27-28 მაისს დიასპორის ფორუმი გაიმართება

27 მაისს დიასპორის დღე აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც, 27-28 მაისს დიასპორის ფორუმი გაიმართება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, 100 წლის საიუბილეო თარიღს საზეიმოდ აღნიშნავს ქართული დიასპორა საზღვარგარეთ, სადაც დიასპორული ორგანიზაციებისა და საქართველოს საელჩოების ჩართულობით, ასევე იგეგმება 100-ზე მეტი სხვადასხვა ღონისძიება.

„თბილისში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ვუმასპინძლებთ ისტორიული დიასპორის შთამომავლებს, დაგეგმილია მათი მონაწილეობა 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში, ასევე შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების, სამეცნიერო და კულტურული წრეების წარმომადგენლებთან, დიასპორის წარმომადგენლები დაათვალიერებენ ისტორიულ ადგილებს. 27 მაისს აღინიშნება დიასპორის დღე, რომლის ფარგლებშიც 27-28 მაისს გაიმართება დიასპორის ფორუმი, ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 300-მდე დიაპორის წარმომადგენელი ეწვევა“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.