ბავშვს რომ გრიპი ხელმეორედ არ შეხვდეს.

ვირუსული ინფექციის გავრცელების პიკის პერიოდში უამრავი ბავშვი დაავადდა გრიპითა და ვირუსული ინფექციით. მათი იმუნიტეტი დასუსტებულია და მშობელი ყურადღებით უნდა იყოს, რომ შვილი მეორედ არ გაუხდეს ავად. ამისთვის კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი.

მარტის ბოლომდე ვისურუსის შეყრის ან გაციების საშიშროება კიდევ არსებობს, მაგრამ მის დასამარცხებლად აფთიაქში ძვირად ღირებული მედიკამენტის საყიდლად ნუ გაიქცევით, ჯერ ჩვენს რჩევებს გაეცანით.
პირველ რიგში აკონტროლეთ ბავშვის კვება. მისი რაციონი გამდიდრებული უნდა იყოს სეზონური ხილითა და ბოსტნეულით. ვაშლი, ბანანი, ბროწეული, ციტრუსები, კივი, სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ტკბილი

წიწაკა, მწვანილი _ აი, იმ ხელმისაწვდომი პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებსაც ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერება შეუძლიათ. ხოლო, თუ თქვენს შვილს მწვანე ხახვი უყვარს, ცოცხალი სახით დაუმატეთ სალათებსა და წვნიანებში. სკოლაში წასახემსებლად აუცილებლად გაატანეთ მანდარინი, ვაშლი და ფორთოხალი. არ დაივიწყოთ ჩირებიც. ისინი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით.

გაცდენილი გაკვეთილების აღსადგენად ბავშვებს ისედაც გადატვირთული რეჟიმის დამძიმება უწევთ. ამიტომ, წესად აქციეთ, სკოლის შემდეგ ბავშვმა უნდა დაისვენოს, დაიძინოს. ეს ორგანიზმს ჰორმონ მელატონინის გამომუშავებაში დაეხმარება. რაც ენერგიის აღდგენის საუკეთესო საშუალებაა. ასე, რომ წყანარი საათი წესად აქციეთ.
ვირუსებისგან დასაცავად გამოიყენეთ ეთერზეთები. ბავშვისთვის გულზე დასაკიდად შეკერეთ პატარა ბალიში, რომელსაც ევკალიპტის, კედარის ან პიტნის ეთერზეთს დააწვეთებს. ასეთი არომაბალიში არ ჩანს, სამაგიეროდ, საუკეთესოდ იგერიებს ვირუსებს.

ძილის წინ ბავშვს არომატული აბაზანა მოუმზადეთ. თბილ წყალში ლიმონის, სალბის ან ღვიის რამდენიმე წვეთი ჩაასხით. შეგიძლიათ ზღვის მარილიც გამოიყენოთ. ან უკვე აბაზანის მზა არომატული ზეთები შეიძინოთ, რომლებიც ინფექციებს ებრძვიან და ორგანიზმის დამცავ ძალებს აძლიერებენ.

(c) „ნიუსრუმი“