fbpx
ემიგრაციული სიახლეებიკრიმინალი

“ასეთი ხიდიდან შემთხვევით არავინ ვარდება” – რა გახდა თურქეთში ქართველის გარდაცვალების მიზეზი?!

თურქეთში ქართველი, 36 წლის ბუნა ხოტოველი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ირკვევა, ის 6 ივნისს ამერიკული დიასპორის მიწვევით, ტაილანდში გაემგზავრა სემინარზე, საიდანაც დედას რამდენჯერმე დაუკავშირდა, მათ შორის, გამომგზავრების ჟამსაც: უთხრა, რომ სემინარის მონაწილეები სახლებში ბრუნდებოდნენ და ისიც, რომ თურქეთის გავლით ჩავიდოდა ქუთაისში. თურქეთიდან ბუნამ დედას კიდევ ერთხელ დაურეკა და აცნობა, რომ გამოძინება სჭირდებოდა და ამიტომ 2 დღეს გაჩერდებოდა სტამბოლში.

ახალგაზრდა კაცი თურქეთიდან შინ აღარ დაბრუნებულა…

რას წერს თურქული მედია?!

მომხდარს ადგილობრივი მედია აქტიურად ეხმაურება. თურქული საინფორმაციო წყაროების გავრცელებული ინფორმაციით, მართალია საქმე თვითმკვლელობის მუხლით არის აღძრული, მაგრამ მკვლელობის ვერსიაც განიხილება. ბუნა ხოტოველი სტამბოლში, ესტაკადის ხიდიდან არის გადავარდნილი, რომელიც სამანქანე გვირაბის თავზე მდებარეობს. ერთ-ერთი ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველის ტანსაცმლის ნაწილი მიმდებარედ, გვირაბში ნახეს.

სტამბოლში მცხოვრები ემიგრანტი ქართველი:
– საუბედუროდ, თურქეთში ქართველების გარდაცვალების ინფორმაციები ხშირად ქვეყნდება. ბუნა ხოტოველი გარდაცვლილი ღია სივრცეში ნახეს. ის ესტაკადიდან დაახლოებით, 10 მეტრის სიმაღლიდანაა გადავარდნილი. ეს სამანქანე ხიდია, რომელიც მყარი და მაღალმოაჯირიანი ნაგებობაა. ასეთი ხიდიდან შემთხვევით არავინ ვარდება.

თურქული მედიის ცნობით, ხიდიდან ჩამოვარდნილი ბუნა ხოტოველის ცხედარი ბენზინგასამართ სადგურზე მყოფმა მუშამ ნახა, რომელმაც მომხდარის თაობაზე პოლიციას აცნობა. მისი თქმით, ის შეეცადა დახმარებოდა მიწაზე მწოლ ადამიანს, გაუსინჯა პულსი, თუმცა მას გული უკვე აღარ უცემდა.

რას ამბობენ ახლობლები და მეგობრები?
მეგობრების თქმით, ბუნა ხალისიანი ბუნების, კეთილშობილი ადამიანი იყო. მათთვის თვითმკვლელობის ვერსია ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელია.

გარდაცვლილი ქუთაისში ხანშიშესულ დედასთან ერთად ცხოვრობოდა.

ნათელა ხოტოველი:
“მითხრა, ორი დღე გამოვიძინებ, გადაღლილი ვარო. კვირას ღამის სამ საათზე დამირეკა, – როგორ ხარო? მითხრა, რომ თურქეთში სასტუმრო “კონრადში” იყო. მე დაგირეკავ შენ არ დამირეკოო, – მითხრა. როგორც ჩანს, რაღაც პრობლემა ჰქონდა და არ გამიმხილა. რა მოხდა არ ვიცი, მერე ვურეკავდი და არ მიპასუხა. ბოლოს ვიღაც კაცმა აიღო, თურქულად მელაპარაკებოდა. როცა ჩემი შვილი მოვიკითხე, მითხრა მისი ჩანთა გვაქვს სასტუმროში და თვითონ არ მოსულაო”.

მან ერთ-ერთი ინტერვიუსას, 20 წლის წინანდელი დანაშაული გაიხსენა, როდესაც დედა-შვილი გაქურდეს, დანაშაული კი ვერ გაიხსნა. მისი თქმით, ბუნა დამნაშავეებს ბოლო დრომდე ეძებდა.


ბუნა ხოტოველის მეგობარი:

– ბუნას გარდაცვალება ახლობლებისთვის შოკია.

– რას საქმიანობდა?

– საკუთარი, პატარა ბიზნესი ჰქონდა და არა მგონია, მას ამ ბიზნესში რაიმე პრობლემები ჰქონოდა, თუმცა მეზობელთან ნამდვილად ჰქონდა პრობლემები, თანაც სერიოზული. მის ოჯახს მრავალწლიანი ქონებრივი დავა ჰქონდა მეზობელთან. ბუნა ცდილობდა, ეს დავა კანონიერად მოეგვარებინა.

პროკურატურასაც რამდენჯერმე მიმართეს ამის გამო ბუნამ და დედამისმა. – ბუნას არაჩვეულებრევი დედა ჰყავს, მთელი გულით ვუთანაგრძნობ ამ უბედურებას. როგორც ვიცი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მეზობელთან დავა კვლავ დავად დარჩა და უფრომეტად გამწვავდა, რამდენიმე ხნის წინ მეზობელმა ბუნას სახლის ჭიშკარი და თავად სახლი იარაღით დაცხრილა.

ახლა კი ბუნაც დაიღუპა. ერთადერთი სურვილი გვაქვს, რომ ბუნას საეჭვო გარდაცვალება ობიექტურად გამოიძიონ.

onalem

ტესტ