ბერძენმა ბიზნესმენმა ორგანიზაციას ”ბავშვის ღიმილი” ENFIA გადაუხადა – 70,000 ევროზე მეტი

რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციამ ”ბავშვის ღიმილი” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ხელმძღვანელობა აღნიშნავდა, რომ გადასახდელი ჰქონდათ ქონებრივი გადასახადი (ENFIA). ეს თანხა კი 70,335.24 ევროს უდრიდა.

უამრავი მცდელობისა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების მიუხედავად, დაპირებები დაპირებებად რჩებოდა. საბოლოო ჯამში ორგანიზაციას გადასახადის გადახდა ყოველწლიურად უწევდა და ბრძოლა გრძელდებოდა. გუშინ, 1 სექტემბერს კი მათ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს, რომ მთლიანი თანხა ბერძენმა სასტუმროების მფლობელმა დიმიტრის ნიკოლუზოსმა დაფარა, რომელიც კუნძულ სანტორინზე მოღვაწეობს. ის დაუკავშირდა ორგანიზაციას და შეატყობინა, რომ ENFIA-ს 70,335.24 ევროს ოდენობით, ის გადაიხდიდა.

ორგანიზაცია აღფრთოვანებით შეხვდა შეთავაზებას. ისინი აპროტესტებენ მთავრობის მიერ დაწესებულ გადასახადს, რომელიც სრულიად არ შეესაბამება მდგომარეობას, რომელიც ამჟამად საბერძნეთშია შექმნილი.

შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ბავშვებსა და მათ ოჯახებს, აწყობს სხვადასხვა აქტივობებს მათ მხარდასაჭერად. ისინი ასევე თანამშრომლობენ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ დაკარგულ და ქუჩაში მცხოვრების ბავშვების შემთხვევებზე.