ხადაში ამერიკელების მკვლელობის მიზეზად მწყემსი შელაპარაკებას ასახელებს

„მთის ამბების“ ინფორმაციით, ხადის ხეობაში, ამერიკის მოქალაქეების რაიან და ლორა სმიტების მკვლელობის საქმეზე დაკავებული 19 წლის მწყემსი, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მკვლელობის მიზეზად, რაიან სმიტთან მომხდარ შელაპარაკებას ასახელებს.

მწყემსის თქმით, ამერიკელი ცოლ-ქმარი ბავშვთან ერთად ჩანჩქერამდე ნამდვილად მიაცილა, ისინი ჩანჩქერთან ფოტოს იღებდნენ, რა დროსაც ლორა სმიტს დაეხმარა, რომ სიმაღლიდან არ გადავარდნილიყო, რასაც რაიან სმიტსა და მას შორის შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ჯერ მამაკაცი მოკლა და შემდეგ ქალი. მწყემსის განმარტებით, ბავშვი ტიროდა და იძულებული გახდა ისიც მოეკლა, მერე კი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბავშვის ცხედარი იქვე დამარხა.

როგორც „მთის ამბებს“ ხადის ხეობაში მცხოვრებმა ანზორ ბედოიძემ უთხრა, თავისი სახლიდან ხედავდა, რომ სოფელ წკერესთან ახლოს ტურისტები კარავში 4 ივლისიდან იყვნენ დაბანაკებული. „ღამით შუქიც ენთოთ, ორ ადამიანს ვხედავდი, კარგად ჩანს ჩემი სახლიდან. 6 ივლისს, საღამოს შუქი აღარ ენთო. წკერეში მეგობარს დავურეკე, ევაკუატორია მისული და მანქანა მიაქვთ, ჩადი ერთი ნახე, რამე ხომ არ უჭირთ მეთქი. მერე გაირკვა, რომ დაკარგულები იყვნენ და ქალის ცხედარი იმავე დღეს იპოვეს მაშველებმა“, – აღნიშნა ანზორ ბედოიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „112“-ში 6 ივლისს შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის, რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადის ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. იქვე ახლოს იპოვეს მათი კუთვნილი ნივთებიც, ჩანთაც და ფულიც. მაშველები ბავშვს 3 დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 ივლისს, საღამოს გავრცელებულ ოფიაციალურ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

8 ივლისს, სააგენტო „რეგინფომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები, შესაძლოა, მოკლულები იყვნენ.

როგორც ხადის ხეობის მცხოვრებლებმა „მთის ამბებს“ უთხრეს, მამაკაცის ცხედარს, რომელიც მაშველებმა ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, დაზიანებები აღენიშნებოდა. „მთის ამბებმა“ გამოარკვია, რომ ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც სოფელ წკერესთან ახლოს, კარავში იყვნენ დაბანაკებული, ჩანჩქერთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე 19 წლის მწყემსმა მიაცილა, რომელიც ხადის მცხოვრები არ არის. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა ქალის მიმართ ძალადობა გამხდარიყო, რასაც მისი ქმარი შეეწინააღმდეგა.

8 ივლისს, გვიან ღამით ხადის ხეობაში 4 წლის ბავშვის ცხედარიც იპოვეს. ცხედარი დამარხული იყო. როგორც ადგილობრივებმა „მთის ამბებს“ განუცხადეს, ცხედრის ადგილსამყოფელი პოლიციას მკვლელობაში ბრალდებულმა მწყემსმა მიუთითა.

19 წლის მწყემსი, გვარად კ-რი, რომელიც ადგილობრივი არ არის, დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ხადის ხეობაში მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება.