საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეგულაციების გაუქმების პროცედურა, შესაძლოა, მომდევნო კვირაში დაიწყოს

საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეგულაციების გაუქმების პროცედურა, შესაძლოა, მომდევნო კვირაში დაიწყოს – ინფორმაციას პოლიტიკოსებზე, არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე დაყრდნობით „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედს“ დაუდასტურა სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, რომელიც ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ამბობს, რომ მარტის დასაწყისში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა გაიგზავნება ევროპარლამენტში.

„ამის შემდგომ ევროპარლამენტი განიხილავს აღნიშნულ საკითხს და ევროკავშირის საბჭოზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით ძალაში შევა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა,“ – ამბობს ბაქრაძე.

მსგავსი ინფორმაცია აქვს ლევან ბერძენიშვილსაც :

„სრულიად შესაძლებელია, რომ თუ მომავალ კვირაში ეს მოხდა, როგორც გვაქვს ინფორმაცია ევროპის პარლამენტიდან, შეიძლება მოესწროს ივნისამდე,უკიდურეს შემთხვევაში – სექტემბრამდე.

უვიზო მიმოსვლის პირობებში ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება დაჯდეს თვითმფრინავში და აღმოჩნდეს კარგ ქვეყანაში და დამთავრდება ეს ძველი ნოსტალგია 37 მანეთიან მოსკოვზე. ვის ახსოვს 37 მანეთიანი მოსკოვი როდესაც 37 ევროიანი ბერლინი, მილანი და ევროპის ქალაქები გაიხსნება,“ – ამბობს დეპუტატი.