27-წლიანი დავა დასრულდა – საბერძნეთი და მაკედონია მაკედონიის ახალ სახელზე შეთანხმდნენ

როგორც BBC წერს, საბერძნეთმა შეთანხმებას მიაღწია თავის ჩრდილოელ მეზობელთან, რომელმაც იუგოსლავდიიდან გამოყოფის შემდეგ, 27 წლის წინ, მაკედონია დაირქვა. სწორედ 27 წელი გრძელდებოდა სახელთან დაკავშირებული დავა. საბერძნეთი მიიჩნევდა, რომ ახლად წარმოქმნილ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონოდა მისი ჩრდილოეთ რეგიონის, მაკედონიის, სახელწოდება და ეს იწვევდა ბევრ გაურკვევლობას.

საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამიერიდან მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა დაერქმევა, რაც მაკედონიურად ჟღერს როგორც Severna Makedonija.

სახელთან დაკავშირებული დავის გამო, წლების განმავლობაში საბერძნეთი ბლოკავდა მაკედონიის გაწევრებას ევროკავშირსა და ნატოში. ფორმალური შეთანხმების შემდეგ აუცილებელია, რომ ცვლილებას მხარი დაუჭიროს როგორც საბერძნეთის პარლამენტმა, ისე – მაკედონიელმა ხალხმა.

BBC-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც 1991 წელს იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილმა სახელმწიფომ მაკედონია დაირქვა, ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ ამით ისინი გარკვეულ ტერიტორიულ პრეტენზიას გამოთქვამდნენ საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონ მაკედონიაზე, სადაც მდებარეობს ქალაქი სალონიკი. გარდა ამისა, დავა ნაწილობრიკვ უკავშირდება ალქესანდრე დიდს, იგივე ალექსანდრე მაკედონელს, რომელიც იყო ცნობილი ბერძენი მმართველი. 1991 წელს წარმოქმნილმა სახელმწიფომ, მაკედონიის დარქმევის გარდა, დედაქალაქ სკოპიეს მთავარ საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე დიდის სახელი უწოდა.

საბერძნეთთან მოლაპარაკებების შემდეგ მაკედონიის ხელისუფლებამ სკოპიეს აეროპორტს სახელი შეუცვალა და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტი უწოდა, ალექსანდრე მაკედონელის გამზირს კი, უბრალოდ, მეგობრობის გამზირი.