ზვიად კვაჭანტირაძე უცხოეთში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმული თანამემამულეებისთვის საქართველოში პანსიონატების შექმნის ინიციატივით გამოდის

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, სახელწიფოს პოლიტიკა მიზნად იმ ემიგრანტების სამშობლოში ღირსეულ დაბრუნებას უნდა ისახავდეს, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს.

ზვიად კვაჭანტირაძემ ემიგრანტების თაობაზე პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამა ვიწრო სოციალური პროექტია და არსებული ბიუჯეტის ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა პროგრამა ძირითადად დაბრუნებულ ემიგრანტთა სოციალურ მიზნებს ემსახურება, რაც საკმარისი არ არის.

დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული პროგრამა ყველა არსებულ გამოწვევას ვერ წვდება და მისი გაძლიერებაა საჭირო.

“სახელწიფოს პოლიტიკა მიზნად იმ ემიგრანტების სამშობლოში ღირსეულ დაბრუნებას უნდა ისახავდეს, ვისაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს. ჩვენი ქვეყნისთვის მათი დაბრუნება დიდი ბედნიერება იქნება.

კომიტეტი წინადადებით გამოდის, პროგრამის ფორმატი, მოცულობა გაიზარდოს. შესაბამისად, მისი საბიუჯეტო დაფინანსება. იმისათვის, რომ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა უფრო მიმზიდველი გახდეს, საჭიროა, სრულად გადაიხედოს და მისი დივერსიფიკაცია მოხდეს“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, ზვიად კვაჭანტირაძე უცხოეთში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმული თანამემამულეებისთვის საქართველოში პანსიონატების შექმნის ინიციატივითაც გამოდის.

„რეინტეგრაციის არსებული სახელმწიფო პროგრამა ემიგრაციაში მყოფ იმ მარტოხელა ხანდაზმულ თანამემამულეებს არ მოიცავს, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ საქართველოში არც საკუთრება გააჩნიათ და არც ახლო ნათესავები ჰყავთ.

სახელმწიფო ვალდებულია, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს მარტოხელა ხანდაზმული ემიგრანტების ამ კატეგორიაზე, რომელთათვისაც სამშობლოში საბოლოოდ დაბრუნება ოცნებად იქცა. მათთვის პანსიონატები აუცილებლად უნდა აშენდეს.

ამისთვის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ და ეს ამოცანა ღირსეულად და წარმატებით გადავწყვიტოთ. ხანდაზმულ ემიგრანტთა სამშობლოში ღირსეული დაბრუნება ქართული სახელმწიფოს დიდი მიღწევა იქნება“, – ამბობს კვაჭანტირაძე.