ბერძნები – ყველაზე უკმაყოფილო ერი ევროპაში

გერმანული ელექტრონული გაზეთის WirtschaftsWoche-ის ცნობით, ბერძენი ერი ყველაზე მეტად უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით, ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით.

ანგარიში დაფუძნებულია ბერძენი მოქალაქეების გამოკითხვაზე, რომლებმაც გერმანიის ყოველწლიურ ღონისძიებაში “Atlas of Happiness”-ში მიიღეს მონაწილეობა.

“Atlas of Happiness 2018” (ბედნიერების ატლასი 2018), რომელიც 11 ოქტომბერს იქნება წარდგენილი ჰამბურგში, გვაცნობს, რომ “თავიანთი ცხოვრების კმაყოფილებით, ბერძნები ბოლო ადგილზე არიან ევროპაში. მათზე ღარიბი ქვეყანა, ალბანეთიც კი, საბერძნეთზე წინ დგას სიაში,” – ნათქვამია მოხსენებაში და ასევე აღნიშნულია, რომ “კრიზისმა ქვეყანას თავისი ნაკვალევი დაამჩნია.”

WirtschaftsWoche-ის ჟურნალისტი ესაუბრა ათენის კაპოდისტრიის ეროვნული უნივერსიტეტის ლექტორს, ეკონომისტ სტავროს დრაკოპულოს, რომელმაც სამეცნიერო კვლევა ჩაატარა საკითხზე, თუ რა გავლენა იქონია ეკონომიკურმა კრიზისმა მისი თანამემამულეების ბედნიერებაზე.

ბერძენი პროფესორის განცხადებით, “ქვეყანაში მშპ-ს და უმუშევრობის დონე გადამწყვეტ ფაქტორებს წარმოადგენს მოქალაქეთა ბედნიერებისა და კმაყოფილების განსაზღვრისთვის. ეკონომიკური მაჩვენებლების სწრაფი გაუარესება, განვითარებულ ქვეყნებში, იშვიათი ფენომენია. ეს სიტუაცია შეიძლება შევადაროთ მდგომარეობას, როდესაც ქვეყანა ომს აწარმოებს და მის შედეგად, დიდ ეკონომიკურ ზარალს განიცდის.”

გარდა ამისა, პროფესორმა დაამატა, რომ “ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის შემცირებისა და უმუშევრობის ზრდის გარდა, კორუფცია არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმისა, რომ ბერძნები თავიანთი ცხოვრებით უკმაყოფილო არიან.”

“ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც ეფექტური იქნება, გადასახადების გადაუხდელობის დაძლევაა. კორუფცია ამცირებს ბედნიერების შეგრძნებას. რადგან გადასახადებისგან თავის არიდება კორუფციის მნიშვნელოვანი ნაწილია, იმის გააზრება, რომ გადასახადის გადახდა აუცილებელია, მნიშვნელოვნად დადებით გავლენას მოახდენს ბედნიერების განცდაზე,” -აღნიშნა პროფესორმა.

melano

ტესტ