fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაზოგადოება

არალეგალებისგან შეწუხებული გერმანია: სამი ათასი ევრო მათ, ვინც საქართველოში დაბრუნდება

გერმანია მზადაა, საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისთვის თანხა გადაუხადოს.

გერმანიის მთავრობა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებენ პროგრამას REAG/GARP, რომელიც არალეგალებს, მათ შორის საქართველოდან, სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თებერვლის დასაწყისში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა არ გამორიცხა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თუ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია შეშფოთებულია კრიმინალის ზრდის გამო.

გერმანიის შსს-ს 2017 წლის იანვრის მონაცემებით, ამ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველოს მოქალაქეები მეშვიდე ადგილზე არიან. მხოლოდ 2018 წლის იანვარში გერმანიას თავშესაფრის თხოვნით მიმართა 632-მა ადამიანმა, ხოლო ერთი თვის წინ — 672-მა.

“ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს პროგრამა აძლევს საშუალებას თავად განსაზღვრონ დაბრუნების თარიღი და დაგეგმონ გამგზავრებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები. ისინი მგზავრობენ დამოუკიდებლად და ოფიციალური უწყების წარმომადგენელი თანმხლები პირის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მგზავრობის დროს მათ გაეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ასევე უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო პერსონალის თანხლება”, — ნათქვამია განცხადებაში.

პროგრამის მიხედვით, აღნიშნული მხარდაჭერა ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვინც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 2017 წლის 27 მარტამდე შევიდა და რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე გერმანიაში, მაგრამ არ გასულა მათთვის ქვეყნის დატოვებისთვის შესაბამისი უწყების მიერ მიცემული ვადები; ან პირებს, რომელთა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განხილვის პროცესი არ დასრულებულა და ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც დაუკმაყოფილდათ ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ნებაყოფლობით სურთ საქართველოში დაბრუნება.

ამასთან ერთად, აღნიშნულ პირებს შეუძლიათ მიიღონ დამატებით 3000 ევრომდე თანხა სამშობლოში საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად, ქირავნობის დასაფარად, სამშენებლო ან სარემონტო მიზნებისთვის და ა.შ.

სრული ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების პირობების თაობაზე განთავსებულია ვებ-გვერდზე returningfromgermany.de.

პროგრამით 2016 წლიდან უკვე ისარგებლა სხვადასხვა ქვეყნის 54 ათასმა წარმომადგენელმა.

წინადადებაზე დათანხმებისკენ ქართველ არალეგალებს მოუწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემაც.

“იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება კონკრეტული შედეგის მომტანი ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ სამშობლოში დაბრუნება. მოვუწოდებ, ამ შესაძლებლობით ისარგებლონ”, — განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართა კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება. გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრებაც, რადგან ზოგიერთი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გადადის ნათესავის გვარზე და შემდეგ ისევ ევროკავშირის ქვეყნებში ბრუნდება.

საქართველოს შსს ასევე აპირებს პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის გაღრმავებას, განსაკუთრებით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. საპოლიციო ატაშეების ინსტიტუტის მეტი აქტიურობისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი ევროკავშირის ქვეყნებს ეწვევა.

მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარებასაც აპირებს, რომლის მიზანი იქნება მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რა საფრთხეებს უკავშირდება სავიზო რეჟიმის დარღვევა და ასევე რა მოჰყვება ამ დარღვევებს, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით.

 

onalem

ტესტ