbpx
ემიგრაციული სიახლეები

“სატანისტები ვეგონეთ” – ბერძნული ჯგუფი Rotting Christ თბილისის აეროპორტში 12 საათი დაკავებული ჰყავდათ

ბერძნული მუსიკალური მეტალ-ჯგუფი Rotting Christ-ი Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ჯგუფის წევრები თბილისის აეროპორტში, 12 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

ჯგუფის სოლისტი სალის სტოკი განცხადებაში წერს, რომ ისინი საქართველოში 12 აპრილს ჩამოვიდნენ, საპასპორტო კონტროლის შემდეგ კი აეროპორტში ის და მისი ძმა პოლიციელებმა გააჩერეს და მალევე დამატებითი შეკითხვების დასასმელად აეროპორტის ერთ-ერთ ტერიტორიაზე წაყოლა სთხოვეს. ამასთან, სამართალმდაცველებმა მათ პასპორტი და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და საკანში ჩასვეს.

“როდესაც დაკავების მიზეზზე პასუხი მოვითხოვეთ, გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია “კონფიდენციალურია”. ჩვენმა ადვოკატებმა კი გაგვარკვიეს, რომ ჩვენ უშიშროების სამსახურის მიერ არასასურველი პირების სიაში ვიყავით შეყვანილები როგორც სატანისტები და ტერორიზმში ეჭვმიტანილები. ჩვენ დაკავებულები ვიყავით საკმაოდ ბინძურ საკანში, წინასწარი გაფრთხილებისა და ოფიციალური მიზეზის გარეშე. 12 საათის განმავლობაში არ გვქონდა უფლება გარესამყაროსთან, სამართლებრივ წარმომადგენელთან ან ჩვენ საელჩოსთან დაკავშირების.

საბედნიეროდ, ამ სიაში მხოლოდ ჯგუფის სოლისტის გვარი იყო და ბენდის ორმა წevრმა ადგილობრივ ორგანიზატორებთან ერთად ჩვენს გასათავისუფლებლად სამართლებრივი პროცედურები დაიწყეს. ადგილობრივი ორგaაიზატორების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, საქმეში ჩავრთეთ სამართლის მცოდნეები, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები და საბოლოოდ გაგვათავისუფლეს”, – წერია განცხადებაში. ჯგუფი დასძენს, რომ საბოლოოდ თბილისში კონცერტმა კარგად ჩაიარა.

ამასთან დაკავშირებით, imedinews-ს შსს-ში უთხრეს, რომ ჯგუფის წევრები დაკავებულნი არ ყოფილან, არამედ საბუთების შემოწმების მიზნით იყვნენ გაჩერებულები. ამასთან, შსს-ში ვერ დააკონკრეტეს, თუ რამდენი ხნის განმავლობაში დააყოვნეს ჯგუფის წევრები აეროპორტში.