fbpx
კატეგორიის გარეშე

უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაშიც შეეძლებათ

„მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღება უნდა გამარტივდეს. გარდა ამისა, ჩვენს თანამემამულეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის აღებისას, გარკვეული წინაპირობების გათვალისწინებით, შეუნარჩუნდეთ საქართველოს მოქალაქეობა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ განუცხადა.

ბრეგაძის თქმით, ქართულ დიასპორაში საზღვარგარეთ უკვე საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ დიასპორასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივებასთან და ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით.

„როგორც იცით, საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სრულად ამოქმედდება, კონსტიტუციაში პირველად გაჩნდა ტერმინი თანამემამულე და სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. კიდევ ერთი ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ კონსტიტუტუციიდან ამოღებულ იქნა ორმაგი მოქალაქეობის კონსტიტუციური აკრძალვა. ამ ცვლილების იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს პარლამენტთან მუშაობს შესაბამისი ჯგუფი, რომელმაც „მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები უნდა მოამზადოს. შედეგად, გარკვეულწილად უნდა გამარტივდეს მოქალაქეობის აღება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის. გარდა ამისა, ჩვენს თანამემამულეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, აიღონ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა და ამავდროულად, გარკვეული წინაპირობების გათვალისწინებით, შეუნარჩუნდეთ საქართველოს მოქალაქეობა. ეს არის დაგეგმილი ცვლილებების ძირითადი არსი, რომელიც ბუნებრივია, პარლამენტში მსჯელობის საგანი გახდება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

რაც შეეხება იმას, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ შეუნარჩუნდებათ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა თანამემამულეებს, ბრეგაძე აცხადებს, რომ ყველა ქვეყანას თავისი რეგულაციები აქვს – ზოგი სახელმწიფო უშვებს ორი ან მეტი ქვეყნის მოქალაქეობას, ზოგისთვის ეს კატეგორიულად დაუშვებელია.

რაც შეეხება ქართული ენის სწავლებას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთის, რატი ბრეგაძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო წელს ახორციელებს საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროექტს, რომლის ფარგლებშიც, განათლების სამინისტროსთან თანამშომლობით, უკვე შექმნილია სპეციალური პროგრამა საკვირაო სკოლებისთვის.

„გარდა ამისა, ჩვენ პირველად დავიწყეთ სახელმძღვანელოს მომზადება, რომელიც იქნება უნიკალური საკვირაო სკოლებისთვის. მომზადდა სპეციალური პროგრამა საკვირაო სკოლებისთვის და ამის მიხედვით მზადდება სამდონიანი ინტეგრირებული სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც ბავშვები საკვირაო სკოლებში შეძლებენ შეისწავლონ ქართული ენა და ამასთან ერთად, ისტორია, გეოგრაფია და კულტურა. სამივე წიგნის სრული კომპლექტი მზად იქნება 20 აგვისტოსთვის, სექტემბერ-ოქტომბერში კი ჩვენ ვგეგმავთ მასწავლებლების გადამზადებას ამ სახელმძღვანელოების მიხედვით. შედეგად, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება ის პრობლემა, რაც არსებობდა საკვირაო სკოლებთან დაკავშირებით თემატურ ნაწილში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.